პასკა და სანთლები მერის ავტოგრაფით [Video]

2013.05.02 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის მერიაში შეკრებილი საჯარო სამსახურის თანამშრომლები, მერისგან პრემიას ხან კატეგორიულად თხოვდნენ, ხან ეხვეწებოდნენ და მის სახელზე პასკის ყიდვასა და სანთლის დანთებასაც პირდებოდნენ, მაგრამ ამის სანაცვლოდ, მისგან ერთ "ავტოგრაფს" ითხოვდნენ. მათ მხარს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უჭერდნენ. 

 

საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას ფოთის მერი, დავით სარსანია და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ბაბილუა ესწრებოდნენ.

 

საჯარო სამსახურში დასაქმებულების თქმით, მერად დანიშვნის პირველსავე დღეს, დავით სარსანიამ, წლის განმავლობაში გასაცემი პრემიის ოდენობა გაანახევრა და ფულად წახალისებას, წელიწადში სამჯერ, სხვადასხვა დღესასწაულებზე დაპირდა.

 

მათი თქმით, მერიას ჯერ არცერთი პრემია არ გაუცია."ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების თქმით, პრემიის გაცემა გადაწყვეტილი იყო, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მაჟორიტარ ეკა ბესელიას ვიზიტის შემდეგ, გადაიფიქრეს.

 

"ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, საკრებულოს წევრ ვახტანგ დარცმელიძის განცხადებით, მერი ბესელიასთან შეუთანხმებლად, ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

 

მან სარსანიას შეახსენა, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობის მხარადჭერით გახდა მერი და დამოუკიდებელი თვითმმართველობის განხორციელებისკენ მოუწოდა.

 

"ამ ქალის გარეშე, ვერცერთ საკადრო ცვლილებას ვერ ახორციელებ. სანამ მისგან არ მიიღო "დაბრო", მანამდე ვერ დანიშნა ვასილ თოდუა (მერის მოადგილე), რამდენი ხანია, მეორე მოადგილის დანიშვნის გადაწყვეტილებაც ვერ მიიღეს. თბილისიდან ჩამოსულ კადრებს 2 ათას ლარიან ხელფასებს უნიშნავთ და ადგილობრივებს კუთვნილ პრემიებზეც უარს ეუბნებით?!"– განაცხადა დარცმელიძემ.

 

შეხვედრაზე ყველაზე მეტად ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის თანამშრომელი, ნინო ჯიბლაძე აქტიურობდა.

 

"წელიწადში ერთხელ ჩვენი პრემიის გაცემა გახდა სალაპარაკო? ათასები აქვთ ხელფასი. ხალხი ჰავაის კუნძულებზე ისვენებს და მე მამაჩემისთვის სააღდგომოდ პასკა და კვერცხი ვერ მიყიდია"– განაცხადა ჯიბლაძემ.

 

მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" გუნდის შიგნით მერის იმპიჩმენტს გეგმავენ. ჯიბლაძე მერს "კარტების გახსნას"და საკრებულოსთან ერთად გვერდში დგომას დაპირდა, თუმცა, მანამდე პრემიის გაცემის დაპირების შესრულება თხოვა.

 

"არავის მივცემთ საშუალებას დათო სარსანია მერობდიან გადააყენონ. ჩვენ არა ვართ თქვენი მტერი, დაგიდგებით გვერდში. კაცს მოვკლავ და წავალ ციხეში, მეტი რა ვქნა? ოღონდ გადადგი ნაბიჯი და გვანახე, რომ შენ ჩვენს გვერდით დგახარ,"– აღნიშნა ჯიბლაძემ.

 

ფოთის მერის, დავით სარსანიას განცხადებით, თუკი საჯარო სამსახურში დასაქმებული, რომლის ხელფასი 400– დან 900 ლარამდე მერყეობს მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ ფონზე მიუთითებს, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფმა, უმუშევარმა მოქალქემ რა უნდა თქვას.

 

მისი თქმით, სამართლიანი პრინციპი იქნება, თუ ეს თანხა შეჭირვებული მოსახელობის მატერიალურ დახმარების პროგრამას დაემატება, რამაც მერიის თანამშრომელთა გაღიზიანება გამოიწვია.

 

შეკრებილებს ფოთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ხვალისთვის დაპირდნენ.

 

–"გვაჩუქეთ თქვენი ერთი ავტოგრაფი (პრემიის ბრძანებაზე ხელმოწერა-ავტ) და ამ სააღდგომოდ ყველა დაგლოცათ. თქვენ სახელზე პასკას ვიყიდით, სანთელს დავანთებთ"– ამ სიტყვებით გააცილეს მერი შეკრებილებმა.

 

ფოთის მერმა "ნაციონალების" ბრალდებაზე თვითმმართველობის საქმიანობაში ბესელიას ჩარევისა და მისგან მიღებული დირექტივების შესრულების, თანამშრომელთა გათავისუფლება–შერჩევის საკითხზე TSpress - თან კომენტარი არ გააკეთა.

 

 

პრემია არის ფულადი წახალისების ფორმა სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვისაა გათვალისწინებული, რასაც საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე და 74 -ე მუხლი და „ორგანული კანონის" 39-ე მუხლი არეგულირებს.

 

კონკრეტულად რა დამატებითი და წარჩინებული სამუშაოსთვის ითხოვს მერიის ყველა თანამშრომელი პრემიას შეხვედრაზე, არ განუმარტავთ.

 

"იმ ფონზე, როდესაც თვითმმართველობის ადმინისტრაციული ხარჯები ისედაც შეადგენს ქალაქის ბიუჯეტის 30 პროცენტს, სრულიად გაუმართლებელია თვითმმართველობის მთელმა შემადგენლობამ მიიღოს დაუსაბუთებელი, არაკანონიერი პრემიები. კანონში პირდაპირ წერია თუ რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს საჯარო მოხელემ პრემია"– აცახდებს TSpress - თან საუბრისას "ქართული ოცნების" წევრი, იურისტი გიორგი მოისწრაფიშვილი.

 

აღნიშნული თანამშრომლები, საფუძვლის განმარტების გარეშე, განურჩევლად ყველა, უკვე წლებია, ხელფასის გაორმაგებულ ოდენობის პრემიას ყველა დღესასწაულზე იღებენ.

 

გასულ წელს, მერიამ პრემიის სახით  ხელფასზე დანამატი 6-ჯერ გასცა, პრემიის ოდენობა 1 თვის ხელფასის ტოლია, რისთვისაც ბიუჯეტიდან  870 ათას ლარი გამოიყო. ფულადი წახალისება სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულების გარდა დამატებით წინასაარჩევნო პერიოდშიც გაიცა.

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED