თამარ გურჩიანი - რელიგიის სახელით ძალადობა სამარცხვინოა

2013.05.23 ავტორი: TS

„17 მაისს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, ვფიქრობ, ძალიან ადეკვატური რეაგირება ჰქონდა, მის ყველა მოთხოვნას სახელმწიფო უწყებების მიმართ სრულიად ვიზიარებ,“ - ამბობს სახალხო დამცველობის ყოფილი კანდიდატი თამარ გურჩიანი TSpress-თან ინტერვიუში.

თ.გ.: დადებითად ვაფასებ პრემიერ-მინისტრის პირად პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. მან კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ლგბტ ადამიანების უფლებებს, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ვერბალური მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდა. იგივე შემიძლია ვთქვა პოლიტიკოსების განცხადებებზეც.

 

ყველა ემიჯნება ძალადობას, მაგრამ ამავე დროს, არავინ არაფერს აკეთებს, რომ ეს ძალადობა აბსოლუტურად გამოირიცხოს. ეს ფარისევლობაა. უმოქმედობა იგივე ხელშეწყობაა. საპატრიარქომ ყველა სასულიერო პირს უნდა მოუწოდოს, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს. ყველა მოძღვარმა სიძულვილის ნაცვლად სიყვარული უნდა იქადაგოს. სასულიერო პირმა ეს თუ  არა, სხვა აბა რა უნდა გააკეთოს, ვერ ვხვდები.

 

-არაერთგვაროვანი შეფასებები გაკეთდა 17 მაისს შსს-ს მიერ ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ...


თ.გ.: პოლიცია უკეთესად უნდა ყოფილიყო აღჭურვილი დამცავი საშუალებებით, უკეთესად უნდა დაეცვა საკუთარი თავიც და ლგბტ ადამიანების ევაკუაცია კი არ უნდა მოეხდინა მათი ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ წინასწარ უნდა ყოფილიყო მომზადებული, სპეციალური საშუალებებით ჩაეხერგა გზა და შეექმნა დისტანცია, რომ აქციაზე კონტრაქციის რაიმე ზემოქმედება შეუძლებელი ყოფილიყო.

 

შსს ამბობს, რომ ამ საკითხებზე მუშაობს და ის ფაქტი, რომ დღეს სასულიერო პირების წინააღმდეგაც დაიწყო გამოძიება, მაიმედებს, რომ შსს-თვის კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. თუმცა, აბსოლუტურად ყველამ, ვინც ამ ძალადობრივ აქტებში მონაწილეობდა, სასულიერო პირების ჩათვლით, პასუხი უნდა აგოს არა მხოლოდ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი დარღვევისთვის, არამედ იმისათვისაც, რომ პოლიციას თავს დაესხნენ, სახალხო დამცველზე მოახდინეს ზეწოლა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დააზიანეს, სხვა ადამიანების თანასწორობის უფლება ხელყვეს - ეს არის ყველაზე მთავარი დანაშაული.

 

ხალხმა 17 მაისს, იმ ძალადობით პრაქტიკულად განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში განსხვავებული ადამიანების ადგილი არ არის და ფაქტობრივად ეჭვქვეშ დააყენა დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ღირებულება - ადამიანთა თანასწორობა კანონის წინაშე. ეს აკრძალული და დასჯადია სს კოდექსით და უპირველესად, თუკი რაიმესთვის უნდა დაისაჯოს ადამიანი, ეს სხვისი თანასწორობის ხელყოფაა.

 

-შსს-მ 4 ადამიანი დააკავა, რომლებიც სასამართლომ 100-100 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ასეთი შემთხვევების პრევენციისათვის დამნაშავეები ადეკვატური სასჯელით უნდა დაისაჯონ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?


თ.გ.:ზოგადად, არ ვარ მკაცრი სასჯელის მომხრე და ვფიქრობ, რომ ადამიანი შურისძიების მიზნით კი არ უნდა დასაჯო, არამედ ჭკუის სასწავლებლად, რომ მომავალში ის ისე მოიქცეს, როგორც საზოგადოების წევრს შეეფერება.

 

თუმცა, შედარებითვის რომ გავიხსენოთ, თუ როგორ დაისაჯნენ 1-ლი მაისის დემონსტრაციის მონაწილეები, მაშინ გაცილებით უფრო მკაცრი იყო სასამართლო სტუდენტებთან, რომლებიც სოციალურ უთანასწორობას აპროტესტებდნენ. ეს მაფიქრებინებს, რომ სიძულვილის დანაშაული, რომელიც, როგორც წესი, უფრო მკაცრად უნდა იყოს დასჯილი, უფრო მსუბუქადაა შეფასებული საქართველოში და მეორე - როდესაც სასულიერო პირები მონაწილეობენ ძალადობაში, რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ისინი იმუნიტეტით სარგებლობენ, მაგრამ ეს ასე არაა. ქრისტიანს, რომელსაც საკუთარი სარწმუნოების რამე გაეგება, არ შეიძლება ძალადობას ამართლებდეს და მასში მონაწილეობდეს.

 

როცა ადამიანთა თანასწორობის უფლებას ასე ერთი ხელის მოსმით ანადგურებ, უნდა იცოდე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ისეთი კატაკლიზმაა, რომელსაც უსაშინლესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

 

-17 მაისის შემდეგ ლგბტ ადამიანებზე, „იდენტობის“ თანამშრომლებსა და მათ აქტივისტებზე ძალადობის შემთხვევები გახშირდა. ხშირად, ძალადობის მსხვერპლები ამის შესახებ სამართალდამცავ უწყებებს არ ატყობინებენ. ამის მიზეზი მათივე თქმით, პოლიციისადმი ძველი გამოცდილებით გამოწვეული უნდობლობაა...


თ.გ.:ამ ადამიანებს ერთადერთი ვისი იმედიც შეიძლება ჰქონდეთ, სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყებებია. ასე რომ, მოვუწოდებ მათ, რომ ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად განაცხადონ შესაბამის უწყებებში.

 

ამ ძალადობის მიზანი იყო, რომ ესენი უფრო უჩინარნი გამხდარიყვნენ, ვიდრე ახლა არიან და გამოდის, რომ ჩვენ ყველა ვნებდებით და მათ ნებასურვილს ვასრულებთ. არ შეიძება ამ ძალადობას პასუხი არ გაეცეს და პასუხის გამცემი საერო, სახელმწიფო ორგანოებია და მათ აუციებლად უნდა მიმართონ.

 

-17 მაისს და მას შემდეგ განვითარებული მოვლენებით გამოჩნდა, რომ საზოგადოებაში არსებობს ძალიან დიდი აგრესია სექსუალური უმცირესობებისადმი. სამართალდამცავმა უწყებებმა შეიძლება დამნაშავეები დასაჯონ, მაგრამ რამდენად იქნება ეს საკმარისი ადამიანებში არსებული განწყობის შესაცვლელად?


თ.გ.:საზოგადოებამ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს. არ ვამბობ, რომ ხალხი გაუნათლებელია, უბრალოდ, მათ უმრავლესობას არ უნახავთ ჰომოსექსუალები გარშემო. რადგან ისინი არსად არ ჩანან, ჰგონიათ, არ არსებობენ. ამიტომ, ფიქრობენ რომ არც უნდა არსებობდნენ. ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ჰომოსექსუალი შეიძლება იყოს მათი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი, ოჯახის წევრი, შვილი. განათლების ბრწყინვალე სისტემაც ვერ შეცვლის მათ განწყობას გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ თავიანთი გონება და გული არ გაუღეს მათ.

 

სხვათაშორის, ჰილარი კლინტონი თავის ცნობილ გამოსვლაში, ლგბტ ადამიანებზე ამბობს, რომ კარგი კანონების მიღება კიარ შეცვლის არსებულ ცუდ სიტუაციას, არამედ ჩვენი გონებისა და გულის ცვლილება...

 

ეს ძალიან რთული და გრძელი გზაა, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ყველა ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რამდენად სამარცხვინოა რელიგიის სახელით ძალადობა. უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ დღეს რომ იგი გაილაშქრებს ლგბტ-ს წინააღმდეგ, ხვალ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მისი შვილია ასეთი. ამ პრობლემის მოგვარებას ინდივიდუალური პასუხისმგებლობით შევძლებთ. ყველას გვაქვს ძალა, რომ საკუთარ თავში დავძლიოთ შიში და სხვა ადამიანის მიმართ ძალადობა.

 

-სასულიერო პირთა დიდი ნაწილის ქადაგებებში ღიად ჩანს მათი შეუმწყნარებელი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ. ხშირ შემთხვევაში ისინი მათ ადამიანებადაც კი არ მიიჩნევენ. როგორ ფიქრობთ, ქრისტეს მსახურ სასულიერო პირებში ლგბტ ადამიანებისადმი ამგვარი განწყობა რით შეიძლება აიხსნას?


თ.გ.: ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ისიც, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც წარსულში ნასამართლევი იყო და ა.შ. ეკლესიას თავი შეაფარა, რისი უფლებაც მათ რასაკვირველია, ჰქონდათ. ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის ეკლესია უკანასკნელი ნავსაყუდელიცაა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ეკლესია ბევრი ადამიანის რესოციალიზაციაზე ზრუნავს.

 

თუმცა, როდესაც ასეთი მძიმე ბიოგრაფიის მქონე ხალხი ეკლესიაში მიდის და უკვე საეკლესიო იერარქიაში გვევლინება, რასაკვირველია, რაღაც არასწორია, მაგრამ ვერ ვიტყვი იმას, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ, რადგან ეს უდიდესი სტიგმაა - ციხიდან გამოსულ ადამიანზე, რომელმაც საკუთარი სასჯელი მოიხადა, ხომ ვერ ვიტყვით, რომ ის დაბადებიდან დამნაშავეა? როდესაც მან თავის სასჯელი მოიხადა და მისი რესოციალიზაციაც მოხდა, ის სხვაგვარ მოპყრობას იმსახურებს. ასევეა მღვდელიც.

 

ამიტომ, არ ვარ მომხრე, კუდიანებზე ნადირობა დავიწყოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ყველა მღვდელის ბიოგრაფია ვიცოდეთ. თუკი რომელიმე მღვდელი სექსუალური ძალმომრეობის დანაშაულშია ოდესმე მსჯავრდებული, რასაკვირველია ჩემს შვილს იმ ტაძარში არასდროს არ მივიყვან და არც მე არ მივალ. ეს უმძიმესი დანაშაულია როგორც არ უნდა მოინანიო.

 

ძალიან მძიმე საკითხია. არ ვარ ადამიანების დახარისხების მომხრე. ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ციხიდან გამოსული ადამიანები ბოროტმოქმედები აღარ არიან, მათ მოინანიეს ეს ცოდვები და აქვთ უფლება საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობდნენ. რამდენად მაინცდამაინც სასულიერო პირის სახით უნდა გვევლინებოდნენ და რამდენად აქვთ უფლება ქრისტეს სიტყვა გვასწავლონ, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ქრისტეს სიტყვა გვასწავლის, რომ არ განვიკითხოთ, ამიტომ ჩემთვის ძნელია ამ საკითხზე საუბარი.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED