ნიკა ჩიტაძე: საქართველოს საიმედო პარტნიორი უნდა ჰყავდეს, რაც აიძულებს რუსეთს აგრესიულ განზრახვებზე ხელი აიღოს

2013.06.07 ავტორი: თეონა გიგაური

„არ გვინდა ნატო“, „შეწყვიტეთ ჩვენი ბიჭების სასაკლაოზე გაგზავნა!“ - ამ მოთხოვნით დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე ყოფილი პოლიტპატიმრები და უბრალო მოქალაქეები შეიკრიბნენ. თუ ამ დრომდე ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობა-არმონაწილეობასა და ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ ერთეული პიროვნებები გამოდიოდნენ, ავღანეთში კიდევ 7 ქართველი სამხედროს გარდაცვალების შემდეგ, საზოგადოებაში საკითხზე მსჯელობამ უკვე მასშტაბური ხასიათი მიიღო. 

საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე TSpress-თან ინტერვიუში საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მის მნიშნელობაზე საუბრობს.

 

ნიკა ჩიტაძე: - საქართველო, რომელსაც ნატოში ინტეგრაცია და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება სურს, მათ წინაშე თავს წარმოადგნეს, როგორც საიმედო პარტნიორს. ამით, ქვეყანა ამტკიცებს, რომ ნატოს წევრობით სურს იყოს უსაფრთხოების არამხოლოდ მიმღები (ნატოს წესდების მე-5 მუხლი - კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა, - რედ.), არამედ, იყოს კონტრიბიუტორი, ანუ გარკვეული სარგებლის გამცემი (ნატოს წესდების მე-10 მუხლი - ალიანსის წევრი შეიძლება გახდეს ქვეყანა, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, - რედ.).

 

ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანა ISAF-ის მისიას წარმატებით ასრულებს და ქართველი ვაჟკაცების თავდადება ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს ძალუძს ნატოს სტანდარტები დააკმაყოფილოს და ევროატლანტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

 

გარდა ამისა, ბუნებრივია, ISAF-ის მისიაში მონაწილეობა ქართველი სამხედროების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს, რაც დადებითად აისახება საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე.


TS: პარლამენტის სპიკერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „თუ ჩვენ უარს ვიტყვით ნატოზე, რუსეთი უბრალოდ მიითვისებს მთელ დანარჩენ ტერიტორიებს“. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

 

ნ.ჩ.: რუსეთის აგრესიული მიზნების დაბალანსების მიზნით საჭიროა, საქართველომ ძალთა ბალანსის პოლიტიკა აწარმოოს. ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვა აიძულებს რუსეთს ხელი აიღოს გარკვეულ აგრესიულ განზრახვებზე.

 

პრობლემაა არა მხოლოდ ის, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, არამედ ისიც, რომ რუსეთი მთლიანად საქართველოს სახელმწიფოებრიობას ებრძვის, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების სათავეში.

 

აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან მაქსიმალური დაახლოება, რათა საქართველოს საიმედო პარტნიორი ჰყავდეს და მეორე მხრივ, რუსეთი იძულებული იყოს ანგარიში გაუწიოს არსებულ რეალობას.

 

ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამაც რუსეთის მიმართულებით გარკვეული კომპრომისული ნაბიჯები გადადგა, სამწუხაროდ, საპასუხო ნაბიჯები ოფიციალური მოსკოვის მხრიდან კვლავ დესტრუქციულია. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ რუსეთი პირველ რიგში ქართულ სახელმწიფოს ებრძვის და არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას.


TS: რუსი სამხედროების მიერ დვანთან და დიცთან ე.წ. საზღვრის გადმოწევის შესახებ ნატოს გენ-მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საკმაოდ თავშეკავებული პოზიცია დაიჭირა. მან, ნატოს სახელით, სთხოვა რუსეთს, დაიცვას საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები...

 

ნ.ჩ.: რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ ნატოს მხარდაჭერით, მაგრამ მგონია, რომ უფრო დიდი შეშფოთების საგანი უნდა გახდეს რუსეთის აგრესიული ქმედება. დასავლეთის პოზიცია, რა თქმა უნდა, უფრო მკაცრი უნდა იყოს. თუმცა, იმისათვის, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი იყოს, ავღანეთში მონაწილობა არ არის ერთადერთი წინაპირობა. საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. თუნდაც იმიტომ, რომ ნატოს ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისა და მაპის მინიჭების ეწინააღმდეგებიან, უარის ნაკლები საფუძველი ჰქონდეთ.

 

ერთია, უსაფრთხოების თვალსაზრისით თანამშრომლობა, მაგრამ მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი. ეს არის საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც ეფუძვნება საერთო ღირებულებებს, რაც დაკავშირებულია დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასთან და ა.შ. ნატო არის დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება. ამიტომ, რაც უფრო დემოკრატიული იქნება საქართველო, ჩემი აზრით, მით მეტი ხისტი განცხადებები გაკეთდება რუსეთის მისამართით. მათ შორის ნატოს გენ-მდივნისა და სხვა ოფიციალუი პირების მხრიდან.


TS: აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თქვენი აზრით, ამ პირობებში რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერისა და ყურადღების მოსაპოვებლად?

 

ნ.ჩ.: - ამ საქმეში დიპლომატიური კორპუსი მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული. როგორც ვიცი, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით დღეს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი ჩავიდა. ეს მეტად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ყველაფერი ეცნობოს.

 

მეორე მხრივ, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული პოლიცია უნდა განთავსდეს, რომ შემდგომში რუსმა ოკუპანტებმა ვერ გაბედონ მოქალაქეების საკუთარი მიწა-წყლიდან გატაცება. მგონია, რომ ქართველი მონიტორები ვითარებას უნდა აკონტროლებდნენ.

 

ამასთან, ევროკავშირთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს, რომ მათი მონიტორების რაოდენობა გაიზარდოს და ქართველ პოლიციელებთან ერთად ოკუპირებული ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდნენ.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED