მამუკა არეშიძე - პრემიერმა ალბათ, არ იცოდა, ვინ არის გელა მთივლიშილი, თორემ ამას არ ეტყოდა

2013.05.14 ავტორი: თეონა გიგაური

„გელა მთივლიშვილს არ განვაკუთნებ იმ ჟურნალისტებს, ვინც შეიძლება ანგაჟირებული იყოს. ალბათ, პრემიერი ამის თაობაზე პერსონალურად ინფორმირებული არ არის"- განაცხადა  ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა მამუკა არეშიძემ პრემიერ-მინისტრსა და ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს შორის დღეს გამართული პოლემიკის კომენტირებისას.

არეშიძის თქმით, მთივლიშვილი იმ ჟურნალისტთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც საზოგადოებამ განსაკუთრებული პატივი უნდა ცეს, რომ საზოგადოებამდე სიმართლე მოიტანა.

 

-„სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება ბევრწილად გელა მთივლიშვილისნაირმა ჟურნალისტებმა განაპირობეს. ამიტომ, ალბათ, პრემიერს ჟურნალისტებზე პერსონალური ინფორმაცია არ აქვს და ეს მისი პრესცენტრის ნაკლია, თორემ ის არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა ამ ფრაზას და ტყუილში არ დაადანაშაულებდა.

 

მან რომ იცოდეს, გელა მთივლიშვილს რა საქმეები აქვს კახეთში ნაკეთები, ნამდვილად არ იტყოდა ასეთ რამეს.  თუ საშუალება მომეცა, აუცილებლად შევატყობინებ ვინ არის გელა მთივლიშილი“ - განაცხადა TSpress - თან საუბრისას არეშიძემ.

 

დღეს ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს ლაფანყურსა და საქართველოდან გაუჩინარებული მოჯაჰედების საქმის შესახებ კითხვა დაუსვა და გამომძიებელ უწყების ინტერესთა კონფლიქტზე ისაუბრა.

 

ჟურნალისტის კითხვამ პრემიერი გააღიზიანა. პრემიერის განცხადებით, მთივლიშვილისგან მიღებული ინფორმაცია გადამოწმების შემდეგ, ხშირად ტყუილი აღმოჩნდა.

 

პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტმა Ick.ge -ზე  პრემიერის საპასუხო განცხადება გაავრცელა.

 

"რა არის ტყუილი ბატონო პრემიერო? 

 

ლაფანყურის სპეცოპერაცია შსს–მ ჩაატარა და საქმეს ისევ შსს უნდა იძიებდეს? მითუმეტეს ის დეპარტამენტი, რომელიც ვალდებული იყო ყველაფერი გაეკეთებინა, რომ ის დანაშაულები რაც სპეცოპერაციამდე მოხდა, ვგულისხმობ ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდების შეკრებას, შეიარაღებას, გაწვრთნას და დაპირებას, რომ რუსეთში გადასასვლელად კორიდორს მისცემდნენ, არ მომხდარიყო?

 

შს სამინისტრო არ ადასტურებს, რომ მოჯაჰედები გაუჩინარდნენო. აბა რა იქნენ დაღესტნელები მიქაელ ქადოევი და მაგამედ მაგამედოვი? გაფრინდნენ? დავუშვათ და საქართველოდან წავიდნენ. როგორ? მაგამედოვს საბუთები არ ჰქონდა, საზღვარი როგორ გადაკვეთა? ორივეს კი რუსეთი ეძებს. მაგამედოვი საქართველოს ხელისუფლებისგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვდა და სტატუსის მინიჭებამდე გაქრა დღისით. მისი მეუღლის საჩივრის საფუძველზე გლდანი ნაძალადევის პოლიციაში წარმოებაა დაწყებული. ტყუილი როგორაა?

 

წინა პრესკონფერენციამდე შსს ჩემს ადმინისტრაციულ საჩივარზე პასუხს არ მაძლევდა, პრესკონფერენციის შემდეგ 2 დღეში პასუხი ჩამბარდა და ჩემი საჩივარი, რომლითაც სხვადასხვა საჯარო ინფორმაციას ვითხოვდი, დაკმაყოფილდა. რაც შეეხება ჩემს მიერ გახმოვანებულ ფაქტებს, 2 მოქალაქე ამ დრომდე ადასტურებს პოლიციელების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს, ერთმა უარყო ზეწოლის შედეგად. ვითომ რომ ებრძვით პირადი ცხოვრების ხელყოფას, ზუსტად პირადი ცხოვრების ხელყოფით დაემუქრნენ. ეს ის შემთხვევაა, როცა არ შემიძლია ამ საკითხზე ვრცლად საუბარი"- წერს ჟურნალისტი.

 

ამავე თემაზე:

 

ივანიშვილი ლაფანყურსა და გაუჩინარებულ მოჯაჰედებზე

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED