ჟურნალისტის მიერ ეთერში დაბლოკილი TSpress-ი და დამალული ვიდეომასალა [Audio]

2013.05.20 ავტორი: TS

"ეს TSpress-ი არ ახსენო, მოაშორე აქედან, მათი რეკლამა არ მინდა!"- განაცხადა ტელეკოპანია "მეცხრე ტალღის" ეთერში თოქ-შოუ "თემის" წამყვანმა თეა აბსარიძემ, რომელმაც ამ ფორმით ერთ-ერთ სტუმარს, კონკრეტულ ფაქტზე საუბრისას, წყაროს (TSpress.ge) დასახელება აუკრძალა.TSpress-ის რედაქცია მიიჩნევს, რომ წამყვანმა ჟურნალისტური ეთიკის ნორმა დაარღვია. ამ პოზიციას მედია-ექსპერტების ნაწილი და ჟურნლისტები იზიარებენ, თეა აბსარიძე კი კომენტარს არ აკეთებს. 

 

აღნიშნულ განცხადებამდე, თოქ-შოუს სტუმარი, "ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულია წინა ხელისუფლების ქმედებებზე საუბრობდა.

 

გადაცემაში კაკულიამ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დავით შურღაიას უკანონო დაკავებაზე გაამახვილა ყურადღება და წყაროდ TSpress - ის ჟურნალისტური გამოძიება დაასახელა. სწორედ ამის შემდეგ თოქ-შოუს წამყვანმა, თეა აბსარიძემ სტუმარს საუბარი, თავდაპირველად, გადაცემაში სატელეფონო ზარის მიზეზით შეაწყვეტინა, თუმცა გადაცემაში სატელეფონო ზარი არ შესულა.

 

კაკულია თემას კვლავ მიუბრუნდა,  რის შემდეგაც წამყვანმა მას საუბარი ამჯერად გადაცემაში რეკლამის მიზეზით გააწყვეტინა. 

 

რეკლამის გასვლამდე, ეთერში, თეა აბსარიძის სტუმრებთან საუბარი გაიპარა, სადაც იგი გადაცემის სტუმარს TSpress-ის ხსენებას კატეგორიულად უკრძალავდა.

 

აბსარიძე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს მოუწოდებდა, მასალის წყარო და ინტერნეტგამოცემა გადაცემაში არ დაესახელებინა.

 

სავარაუდოდ, თეა აბსარიძეს ეგონა, რომ მის მიერ რეკლამის გამოცხადების შემდეგ ის ეთერში აღარ იყო და შესაბამისად, მისი ხმა არ ისმოდა. თუმცა, ამ დროს მისი "აკრძალვა" ტექნიკური ხარვეზის გამო ეთერში გადაიცა.  

 

ტელეკომპანიამ გადაცემის ჩანაწერი, საკუთარ ვებგერზე მოგვიანებით გამოაქვეყნა, მაგრამ ეთერში გაპარული ხარვეზი ამოჭრილია. თუმცა,  თეა აბსარიძის აღნიშნულ "აკრძალვას" ადასტურებენ გადაცემის სტუმრები, "ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და"ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარცმელიძე.

 

დარცმელიძის თქმით, საუბარი იყო  იმაზე, რომ TSpress-ი არ ეხსენებინათ.

 

-"ის, რაც ეთერში გაიპარა, მხოლოდ ერთხელ ახსენა, რომ არ ახსენოთო. სხვა არაფერი უთქვამს, ამაზე საუბარი შემდეგ არ გაგრძელებულა"- აღნიშნავს დარცმელიძე.

 

თეა აბსარიძის ზემოთაღნიშნულ განცხადება არ უარყოფს ირაკლი კაკულია, თუმცა სიტყვებს ზუსტად ვერ იხსენებს.

 

-"ისე ვიყავი პოლემიკაში შესული, რომ არც გამიგია, რა მითხრა თეამ. თუმცა, მე თავიდან ვახსენე TSpress- ი"- აღნიშნავს კაკულია.

 

ინტერნეტგამოცემა TSpress - მა სრული ჩანაწერის თხოვნით, ტელევიზიას წერილობით მიმართა. ტელევიზიის დირექტორის, გერმანე სალიას თქმით, მისთვის უცნობია, რა მოხდა ეთერში, გადაცემის ჩანაწერი კი, როგორც თავად ამბობს, ვებგვერდზეა ატვირთული.

 

თეა აბსარიძემ ეთერში "გაპარულ აკრძალვაზე" TSpress - თან კომენტარი არ გააკეთა.

 

"თქვენს გამოცემასთან კომენტარს არ ვაკეთებ! იმედია, იწერთ"- აღნიშნა აბსარიძემ სატელეფონო საუბრისას და ტელეფონი გათიშა. 

 

 

მედიაექსპერტი, ზვიად ქორიძეს განცხადებით, მნიშვნელოვანია წამყვანმა რა მიზეზით აუკრძალა სტუმარს ინფორმაციის წყაროს დასახელება. მისი თქმით, შესაძლებელია, ფაქტის გასაჯაროვების შემდეგ, წამყვანი განაწყენებულია, მაგრამ მან აღნიშნულზე კომენტარი უნდა გააკეთოს. მედიაექსპერტი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიამ ჩანაწერიც უნდა გაავრცელოს.

 

"შესაძლებელია მიაჩნდა, რომ თუკი სტუმარი ინტერნეტგამოცემის  სახელს დაასახელებდა, რეკლამა იქნებოდა და არ უნდოდათ უფასო რეკლამის გაკეთება. როცა პოლიტიკოსი მედიასაშუალებას იყენებს დადასტურებულ წყაროდ, ბუნებრივია, ეს ზრდის საზოგადოების ნდობას ამ მედიასაშუალების მიმართ. შესაძლებელია, ამიტომ აარიდა თავი,"- აღნიშნავს ქორიძე.

 

 

ქორიძის შეფასებას არ იზიარებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე,  სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტი გიორგი მგელაძე. მისი თქმით, თუ მსგავს ფაქტს წამყვანის მხრიდან ადგილი ქონდა, ეს არაეთიკური  და არაკოლეგიალური საქციელია. როგორც მგელაძე განმარტავს, არაკომერციული მედიასაშაულების რეკლამირება ვერ მოხდებოდა და ამ მიზეზით, წყაროს არდასახელება  ჟურნალისტურ სტანადარტებში არ ჯდება.

 

"თუ ჟურნალისტი მოუწოდებს რესპოდენტს, არ დაასახელოს ინფორმაციის პირველწყარო მედიასაშაულება, ეს არ არის კარგი ფაქტი. იმიტომ რომ, თუ რაღაც მნიშვნელოვან ინფორმაციას იყენებ, მედიასაშუალებით ჟურნალისტმა უნდა დაასახელოს წყარო და ალბათ, სხვას არ უნდა მოუწოდო, არ დაასახელოს წყარო. შესაძლებელია რაღაც პროდუქცია აკრძალო, მაგრამ არაკომერციული მედიასაშულების, რომელიც გრანტებზეა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აქტივობებს ახორციელებს და საზოგადოებას კანონდარღვევბზე ინფორმაციას აწვდის, ამის რეკლამირება და ამ მიზნით აკრძალვა, გაუგებარია,"- აღნიშნავს გიორგი მგელაძე.

 

გიორგი მგელაძის აზრით, გადაცემის ჩანაწერის სრული ვერსია, სადაც აღნიშნული საუბარი გაიპარა, აუცილებლად უნდა გავრცელდეს.

 

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრის, ჟურნალისტ ლაშა ზარგინავასთვის მედია-წყაროს აკრძალვა მიუღებელია. ზარგინავას თქმით, ის, რომ რესპოდენტი გადაცემაში კონკრეტულ მედიას წყაროდ ასახელებს, გადაცემის შინაარს და კომპეტენციას უფრო საინტერესოს ხდის და ამით არანაირი რეკლამირება არ ხდება. 

 

-"არ მინდა დავიჯერო, რომ წამყვანმა რესპოდენტს TSpress.ge-ს მოხსენიება, სპეციალურად აუკრძალა. უფრო ტექნიკური ხასიათის ხარვეზად მიმაჩნია. თუ ეს ასეა, მაშინ საჯაროდ უნდა იყოს გაცხადებული, რომ „მეცხრე ტალღა“ TSpress.ge-ს ბოიკოტს უცხადებს და ამის მიზეზებიც უნდა დასახელდეს. თუ ამ ყველაფერს გარკვეული პიროვნული დაპირისპირების ელფერი აქვს, არა მგონია,  ჟურნალისტური წრეების სამსჯელო იყოს, ამისთვის სხვა სივრცე არსებობს,"- აცხადებს ზარგინავა.

 

TSpress-ის რედაქტორი ელისო ჯანაშია არაეთიკურს უწოდებს აღნიშნულ ფაქტს და აცხადებს, რომ თეა აბსარიძის მიერ სტანდარტისა და ეთიკის მსგავს დარღვევას, ადგილი ადრეც ქონია. 

 

"პირადად ჩემი და გამოცემის დისკრედიტაცია უკვე წლებია გრძელდება. ხშირ შემთხვევაში, ეს გამოიხატება გამოცემის აქტივობების მიჩქმალვაში, შერჩევით გაშუქებასა და ფაქტების გაყალბებაში. ერთხელ დისკრეტიდაციისა და ფაქტის მიზანმიმართულად დამახინჯების ფაქტებზე, ეთიკის ქარტიას საჩივრითაც მივმართე. საბჭომ დაადგინა, რომ თეა აბსარიძემ დაარღვია ეთიკის ქარტიის ორი მუხლი. მაშინ,  მედიასაშუალება ვალდებული იყო მარეაბილიტირებელი სიუჟეტი გაეკეთებინა, რაც არ მომხდარა. მას შემდეგ ჩვენი ორგანიზაციის მიმართ ფარული ბოიკოტი კიდევ უფრო უხეში ფორმით გაგრძელდა, რისი დადასტურებაც TSpress-ის ხსენების ეთერში აკრძალვის ბოლო ფაქტიცაა" - აცხადებს ელისო ჯანაშია. 

 

ჯანაშია მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი გადაცემის წამყვანს და აღნიშნულ მედიასაშუალებას დადებითად არ წარმოაჩენს და თეა აბსარიძეს მოუწოდებს, თავადვე განმარტოს წლების მანძილზე, მისი მხრიდან სხვადასხვა ფორმით გამოხატული, მსგავსი დისკრედიტაციის მიზეზები.

 

ინტერნეტგამოცემის რედაქცია, გადაცემის დაუმონტაჟებლად გამოქვეყნებასა და "მეცხრე ტალღის" დირექტორის, გერმანე სალიას მხრიდან, ახსნა-განმარტებასაც ითხოვს, რომელიც ამ დრომდე, TSpress-ის სატელეფონო ზარებსა და მესიჯებს არ პასუხობს.

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED