ბესელიას კადრის მიერ 1000 ლარით გაზრდილი ხელფასი და 42 ათასიანი მანქანა

2013.05.15 ავტორი: იზა სალაყაია

ეკა ბესელიას კადრის, შპს "ინფრასტრუქტურა 2008" - ის დირექტორის, რატი კვანტრიშვილის 3 ათას ლარიან ხელფასზე პრეზიდენტმა ფოთში ვიზიტისას ისაუბრა. აღნიშნული ფაქტი, თავად კვანტრიშვილმა უარყო, თუმცა, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ დანიშვნის დღიდან, კვანტრიშვილმა საკუთარი ბრძანების საფუძველზე, ორი თვის მანძილზე, ხელფასი 1000 ლარით გაიზარდა. 

ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი წევრი, რატი კვანტრიშვილი ფოთში თვითმმართველობის 100 %-იანი წილით დაფუძნებული შპს "ინფრასტრუქრა 2008"- ის დირექტორად, "ქართული ოცნების" წარმომადგენლის დავით სარსანიას მერად დანიშვნის შემდეგ, მერისვე ბრძანებით, მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაინიშნა.

 

კვანტრიშვილმა საცხოვრებელი ადგილიც შეიცვალა და თანამდებობის გამო, თბილისიდან ფოთში გადმოვიდა. 

 

სამსახურის ყოფილი დირექტორს, ირაკლი დუნდუას წინააღმდეგ კი გამოძიება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ტენდერის შედეგად ჩატარებულ უხარისხო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავება.

 


კვანტრიშვილის დანიშვნამდე, "ინფრასტრუქტურა 2008"-ის დირექტორის ხელფასი 1500 ლარს შეადგენდა. თანამდებიბაზე მოსვლიდან 20 დღეში, 1 მარტიდან, საკუთარი ბრძანების საფუძველზე, კვანტრიშვილმა ხელფასი 500 ლარით გაიზარდა.

 

 


ზუსტად 1 თვეში, 1 აპრილს, საკუთარი ხელფასის 500 ლარით გაზრდის შესახებ, მან კიდევ ერთი ბრძანება დაწერა, რის შემდეგაც მისი ხელფასის ოდენობა მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასს გაუტოლდა და 2500 ლარი შეადგინა.

 

 

გაზრდილ ხელფასთან ერთად, ფოთის მერის, დავით სარსანიას გადაწყვეტილებით, რატი კვანტრიშვილს ძვირადღირებული Volkswagen Jetta- ს მარკის ვტომანქანაც გადაეცა, თუმცა თავდაპირველად მანქანის გადაცემის რაიმე იურიდიული საფუძველი, დოკუმენტი არ არსებობდ. მოგვიანებით მერიამ მასთან დროებით სარგებლობის უფლებით ხელშეკრულება გააფორმა.  

 

არჩევნების შემდეგ, ფოთის მერიამ სხვადასხვა უწყებებისთვის გადაცემული მანქანები დაიბრუნა. თავდაპირველად ფოთის მერი, დავთ სარსანია მანქანების აუქციონის წესით გაყიდვასა და თანხის ბიუეჯტში დაბრუნებაზე საუბრობდა, თუმცა, მოგვიანებით, გადაწყვეტილება შეცვალა.

 

მანქანა, რომლითაც ამჟამად კვანტრიშვილი სარგებლობს, წინა ხელისუფლებამ, 2007 წელს, 42 ათას 500 ლარად შეიძინა და ძალოვან  უწყებას გადასცა.

 

"ქართული ოცნების" ოპონენტები ფოთის მაჟორიტარის, ეკა ბესელიას მიერ თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევაზე, ერთპიროვნულად, ახლობლობის ნიშნით განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, ნეპოტიზმსა და თვითმმართველობის ქონებით სარგებლობაზე, ხშირად საუბრობენ.

 

ბოლო პერიოდში კი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბესელიას კადრი გაზრდილი ხელფასის გამოც გააკრიტიკა, რის შემდეგაც, კვანტრიშვილი იძულებული გახდა გაზრდილი ხელფასი კვლავ შეემცირებინა. 1 მაისის ბრძანებით, ამჟამად, მისი ხელფასი საწყის ოდენობას -1500 ლარს გაუტოლდა.

 

 

"ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ვახტანგ დარცმელიძე, კვანტრიშვილის ამ გადაწყვეტილებას, ფაქტის გახმაურების შიშს უკავშირებს.

 

თავად კვანტრიშვილი ხელფასის ზრდას, ქველმოქმედებით ხსნის. მისი თქმით, ის აღნიშნულ თანხას ერთ-ერთ ოჯახს ბანკის ვალის დასაფარად უხდიდა.

 

როგორც დარცმელიძე განმარტავს, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ქველმოქმედების გაღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც "ნაციონალური მოძრაობამ" ის გაზრდილი ხელფასის გამო გააკრიტიკა. 

 

კვანტრიშვილზე პრეზიდენტმა ფოთში ბოლო ვიზიტისას, ტაძრის გახსნის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "კრიმინალი, რომელმაც ჩიორა თაქთაქიშვილი მიტყეპა და დაასისხლიანა, ფოთში, 3 ათას ლარიან ხელფასიან თანამდებობაზე დაუნიშნავთ". 

 

კვანტრიშვილმა, 8 თებერვალს, საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილზე ყოფნა დაადასტურა, თუმცა ჩიორა თაქთაქიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი უარყო.

 

მისი თქმით, ის თავადაა დაზარალებული, რადგან ძველი თბილისის გამგებელი, ნიკა მელია მას ფიზიკურად გაუსწორდა.

 

პრეზიდენტის განცხადება იმავე დღეს უარყო თავად ბესელიამ, რომლის ბიუროგავრცელებული ინფორმაციით, რატი კვანტრიშვილის ხელფასი 1500 ლარს შეადგენდა, თუმცა არაფერი იყო ნათქვამი  კვანტრიშვილის ხელფასის გაზრდის, შემდგომ შემცირებისა და ამის მიზეზების შესახებ.  

 

 

 

*გამოყენებულია ფოტო რატი კვანტრიშვილის facebook-ის გვერდიდან

 

 

ამავე თემაზე:

 

დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები [Video] 

 

პრეზიდენტი ბესელიას გუნდის წევრის კრიმინალზე საუბრობს [Video]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED