პარკის გადარჩენიდან - ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებამდე

2013.06.06 ავტორი: ეკატერინე ლემონჯავა

სტამბოლის „მწვანე კუნძულიდან“ თურქული დემოკრატია დღეს თავს იცავს. ათასობით დაკავებული, ასობით დაშავებული, სამი გარდაცვლილი - ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც დემონსტრანტების პარკის დაცვიდან მთავრობის გადადგომამდე გადაზრდილ მოთხოვნებს მოყვა. 

პროტესტის მიზეზი

 

შუა სტამბოლში, ტექსიმის მოედანზე სტამბულის ცნობილი გეზის პარკია. როცა სტამბულში მიდიხარ, პარკის, როგორც ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის ნახვას გირჩევს ყველა. სტამბულში ყოფნისას, ამ პარკის უნახავად დატოვო ქალაქი, ნიშნავს, არ ნახო ადგილი, რომლითაც ამაყობს ქვეყანა.

 

ქალაქის მუნიციტპალიტეტის მიერ ტექსიმის მოედნის რეკონსტუქციის გეგმის მიხედვით, გეზის და ათათურქის კულტურის ცენტრის ადგილას  თანამედროვე გასართობი ცენტრი უნდა აშენდეს სხვადასხვა ატრაქციონებით.

 

კულტურული და ბუნებრივი რესურსების უმაღლესმა საბჭომ პირველ მარტს მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე, სადაც გეზი მდებარეობს,  განახორციელოს პროექტი topçu Kışlası (არტილერიული ბარაკი). თურქეთის პრემიერმა გადაწყვეტილება 29 აპრილს გაახმოვანა (არაოფიციალური ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაში ერდოღანის პირადი ინტერესები დევს).

 

ქალაქის „ერთადერთი მწვანე კუნძულის“ დასაცავად რამდენიმე ასეული ადამიანით დაწყებული საპროტესტო აქცია, სულ მალე სრულიად თურქეთს მოედო და ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში გადაიზარდა.


                                                                       მასობრივი პოლიტიკური აღშფოთება

 

პროტესტის პირველ ღამეს ხალხი ჯგუფ-ჯგუფად განლაგდა გეზის მთელ პერიმეტრზე, რადგან გავრცელდა ხმა, რომ ხეების ამოძირკვა ღამე უნდა დაეწყოთ.

 

შაბათს, პირველ ივნისს, მომიტინგეების ნაწილი, აზიური ნაპირიდან ევროპულში ათათურქის ხიდზე  გადავიდა აქციის მონაწილეებისთვის სოლიდარობის გამოსახატად -  ხიდზე ხალხის მოძრაობა აკრძალულია. პრაქტიკულად, ეს იყო მიზეზი აქცია ეკოლოგიურიდან პოლიტიკურში გადაზრდილიყო.

 

პრემიერმა ერდოღანმა მიმდინარე არეულობებზე გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ არ დაუშვებს უმცირესობის მართვას უმრავლესობაზე. მისი თქმით, მთავარი პრობლემა იდეოლოგიაში მდგომარეობდა და ამით, ფაქტობრივად აქციის მონაწილეები პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიყვანა.

 

შესაბამისად, პარკის გადარჩენით დაწყებული აქციები, პრემიერ ერდოღანის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა, რომელსაც რადიკალურად განწყობილი ოპოზიციონერებიც შეუერთდნენ.

 

პრემიერის ამ განცხადების შემდეგ დემონსტრანტებმა პარკის ტერიტორია დატოვეს და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ათათურქის ძეგლთან შეიკრიბნენ.

 

რამდენიმე ხნის შემდეგ პარკში, იმ ადგილას, სადაც მშენებლობა უკვე დაწყებული იყო, ცეცხლი გაჩნდა. ხალხის მასის გამო სახანძრო სამსახური ეპიდცენტრამდე ვერ მივიდა. მაგრამ მისი ჩაქრობა მომიტინგეებმა შეძლეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

 

აქციები პარკის დასაცავად და პრემიერის გადადგომის მოთხოვნით თურქეთის 81 პროვინციიდან 50-ში გაიმართა. ამბოხებულებს სამართალდამცავები  წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით შლიდნენ.

 

შეტაკებები დღემდე არ შეწყვეტილა. იზმირში დემონსტრანტებმა მმართველი პარტიის ოფისს  წაუკიდეს ცეცხლი. ცეცხლის ჩაქრობა მოხერხდა.

 

სტამბულის ცენტრში, ბეშიკტაშის რაიონში, რომელიც ბოსფორის სრუტესთან მდებარეობს, გაფიცულებმა  ბარიკადები აღმართეს. ისინი შეეცადნენ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შესვლას, თუმცა სამართალდამცველებმა შენობამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და ამბოხებულები გაზის გამოყენებით დაშალეს.

 

უახლოეს მეჩეთებში, მაღაზიებსა და უნივერსიტეტში ექიმები მორიგეობდნენ და ეხმარებოდნენ დაშავებულებს.

 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 31 მაისიდან დაკავებულია 2500-მდე ადამიანი. სამინისტროს მონაცემებით დემონსტრაციების მიმდინაობისას დაჭრილია 58 მოქალაქე და 115 სამართალდამცავი. ამასთანავე, თურქეთის ექიმთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 484 ამბოხებულია დაშავებული. 20-მდე ადამიანი რეანიმაციაში იმყოფება. დღეს გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია სამი ახალგაზრდა.

 

საერთაშორისო ორგანიზაციები თურქეთის მთავრობას მოუწოდებენ იმოქმედონ კანონის ფარგლებში და დაიცვან მომიტინგეების უფლებები. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უშიშროების საკითხებში,კეტრინ ეშტონმა აღნიშნულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული სანქციები არაპროპრპრციულია და შეშფოთება გამოთქვა იმ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელსაც სტამბულსა და რამდენიმე სხვა ქალაქში სამართალდამცავების მხრიდან ჰქონდა ადგილი.


                                                             „ათათურქის ჯარისკაცები“ - ბრძოლა დემოკრატიისათვის

 


პროტესტანტები საკუთარ თავს „ათათურქის ჯარისკაცებს“ უწოდებენ. „ეს ქვეყანა ათათურქმა შექმნა. ჩვენ მას უნდა ვუმადლოდეთ ყველაფერს. თურქეთი თანამედროვე ქვეყანაა, როგორ შეუძლია ჩვენს პრემიერს დაივიწყოს ის რჩევები, რომელიც ათათურქმა დაგვიტოვა და თურქეთი ისლამისტურ ქვეყანად გადააქციოს?

 

ის იქცევა, როგორც ფადიშაჰი და ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენ, მუსტაფა კემელ ათათურქის ჯარისკაცები ვართ და არავის მივცემთ იმის უფლებას, ის წაგვართვას, რისთვისაც ის იბრძოდა“ - ეს დემონსტრანტების საერთო განწყობაა.

 

გეზას პარკთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, რამდენიმე გამოცემამ ერდოღანის განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ გეზას პარკის ნაცვლად, ატრაქციონების აშენების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა, ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, პრემიერი ერდოღანი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

 

პროტესტს ჰაკერების საერთაშორისო ორგანიზაცია Anonymous მხარდაჭერას უცხადებს და ამის ნიშნად გატეხა სამთავრობო და მასმედიის გვერდები.


                                                                                   ძალის გადამეტება

 

თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბოდიში მოუხადა მოსახლეობას იმის გამო, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ქონდა ძალის გადამეტებას. თუმცა ბოდიში ბოდიშად დარჩა და მომიტინგეების წინააღმდეგ დღემდე გრძელდება გაზის გამოყენება. დემონსტრანტებს ზიანი მიყენებული აქვთ ასევე მძიმე საგნებით. პრემიერის ბოდიშის შემდეგ დაღუპულია სამი პროტესტანტი.

 

მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებს ანტალიის მერი, რომელმაც პოლიციას საშუალება არ მისცა მანქანებს წყლის მარაგი აეღოთ.

 

ასევე, დემონსტრანტებს სოლიდარობა გამოუცხადა და პოლიციის შტურმისგან დაიცვეს სამხედროებმა. თურქული გამომცემლობები აქვეყნებენ სარდლის მიმართვას ხელისუფლებისადმი, რომელიც მას მოუწოდებს თავი შეიკავოს გადამეტებული ძალის გამოყენებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიცავს მომიტინგეების უსაფრთხოებას.

 

საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებისა და ნატოს პროტესტის (თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა) მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლება სტრატეგიის შეცვლას არ აპირებს. არ აპირებენ მომიტინგეებიც დაშლას, რომლებიც მთავრობის გადადგომასა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ითხოვენ.

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED