ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს

2013.06.06 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიასა და ფოთის მერის დავით სარსანიას შორის დაწყებული დაპირისპირების შემდეგ, მაჟორიტარის ბიურომ, საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით მიმართა და თვითმმართველობის ბალანსზე რიცხული იმ ძვირადღირებული ავტომანქანების აუქციონზე გაყიდვა მოთხოვა, რომლითაც მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სარგებლობენ. მოთხოვნას საკრებულოს თავმჯდომარე თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევად, ექსპერტი კი საკრებულოზე შესაძლო ზეწოლად მიიჩნევს.

ბესელიას ბიუროს უფროსი ვალერი ტეტუნაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით ბაბილუას 4 ავტომანქანის გასხვისებასა და  იაფფასიანი მანქანებით გადაადგილებას თხოვს.

 

მიმართვაში ხაზგასმულია, რომ მერი ორი ძვირადღირებული ავტომანქანით სარგებლობს: TOYOTA LAND CRUISER PRADO ნომრით BBT- 010 და BMW (SEDAN) ნომრით BBT -877. (ეს უკანასკნელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას სარგებლობაში იყო, რაშიც ფოთის ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარია დახარჯული).

 

ტეტუნაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწოდებს უმოკლეს დროში ასევე წერილობით შეატყობინოს აუქციონის გამოცხადების დრო და გასაყიდი მანქანების ნუსხა.

 

მერისა და საკრებულოს თავმჯომარის მანქანების გარდა, ტეტუნაშვილი  ბიუროსთვის დრობით სარგებლობაში გადაცემული მანქანის გასხვისებასაც ითხოვს, რომლითაც ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ზურა ჩაჩუა სარგებლობდა. მის მიერ ბიუროს ხელმძღვანლის პოსტის დატოვების შემდეგ, მანქანა მერიას დაუბრუნდა. ჩაჩუა ამჟამად მაჟორიტართან ქუთაისში გადავიდა სამუშაოდ, თუმცა მისი თანამდებობრივი მდგომარეობა უცნობია. 

 

ტეტუნაშვილის მიმართვაში, ბესელიას კადრებისთვის გადაცემული ავტომანქანები მითითებული არაა. როგორც ცნობილია, არჩევნების შემდეგ, ბესელიას მიერ დანიშნულ კადრებს: ფოთის პოლიციის უფროსს, ზურაბ ალანიას, რომელიც ბესელიას ნათესავი,  60 ათას ლარიანი LEXUS - ის ჯიპი და შპს "ინფრასტრუქტურა 2008 "- ის ხელმძღვანელ რატი კვანტრიშვილს, რომელიც ბესელიას შტაბის ერთ- ერთი ხელმძღვანელი იყო, 42 ათასიანი Wolkswagen Jetta- ს ფირმის ავტომანქანები გადაეცათ.

 

ბაბილუასთვის მიწერილი წერილი ტეტუნაშვილმა ფოთის მაჟორიტარის ბიუროს Facebook - ის ოფიციალურ გვერდზე გაასაჯაროვა. 

 

ტეტუნაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს ბიუროს სხვადასხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებით უზრუნველყოფასაც შეახსენებს, თუმცა ამავე მიმართვაში მანქანების გაყიდვის მიზეზად, მძიმე სოციალური პირობები და პრობლემების გადასაწყვეტად ბიუჯეტის სიმწირეა დასახელებული, რის გამოც მაჟორიტარი მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. 

 

"იმ ვითარებაში, როდესაც ფოთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, როდესაც საკრებულო და მერია წლების განმავლობაში დაგროვებულ პრობლემებს ვერ აგვარებს და დეპუტატს უხდება ყოველდღიურად ასობით წერილის განხილვა, გადაწყვეტა. ბუნებრივია, გაუმართლებელია საჯარო მოხელეებმა ისარგებლონ ძვირადღირებული ავტომანქანებით.

 

მაჟორიტარის ბიუროს საკმაოდ რთული და ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტა უწევს, ამ პრობლემათა აბსოლუტური უმრავლესობა საკრებულოს და მერიის გადასაწყვეტია, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ხდება დროული და გულისხმიერი რეაგირება.

 

შეგახსენებთ, რომ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სხვადასხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებით, რომელიც საჭიროა მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობის განსახორციელებლად მაჟორიტარულ ოლქში."- ნათქვამია მიმართვაში.

 

მაჟორიტარის ბიუროს მოთხოვნას, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა თვითმმართველობის საქმიანობაში უხეშ ჩარევად აფასებს.

 

მისი თქმით, თვითმმართველობის ქონების განკარგვა საკრებულო- მერიის კომპეტენცია.

 

ბიუროს უფროსი, ვალერი ტეტუნაშვილი TSpress - თან საუბრისას ვერ აკონკრეტებს, რამდენად შედის მის კომპეტენციაში თვითმმართველობის ქონების განკარგვა, აუქციონის გამოცხადების დაწესება დასაკრებულოს თავმჯდომარისთვის კონკრეტული ბრძანებების გაცემა, რომელი კანონით იხელმძღვანელა და ა.შ. და აქცენტს მხოლოდ სოციალურ საკითხზე აკეთებს.

 

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ წერილის ტონი, მოთხოვნითი ფორმა მიანიშნებს, რომ ბიურო თავს  საკრებულოს ზემდგომ ორგანოდ მიიჩნვეს, რაც, მისივე თქმით, შესაძლებელია საკრებულოს თავმჯდომარეზე ერთგვარ ზეწოლადაც ჩაითვალოს.

 

"შესაძლებელია, ნებისმიერმა მოქალაქემ მიმართოს საკრებულოს წინადადებით, რეკომენდაციით გათვალსიწინოს ამა თუ იმ საკითხის დაფინანსება, მაგრამ მისი იძულება, კატეგორიული მოთხოვნის უფლება არა აქვს. საკრებულოსაც არანაირი ვალდებულება არა აქვს გაითვალსიწინოს და შეასრულოს ეს მოთხოვნა."- განმარტავს კანდელაკი.

 

ის უკანონოს უწოდებს, წინა თვეებში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მაჟორიტარის ბიუროსთვის დროებით სარგებლობაში მანქანის გადაცემის ფაქტსაც.

 

აღნიშნული წერილის ტონს, ეკა ბესელიასა და ფოთის მერს, დავით სარსანიას შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირებენ. გამოცემის ინფორმაციით, ბესელიას გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა ქალაქის მერს, დავით სარსანიას თანამდებობის დატოვება მოთხოვეს. მერი მოთხოვნას არ დათანხმდა, რის შემდეგაც მისი თანაგუნდელები საკრებულოს მიერ მერის იმპიჩმენტით გადაყენებაზეც ალაპარაკდნენ. მერის იმპიჩმენტს არც საკრებულოს თავმჯდომარე დათანხმდა, რის გამოც დაპირისპირება უფრო გამწვავდა.

 

 

ამავე თემაზე:

 

დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები [Video]

 

კუდ-ის მიერ ფოთის მერიისთვის დაბრუნებული მანქანით ბესელიას ბიუროს უფროსი სარგებლობს

 

ბესელიას კადრის მიერ 1000 ლარით გაზრდილი ხელფასი და 42 ათასიანი მანქანა

 

დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის

 

ბესელია - ფოთის პოლიციის უფროსს რეკომენდაცია მე გავუწიე, ის ჩემი ნათესავია [Video]

 

"მაგრად" შემოჭერილი ქამრები"



 



 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED