დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის

2013.06.01 ავტორი: იზა სალაყაია

TSpress - ის ინფორმაციით, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა ქალაქის მერს, დავით სარსანიას თანამდებობის დატოვება მოთხოვეს. მერი მოთხოვნას არ დათანხმდა, რის შემდეგაც მისი თანაგუნდელები საკრებულოს მიერ მერის იმპიჩმენტით გადაყენებაზეც ალაპარაკდნენ. 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი, კონფიდენციალობის გარანტიით ყვება, რომ 31 მაისს, გვიან ღამით, ფოთის მერიაში მაჟორიტარმა ეკა ბესელიამ პარტიის წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებთან შეხვედრაზე საკადრო საკითხი განიხილა. დაახლოებით ღამის 2 საათზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, პარტიის რამდენიმე წევრი ფოთის მერთან კაბინეტში შევიდა და მას გადადგომა მოთხოვა.

 

სარსანია ულტიმატუმს არ დათანხმდა და საჭიროების შემთხვევაში მხარდამჭერების გამოყვანითა და მერიასთან აქციების გამართვითაც დაიმუქრა.

 

TSpress - ის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრებმა სარსანიას დაუთანხმებლობის შემდეგ, მერის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკრებულოს მიმართეს.

 

განხეთქილების მიზეზად, ბესელიას  მიერ ყველა საკვანძო გადაწყვეტილების მიღებაში მერის იგნორირება და მაჟორიტარის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები სახელდება.

 

ფოთის მაჟორიტარმა TSpress-ის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით, მისი პრეს-სამსახურის მეშვეობით პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით გამოაგზავნა.

 

"ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. მერიასთან და საკრებულოსთან მაქვს საქმიანი ურთიერთობა. დეპუტატი საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელ რგოლზე. სწავლობს სხვადასხვა პრობლემებს, რაც ქალაქშია, თუმცა არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ქონია,"- აცხადებს ბესელია.

 

ფოთის მერი, დავით სარსანია აცხადებს, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხებზე ბესელიას ხშირად ხვდება, გუშინდელი შეხვედრაც სწორედ მსგავსი ხასიათის იყო. 

 

სარსანია TSpress-ის კითხვას კითხვითვე პასუხობს. "რა მიზეზით უნდა მოხდეს სამი თვის არჩეული მერის გადაყენება? იმპიჩმენტის საკითხზე მე რას გეტყვით, სხვებს კითხეთ"- აღნიშნა სარსანიამ.

 

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ბაბილუას განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნით მისთვის არავის მიუმართავს, თუმცა ამბობს, რომ აღნიშნულზე მას ჭორის დონეზე სმენია.

 

მისი თქმით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე თავად არ ყოფილა. ბაბილუას განმარტებით, მოთხოვნის შემთხვევაში, ის იმპიჩმენტის საკითხის საკრებულოში არ დააყენებს.

 

აღნიშნულ ინფორმაციას "სისულელეს" უწოდებს "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ირაკლი კაკულია.

 

"პარტიამ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, სანამ ფაქტი არ დადგებოდა, ამას თქვენ ვერ გაიგებდით. არავინ მოუახლოვდეს პარტიას, თორემ თითებს მივამტვრევ! ხელებს დაიწვავენ!"- განაცხადა კაკულიამ, რომლის მუქარის ადრესატი სავარაუდოდ პარტიიდან ინფორმაციის გამტანია.

 

"ქართული ოცნების" წევრი გიგლა ბახტაძე, რომელიც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო, შეხვედრაზე საკადრო ცვლილებებზე საუბარს ადასტურებს, თუმცა, მისი თქმით, მან შეხვედრა ადრე დატოვა.

 

"ხელისუფლების ცვლილების დროს ადამიანები თანამდებობებს ტოვებენ, რა არის ამაში გასაკვირი?"- აცხადებს ბახტაძე და არ უარყოფს, რომ სპორტის სამსახურის უფროსის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება.

 

სპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა გუშინ პატრულმა დააკავა. ის დღეს სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო 400 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა.

 

 

ამავე თემაზე:

 

იგივენი და ფოთის მერი...


ფოთის მერი - ბესელიას მაჟორიტარობა უნიკალური შემთხვევაა და ამ პრიორიტეტს გამოვიყენებ [Video]


დავით სარსანიას მხარდამჭერების ულტიმატუმი საკრებულოს [Video]


დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები [Video]

 

 

TSpress-ის გამოკითხვის შედეგები ფოთის მერად დავით სარსანიას დანიშვნის შესახებ

 

ფოთის მერის მეგობარი და მაჟორიტარის მხარდამჭერის შვილი თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნენ





 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED