ნატოში ინტეგრაციაზე გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას გია ხუხაშვილი უარყოფს

2013.05.01 ავტორი: თეონა გიგაური

„გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ გამოქვეყნებული სტატიის სათაურში, აბსოლუტური ტყუილია გამოტანილი. მოკლედ, სრული დეზინფორმაცია. გავერკვევი და მივიღებ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცე ამ გაზეთთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილმა TSpress.ge-სთან საუბრისას.

მისი თქმით, სხვა რაღაც წერია ტექსტში და სათაურში სრულიად საწინააღმდეგო აზრია გამოტანილი. 


 

„აბსოლუტურად შეტრიალებულია კონტექსტი და პირდაპირ ვიტყვი - ეს არის ბინძური შავი პიარის კლასიკური ნიმუში და მეტი არაფერი,“ - აცხადებს ხუხაშვილი. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ნატოში ინტეგრაციის საკითხზე გამოკითხვა არ უნდა ჩაატაროს და „რეფერენდუმი ხომ საერთოდ აბსურდია“. 

 

 

„თუ ჩემი პოზიცია გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ ნატოსთან დაკავშირებით ქართველმა ხალხმა საკუთარი აზრი უკვე გამოხატა და არათუ რეფერენდუმი, გამოკითხვის ჩატარების საჭიროებასაც ვერ ვხედავ, მაგრამ თუ ვიღაცას - კერძო პირს და არა ხელისუფლებას, მაინცდამაინც სურს გამოკითხვის ჩატარება, წავიდეს და ჩაატაროს საკუთარი ძალებით, ხომ ვერ აუკრძალავ?!“ - განუცხადა ხუხაშვილმა TSpress.ge-ს. 

 

 

ცნობისთვის: გაზეთ „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ხუხაშვილი ნატოში შესვლასთან დაკავშირებით გამოკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს: „ახალი გამოკითხვის ჩატარება ნატოში შესვლასთან დაკავშირებით აუცილებელია, რადგან ხშირად ხდებოდა სოციოლოგიური კვლევებით მანიპულირება წინა ხელისუფლების დროს.

 

გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ არა მგონია, რომ მისი დამკვეთი ხელისუფლება უნდა იყოს. თუ ვინმეს აინტერესებს ამ გამოკითხვის ჩატარება, შეუძლია დამოუკიდებლად მოაგვაროს ეს საკითხი.

 


გამოკითხვებში, რომლებიც ამ თემაზე ჩატარებულა, კითხვაზე _ გსურთ თუ არა ნატოში გაწევრიანება? _ პასუხი, ძირითადად, დადებითი იყო. გამომდინარე იქიდან, თუ რა პრობლემები გვაქვს დღეს რუსეთთან, ადამიანები ფიქრობენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, თავდაცის გარკვეულ საშუალებაზე და ასეთ საშუალებად განიხილება ნატო,“ - განუცხადა ხუხაშვილმა გამოცემას.

 

 

 

ხუხაშვილის კომენტარი გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის მხოლოდ ერთი ნაწილია. მოგვიანებით სხვადასხვა გამოცემებმა, აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სტატიები გამოაქვეყნეს, რომელთა სათაურის მიხედვით, „ხუხაშვილი ნატოზე ახალი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს“.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სოციოლოგიურ გამოკითხვებთან ერთად, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩატარებული პლებისციტის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 77 პროცენტი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მომხრეა.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED