რა შუაშია ფოთის საჯარო მოხელეთა პრემიებთან პატრიარქი? [Video]

2013.05.02 ავტორი: იზა სალაყაია

სააღდგომოდ,პრემიების დარიგების მოთხოვნით, მერიის თანამშრომლები, მეორე დღეა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში მერთან შეხვედრას მართავენ. ფოთის მერის დავით სარსანიას გაადწყვეტილებით კი, თანამშრომელთა ფულადი წახალისების, პრემირების პრაქტიკა გაუქმდება.

"მაქვს სურვილი, პრემიისთვის განკუთვნილი ნახევარი მილიონით, სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამები გავზარდოთ. პრემიები არ დარიგდება. ჩვენ ხელისუფლებაში პრემიების დასარიგებლად არ მოვსულვართ"– განაცხადა ფოთის მერმა, დავით სარსანიამ თანამშრომლებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, პრემიაზე თავადაც უარს ამბობს. 

 

მერის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ბაბილუა.

 

"პრემიისთვის თანხები ბიუჯეტში თავიდანვე იყო ჩადებული. მისი არც გაცემაა დანაშაული და არც არგაცემა, მაგრამ რადგან ასეთი ბრწყინვალე დღესასწაულია, თანამშრომელთა ფულადი წახალისება სწორად მიმაჩნია"– აცახდებს TSpress - თან საუბრისას ბაბილუა, თუმცა კანონი დღესასწაულებზე თანამშრომელთა პრემირებას არ ითვალისწინებს.

 

კანონის თანახმად, პრემია არის ფულადი წახალისების ფორმა სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვისაა გათვალისწინებული, რასაც საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე და 74 -ე მუხლი და „ორგანული კანონის" 39-ე მუხლი არეგულირებს.

 

კონკრეტულად რა დამატებითი და წარჩინებული სამუშაოსთვის ითხოვს მერიის ყველა თანამშრომელი პრემიას შეხვედრაზე, არ განუმარტავთ.

 

მერის გადაწყვეტილებამ თანამშრომლეთა პროტესტი გამოიწვია. მათი თქმით, უკანონობაა, როცა ბიუჯეტში მათი პრემირებისთვის განკუთვნილი თანხა, სხვა რამეს ხმარდება.

 

"თქვენ თქვით უარი, ჩვენ მოგვეცით... ასეთ ბრწყინვალე დღესასწაულზე, როგორ შეიძლება, პატრიარქის მოლოდინშია ჩვენი ქალაქი და ეს გაუხარდება? როგორ შეგიძლიათ თანხა არ გასცეთ....სხვა დღესასწაულებზე არ ვითხოვთ, ოღონდ ახლა მოგვეცით."– ითხოვდნენ საკრებულოს დარბაზში შეკრებილები.

 

შეხვედრაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები შევიდნენ და მერის გადაწყვეტილების შეფასება სცადეს.

 

"რა პრემიები უნდათ, რა გააკეთეს, ნახევარი ქალაქი შიმშილობს. პატრიარქს ის არ გაუხარდება, შეჭირვებულებს რომ მოხმარდება ეს თანხა?" – აღნიშნა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

 

შეჭირვებულ მოსახლეობისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების სიმწირეს, არც მუნიციპალიტეტის თანამშრომლები უარყოფდნენ.

 

"იმდენი ადამიანი რომ მოდის დასახმარებლად და მუნიციპალიტეტს მათთვის მხოლოდ ათასი ლარი აქვს, რა ვქნათ, როგორ დავეხმაროთ?!"– აღნიშნა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთმა თანამშრომელმა.

 

ერთ– ერთი მათგანი კი,  სარსანიას სოციალური მდგომარეობით დაინტერესდა.

 

–"თქვენი მეუღლე საერთოდ თუ დადის ბაზარში?! ჩვენ კი ჯერ პასკა და კვერცხიც არ გვიყიდია."– აღნიშნა მან. მერმა კი, მისი სოციალურ– ეკონომიკური მდგომარეობის  შესამოწმებლად, საკუთარ სახლში დაპატიჟა, იქვე კი საფულე ამოუღო და მისი შემოწმება თხოვა.

 

"ცარიელი საფულით, მის შესავსებად თუ მოვიდა მერი, სულაც არაა კარგი"– აღნიშნა ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო ჯიბლაძემ.

 

მერის გადაწყვეტილება კვლავ "მაჟორიტარის სურვილად" შეაფასეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. მათი თქმით, სარსანიამ გადაწყვეტილება ბესელიასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო

 

საკრებულოს ფრაქცია "ნაციოანლების" წევრის, ვახტანგ დარცმელიძეს განცხადებით, თავის დროზე, მერი თანამშრომლებს, პრემიის 3-ჯერ გაცემას დაპირდა, თუმცა ბესელიას სურვილი იყო, თანხა არ გაცემულიყო, რაც შეასრულა კიდეც.

 

შეხვედრის დასასრულს, პრემიებზე უარის მიღების შემდეგ, მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის წევრებს, პრეზიდენტს და მაღალჩინოსნებს საკუთარი ხელფასების შემცირებისკენ და რიგითი თანამშრომლის ხელფასის გაზრდისკენ მოუწოდეს. 

 

 

 

წლების განმავლობაში მერია  პრემიის სახით  ხელფასზე დანამატს თითქმის ყველა დღესასწაულზე წელიწადში 5– 6 ჯერ გასცემდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, 500– 800 ათას ლარამდე იხარჯებოდა.

 

2012 წელს, მერიამ პრემია სხვადასხვა დღესასწაულების გარდა, წინასაარჩევნო პერიოდშიც, 6-ჯერ გასცა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  870 ათას ლარი გამოიყო. ხელფასის ოდენობის პრემიები, განურჩევლად ყველა თანამშრომელზე გაიცემოდა. 

 

შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის წლიური დაფინანსება 100 ათას ლარს შეადგენდა,  რაც ერთ თვეში გასაცემი პრემიის ოდენობის ტოლი იყო. 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED