საქართველოში დღეს გლოვის დღეა

2013.05.16 ავტორი: TS

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტს ამ ინიციატივით გუშინ მიმართა.

"1. ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას 2013 წლის 13 მაისს ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად საქართველოში 2013 წლის 16 მაისი გამოცხადდეს გლოვის დღედ.


2. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 16 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნას სახელმწიფო დროშები", - ნათქვამია განკარგულებაში.

 

ოფიციალური ინფორმაციით, ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე 13 მაისს, აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.

 

ჰელმანდის პროვინციის ერთ-ერთ ბაზაზე, თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა. ძლიერი აფეთქების შედეგად ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაზე შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს. შეტევის მოგერიებისას დაიღუპნენ: კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა.

 

2009 წლის ნოემბრიდან, საქართველო ISAF-ის მისიას შეუერთდა. 2011 წლის დეკემბერში, პარლამენტმა პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნა  დააკმაყოფილა და მხარი დაუჭირა ავღანეთში ქვეითთა კიდევ ერთი, 749 ჯარისკაცისგან შემდგარი ბატალიონის გაგზავნას. მანამდე იქ 936 ქართველი ჯარისკაცი ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობდა.

 

საქართველო ნატოს ის არაწევრი სახელმწიფოა, რომელსაც ყველაზე მეტი - 1 685 სამხედრო ყავს ავღანეთში.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED