ივანიშვილი ლაფანყურსა და გაუჩინარებულ მოჯაჰედებზე

2013.05.14 ავტორი: TS

პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ლაფანყურსა და საქართველოდან გაუჩინარებული მოჯაჰედების საქმის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მან ჟურნალისტებს მოუწოდა მათ ხელთ არსებული მასალებით არ იხელმძღვანელონ, რადგან ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაცია გადამოწმების შემდეგ ხშირად ტყუილი აღმოჩენილა. რა არის ტყუილი ბატონო პრემიერო? - პრემიერის განცხადებას ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი პრესკონფერენციის შემდეგაც გამოეხმაურა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, კახეთის საინფორმაციო ცენტრის (Ick.ge) ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ლაფანყურისა და საქართველოში გაუჩინარებული ორი მოჯაჰედის თემით დაინტერესდა.

 

ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა, თუ რატომ იძიებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ამ საქმეს და რატომ დაიკარგა საქართველოში ორი მოჯაჰედი, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარი სთხოვეს.

 

მთივლიშვილმა პრემიერს ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით,  სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილისა და საია განცხადებებიც შეახსენა, სადაც პირდაპირ მიუთითებდნენ  ინტერესთა კონფლიქტზე.

 

„საუბარია იმაზე, რომ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი არ უნდა იძიებდეს ამ საქმეს, რადგან შსს თავად იყო სპეცოპერაციის ორგანიზატორი,“- აღნიშნა მთივლიშვილმა.

 

პრემიერის განცხადებით, აღნიშულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს. როგორც მან  ჟურნლისტს განუმარტა, გაარკვევს რამდენად ობიექტურია მის მიერ დასმული კითხვა.

 

„ლაფანყურის შემთხვევაზე, ვინ იძიებს,  რატომ იძიებს  და მოჯაჰედებზე, საერთოდ ვერაფერს ვერ გეტყვით. ამას მე აუცილებლად გავიკითხავ. გავარკვევ  რამდენად ობიექტურია თქვენი შეკითხვა და ის ეჭვი, რომელსაც ამის შესახებ გამოთქვამს უფლებადაცველი ნანუაშვილი. სხვათაშორის, ვერ ვერევი, ყველაფერს ვერ ვაკონტროლებ,“ - აღნიშნა პრემიერმა.

 

საკითხს პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  შსს- გან მიღებული ინფორმაციით, მოჯაჰედების გაუჩინარების ფაქტი არ დასტურდება.

 

პრესსამსახურის განცხადებას, პრემიერსა და ჟურნალისტ  შორის პოლემიკა მოჰყვა.

 

ივანიშვილის განცხადებით, ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაცია გადამოწმების შემდეგ ხშირად ტყუილი აღმოჩენილა, თუმცა განმარტა, რომ საუბარი არა ტყუილზე, არამედ საკითხის დაზუსტებაზეა.

 

„თქვენ გაქვთ თქვენი კვლევა, კითხვის დასმის საშუალება, ჩვენ გვექნება რეაქცია,“- განაცხადა პრემიერმა.

 

პრესკონფერენციაზე გაკეთებულ პრემიერის განცხადებას, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი Ick.ge - ით გამოეხმაურა.

 

"რა არის ტყუილი ბატონო პრემიერო? 

ლაფანყურის სპეცოპერაცია შსს–მ ჩაატარა და საქმეს ისევ შსს უნდა იძიებდეს? მითუმეტეს ის დეპარტამენტი, რომელიც ვალდებული იყო ყველაფერი გაეკეთებინა, რომ ის დანაშაულები რაც სპეცოპერაციამდე მოხდა, ვგულისხმობ ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდების შეკრებას, შეიარაღებას, გაწვრთნას და დაპირებას, რომ რუსეთში გადასასვლელად კორიდორს მისცემდნენ, არ მომხდარიყო?

 

შს სამინისტრო არ ადასტურებს, რომ მოჯაჰედები გაუჩინარდნენო. აბა რა იქნენ დაღესტნელები მიქაელ ქადოევი და მაგამედ მაგამედოვი? გაფრინდნენ? დავუშვათ და საქართველოდან წავიდნენ. როგორ? მაგამედოვს საბუთები არ ჰქონდა, საზღვარი როგორ გადაკვეთა? ორივეს კი რუსეთი ეძებს. მაგამედოვი საქართველოს ხელისუფლებისგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვდა და სტატუსის მინიჭებამდე გაქრა დღისით. მისი მეუღლის საჩივრის საფუძველზე გლდანი ნაძალადევის პოლიციაში წარმოებაა დაწყებული. ტყუილი როგორაა? "- წერს ჟურნალისტი.

 

მთვლიშვილი განმარტებას ივანიშვილის მიერ ტყუილად მოხსენიებულ სხვა ფაქტებზეც აკეთებს.

 

"წინა პრესკონფერენციამდე შსს ჩემს ადმინისტრაციულ საჩივარზე პასუხს არ მაძლევდა, პრესკონფერენციის შემდეგ 2 დღეში პასუხი ჩამბარდა და ჩემი საჩივარი, რომლითაც სხვადასხვა საჯარო ინფორმაციას ვითხოვდი, დაკმაყოფილდა. რაც შეეხება ჩემს მიერ გახმოვანებულ ფაქტებს, 2 მოქალაქე ამ დრომდე ადასტურებს პოლიციელების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს, ერთმა უარყო ზეწოლის შედეგად. ვითომ რომ ებრძვით პირადი ცხოვრების ხელყოფას, ზუსტად პირადი ცხოვრების ხელყოფით დაემუქრნენ. ეს ის შემთხვევაა, როცა არ შემიძლია ამ საკითხზე ვრცლად საუბარი"- აღნიშნავს მთივლიშვილი

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED