ფოთის მერი - არამიზანშეწონილად მიმაჩნია შეხვედრებზე ჟურნალისტების დასწრება

2013.06.04 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის მერია-საკრებულოში ყველა სახის შეხვედრა, საკრებულოს სხომების გარდა, სადაც საკითხი ძირითადად კენჭისყრაზე გადის და მის ირგვლივ მსჯელობა არ ხდება, მედიისთვის დახურულია. წინა ხელისუფლების მსგავსად, მერის ყოველკვირეულ თათბირსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლობთან გამართულ შეხვედრებზე ჟურნალისტების დასწრება, ამჟამადაც "მუშა შეხვედრების" მიზეზით იკრძალება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ მსგავს ტერმინს კანონი არ იცნობს. 

ორშაბათს გამართულ თათბირზე დასწრების უფლება TSpress-ს თავად ფოთის მერმა, დავით სარსანიამ არ მისცა.

 

მისი განცხადებით, თათბირი არის მუშა შეხვედრა, სადაც სფეროების მიხედვით ქალაქის პრობლემურ საკითხებზე საუბრობენ. სარსანიას თქმით, ჟურნალისტებს დღის წესრიგში არსებული საკითხების გაცნობა შეუძლიათ, თუმცა სხდომაზე დასწრება - არა. სხდომების დახურვის საფუძველს, სარსანია არ აკონკრეტებს.  

 

„არამიზანშეწონილად მიმაჩნია მსგავს შეხვედრებს ჟურნალისტები დაესწრონ. თუ რომელიმე საკითხი გაინტერესებთ, სხდომის დასრულების შემდეგ, ჩემთან და ნებისმიერ სამსახურის უფროსთან გასაუბრება შეგიძლიათ. არ მინდა სხდომაზე უხერხულობა შეექმნათ სამსახურის უფროსებს, ასეთ დროს შებოჭილები არიან მაინც“- განმარტავს TSpress - თან საუბრისას სარსანია.

 

მერიის თათბირები დახურული იყო წინა ხელისუფლების პერიოდშიც. ბოლოს მერის ორშაბათის თათბირებზე დასწრების შესაძლებლობა ჟურნალისტებს მხოლოდ შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში ჰქონდათ.  

 

თათბირებთან ერთად, დახურულია მინისტრების, პარალმენტის წევრებისა და სხვა მაღალჩინოსნების ვიზიტები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები.

 

მსგავსი ვიზიტების შესახებ მედიას მხოლოდ სხვადასხვა ობიექტის გახსნა-დათვალიერებისას ეპატიჟებიან, ამ შემთხვევებშიც მედიას გადაღების უფლებას მხოლოდ კონკრეტულ შენობის დათვალიერების პროცესში აძლევენ. მოლაპარაკების, საუბრისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი და შეხვედრები კი უწინდებურად დახურულია. ჟურნალისტებისთვის კარი მხოლოდ რამდენიმე წუთით - კადრების გადასაღებად იღება. შეხვედრის დახურვის მიზეზი, არც ერთ შემთხვევაში განმარტებული არაა, თუმცა, დამატებითი კითხვები არც ჟურნალისტებს უჩნდებათ. 


მაგალითად, ფოთში ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ვიზიტის დროს ჟურნალისტებს ობიექტების ნუსხა მისცეს, სადაც მინისტრი მისვლას აპირებდა და ერთ-ერთ ობიექტზე გააკეთებდა კომენტარს და ა.შ. ხადურმა ზოგადი კომენტარი გახსნილი ობიექტის შესახებ გააკეთა.

 

მოგვიანებით კი ადგილობრივ ხელისუფლებისგან ცნობილი გახდა, რომ მინისტრის ვიზიტის უმთავრესი მიზანი ტრანსფერის სახით 18 მილიონი ლარის გამოყოფა ყოფილა. შეხვედრის დახურვის მიზეზად, კვლავ "მუშა შეხვედრა" დასახელდა. ტრანსფერის მიზნობრიობა, განსახორციელებელ სამუშაოთა სრული ნუსხა და პროექტები კი, მედიისთვის ამ დრომდე უცნობია.

 

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფოთში საჯარო დაწესებულებაში გამართული შეხვედრა დახურულად პირველად მაჟორიტარმა ეკა ბესელიამ დაასახელა. შეხვედრა ფოთის მერის პოსტზე კონკურსის გამოცხადების საკითხზე, საკრებულოს წევრებსა და მაჟორიტარს შორის შედგა. განმარტებები პრესისთვის მისი დასრულების შემდეგ გაკეთდა, რაც საკრებულოს წევრების მიერ პირად საუბარში მონათხრობს არ ემთხვეოდა.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, სულხან სალაძის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სხდომის დახურვის საფუძვლები უნდა განმარტოს. მისი თქმით, მერი არ უნდა წყვეტდეს სხდომის საჯაროობის არამიზანშეწონილობას. როგორც იურისტი განმარატვს კანონი ტერმინ "მუშა შეხვედრას" არ იცობს.

 

"საჯარო უწყებების მუშაობა გამჭვირვალობაზე და ღიაობაზე უნდა იყოს აქცენტირებული. რაც უფრო ღიაა და საჯაროა პროცესები, ინფორმირებულობის ხარისხიც მაღალია. ეს უფრო მეტად ხელს უწყობს მოქალაქეების ჩართულობას. შესაძლებელია სხდომა დაიხუროს, თუ იქ რაღაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საკითხი განიხილება. ხოლო როცა მერი ეუბნება ჟურნალისტს, რომ დღის წესრიგი მოითხოვოს და შესაძლებელია აღნიშნულ საკითხებზე შემდგომში კომენატრები გაკეთება, მაშინ რა საჭიროებაა შეხვედრა იყოს დახურული?!"- აღნიშნავს სალაძე.

 

ინტერნეტგამოცემა TSpress - ის რედაქტორის, ელისო ჯანაშიას განცხადებით, ადმინისტრაციული ორგანო თავადაა ვალდებული უზრუნველყოს პროცესების ღიაობა და საჯაროობა.  საჯარო სხდომების დახურვით კი, ერთი მხრივ, ჟურნალისტის უფლებები იზღუდება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და, მეორე მხრივ, მოსახლეობას ეზღუდება უფლება მიიღოს დროული და ზუსტი ინფორმაცია, რაც თავის მხრივ, მომავალში ბევრ პრობლემას შექმნის. 

 

 

 ფოტოები აღებულია ფოთის მაჟორიტარის, ეკა ბესელიასა და ფოთის მერის, დავით სარსანიას facebook - ის ოფიციალურ გვერდებიდან.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED