გალის მკვიდრი - დღე არ გავა ჩვენი სოფლებიდან ადამიანი არ გაიტაცონ ან ვინმე არ დააყაჩაღონ

2013.05.27 ავტორი: TS

აფხაზეთის მიერ კონტროლირებადი სოფელ დიხაზურგის გამგებლის, გენო კიკალეიშვილის შვილი გამოსასყიდის მიზნით გაიტაცეს. TSpress-ის წყაროს ინფორმაციით, საზღვრისპირა სოფლები: ჭუბურხინჯი, ნაბაკევი, შამგონა, დიხაზურგი და ბარღებიდან ადამიანის გატაცებები ბოლო პერიოდში გახშირდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ქართულ ამნისტიას უკავშირებს.

გალის რაიონის მკვიდრი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამნისტიის შემდეგ, დღე არ გავა ახალი დანაშაულის შესახებ არ შეიტყონ. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, გალის რაიონის პოლიციამ ბანდიტების 7-კაციანი ჯგუფი დააკავა, როგორც ის აცხადებს, ასეთი ჯგუფი მრავლადაა.

 

რესპოდენტის ინფორმაციით, გალში ცნობილი ექიმი გვარად სექანიაც, რამდენიმე დღის წინ დააყაჩაღეს. ასევე რამდენიმე დღის წინ, ჭუბურხინჯიდან გაიტაცეს მოქალაქე ყოლბაია, რომელიც შემდეგ ოჩამჩირის ტერიტორაზე დაგდებული იპოვეს.

 

"როგორც კი საქართველოს ციხეებიდან მოხდა ამნისტია, აქ მაშინვე გახშირდა გატაცებები და ყაჩაღობები, თანაც ბევრი მათგანი გაუხსნელია. მოსახლეობა ძალიან შეშინებულია"-აცხადებს გალის მკვიდრი TSpress-თან საუბრისას.

 

მისი თქმით, სოფელ ნაბაკევში, 25 წლის რომან აკობიას სასტიკად წამებით მკვლელობას, საქართველოს ციხეებიდან უდო-ს კომისიის მიერ შეწყალებულ პირებს უკავშირებენ. ოთხმა ბოროტმოქმედმა, საკუთარ სახლში, აკობია იატაკზე ლურსმნით დააკრეს, ხელ-ფეხი დაუსერეს და აწამეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყველა თავდამსხმელი გალის რაიონის სხვადასხვა სოფლის მკვიდრი იყო და ბოლო სასჯელს ისინი ჯგუფური ყაჩაღობისთვის იხდიდნენ. როგორც წყარი იუწყება, გალში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსმელები ამჟამად დაკავებული არ არიან.

 

მიმდინარე წლის, 13 აპრილს, შამგონა-ნაბაკევის ოკუპირებულ საზღვართან გამოსასყიდის მიზნით გაიტაცეს და შემდეგ მოკლეს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშის მკვიდრი, 24 წლის გოგიტა კვარაცხელია. გარდაცვლილის მამას, ელგუჯა კვარაცხელიას ქართველი სამართალდამცავების მიმართ აქვს პრეტენზია და ის მათ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გვამი სამართალდამცავებმა ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იპოვეს, თუმცა იმ მოსაზრებით, რომ გამოძიება არ დაეწყოთ, იცრუეს და განაცხადეს, რომ თითქოს გვამი აფხაზეთის მხარეს აღმოაჩინეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულებზე, რომელიც საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება, ქართული პოლიცია სამძებრო-ოპერატიულ ღონისძიებებს ვერ ატარებს.

  

 

 

 

 ამავე თემაზე:

 

24 წლის წამებით მოკლულის მამა პოლიციას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს[VIdeo]

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED