თენგიზ გუნავა - მზად ვარ კონსტრუქციულად სათანამშრომლოდ, თუმცა ესენი თავს მარიდებენ

2013.04.29 ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა მიიჩნევს, რომ თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან კოჰაბიტაცია ძალიან რთულად მიმდინარეობს. მისი თქმით, რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მისი გვერდის ავლით მსჯელობენ და გადაწყვეტილებასაც მის გარეშე იღებენ.

რწმუნებულებს ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება ევალებათ, თუმცა, მისი წინამორბედები აშკარად გაცილებით მეტს ცდილობდნენ, რასაც ვერ ვიტყვით ამჟამინდელ გუბერნატორზე, რომელსაც კანონით მინიჭებული მინიმალური უფლებებიც აღარ აქვს. 

 

როგორ აფასებს განვითარებულ მოვლენებს რეგიონსა და ქვეყანაში პრეზიდენტის რწმუნებული არჩევნების შემდეგ? ამ და სხვა საკითხებზე TSpress-ი თენგიზ გუნავას ესაუბრა:

 

-       ბატონო თენგიზ, რა შეიცვალა რეგიონში თქვენი მხარის რწმუნებულად დანიშვნის შემდეგ?


-         საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული პროექტები ფაქტობრივად შეჩერებულია. გზები საერთოდ არ კეთდება, ახლა დაიწყეს რამდენიმე სოფელში ნაწილობრივ პროექტირება, თუმცა ეს საკმარისი არაა. როცა აღმშენებლობა მიდის, ბევრია დასაქმებული და კმაყოფილი, თუმცა არც ესაა საკმარისი.

 

ჩვენ მიერ დაწყებული ანაკლია-განმუხურის კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის პროექტი უკვე დასასრულს მიუახლოვდა. ანაკლიის განვითარების კუთხით ძვრები არ არის. ლაზიკაზე საერთოდ დაკონსერვებულია. რეგიონის მასშტაბით ხალხი არაა კმაყოფილი. ერთადერთი რაც გააკეთეს და იქაც პრობლემებია სოფლის მეურნეობის ვაუჩერების დარიგებაა.

 

პრობლემებია იმიტომ, რომ ძალიან ბევრს არ ერგო ვაუჩერი და არც ის იციან როდის მისცემენ. სიებში ხალხია გამოტოვებული. დამატებითი სიებიც გაიგზავნა, მაგრამ არანაირი პასუხი არაა. ერთადერთი იმის თქმა შეიძლება, რომ ვაუჩერი ნაწილობრივ დაარიგეს, სხვა არაფრის. დღეს ყველაფერი გაჩერებულია და არ ვიცი რას ელოდებიან ან რისი იმედი აქვთ?! პრესპექტივაც კი არ ჩანს იმის, რომ განმუხური-ანაკლიის პროექტი გაგრძელდეს, ლაზიკასა და მესტიის განვითარებაზე ლაპარაკიც არაა.

 

-         თქვენ, როგორც მხარის გუბერნატორს, თანამშრომლობის ამ ფორმის გამოსწორების რა ბერკეტი გაგაჩნიათ?


-         თანამშრომლობის გამოსწორების რა ბერკეტი მექნება მე, როცა მმართველი ძალაში ესენი არიან?! ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ, რეკომენდაციები მივცეთ, თუმცა ესენი ჩემთან ურთიერთობას ძალიან ერიდებიან. მე მზად ვარ მხარის ყველა გამგებელთან, საკრებულოს თავმჯდომარესა და სხვა საჯარო სამსახურის წარმომადგენლებთან კონსტრუქციულად ვითანამშრომლო, ამას მე ხშირად ვიმეორებ, მაგრამ რატომღაც ისინი ამას თავს არიდებენ.

 

ჩემი სახელი და გვარი, ცოტა სხვაგვარად ჩანს და თენგიზ გუნავასთან ურთიერთობა, ალბათ იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რაიონის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს სხვაგვარად შეხედონ. ამის გამო ერიდებიან ჩემთან ურთიერთობას, სხვა მხრივ, ჩემთან პიროვნულად რაიმე პრობლემა კი არ აქვთ. მუნიციპალიტეტებისა და ჩვენი ურთიერთობა ძალიან ცუდად მიმდინარეობს, ფაქტობრივად, არცაა ეს ურთიერთობა და მუშაობა. 

 

-         რეგიონის განვითარება მუშაობის ამ პირობებში როგორ მიგაჩნიათ შესაძლებლად?


-         თქვენ შეგიძლიათ ეს კითხვა მათაც დაუსვათ. მე რამდენჯერმე მოვიწვიე, ვუთხარი, რომ მათთან მხარის საკეთილდღეოდ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის მზად ვარ. ძალიან ბევრი მითვლის, რომ ჩემთან პიროვნულ დონეზე ურთიერთობის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ თავს იმიტომ იკავებენ, რომ ვიღაცები არ გაანაწყენონ. ამგვარი ვითარება სხვა რეგიონებშიცაა, მაგრამ განსაკუთრებით ჩემთან. ე.წ კოჰაბიტაცია ძალიან ცუდად, თითქმის არ მიმდინარეობს. 

 

-         როგორც ამბობთ, თქვენთან თანამშრომლობას რეგიონის საჯარო მოხელეები ერიდებიან, ცენტრალური მმართველობასთან თანამშრომლობის კუთხითაც იგივე სიტუაციაა? ცოტა ხნის წინ, რეგიონს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეწვია, თუ შეხვდით მას?


-       დავით სერგეენკოს ვიზიტისას, იგი მხოლოდ გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა, მე მიწვეულიც კი არ ვიყავი. ბუნებრივია, ვიცოდი მისი აქ ყოფნის შესახებ, მაგრამ თუ არ მიგვიწვევდნენ, ისე ხომ ვერ მივიდოდი?! როგორც გავიგეთ ახალი სახელმწიფო კლინიკის აშენება იგეგმება ზუგდიდში, არც ამასთან დაკავშირებით უკითხავს ვინმეს ჩვენთვის აზრი.

 

-         ამგვარი ურთიერთობის მიუხედავად, რეგიონის განვითარების კუთხით რა გეგმები გაქვთ?


-         რეგიონში გასაკეთებელი ძალიან ბევრია. მოგეხსენებათ, რეგიონის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით სპეციალური გუნდი მუშაობს. ამ პერიოდისთვის, კმაყოფილი ვარ-მეთქი მთავრობის მუშაობით, ვერ გეტყვით, რადგან არაფერი კეთდება. მუნიციპალიტეტების მუშაობას რაც შეეხება, ძირითადად დამოკიდებულები არიან დაფინანსებაზე. ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტების უმრავლესობა შეჩერებულია, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეს მუნიციპალიტეტების ბრალია. ეს ზოგადად მთავრობის ბრალია. რაც მიმდინარეობდა, ზუგდიდის იუსტიციის სახლის პროექტი, ძალიან ნელი ტემპებით მიიწევს წინ. ამის გამოსწორების არანაირი ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნია.

 

-           სახალხო დამცველი არასახარბიელო ვითარებაზე საუბრობს საზღვრისპირა სოფლებში, რა მდგომარეობაა, თქვენ რას გვეტყვით?


-         ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილთათვის რამდენიმე ბინის აშენებას გეგმავს. თუ გაკეთდა ძალიან კარგი იქნება და ბუნებრივია, ჩვენ ამას მივესალმებით. იმის მომხრეები ვართ, რომ მათი ცხოვრება ძირეულად და უკეთესობისკენ შეიცვალოს.  მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს იმაში, რაც ჩვენც გვეხება, სხვა არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, მათ შორის, არც დაფინანსება.

 

აქვე, რამდენიმე სიტყვა ჯანდაცვასთან დაკავშირებითაც მინდა გითხრათ. როგორც ვიცი, ადრე ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა გარკვეული კვოტა, რის მიხედვითაც გუბერნატორის აპარტას მოქალაქეების ჯანდაცვის დაფინანსება და დახმარება შეეძლო. ჩვენ ადამიანებს სამინისტროსთან შუამავლობას ვუწევდით, ახლა ესეც შეჩერებულია. რა შუამდგომლობაც აქამდე დავაყენეთ სამინისტრომ უკან დაგვიბრუნა. კარგი იქნება თუ ამგვარი სისტემა აღდგება.

 

-         რამდენიმე დღის წინ ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ გუბერნიისა და სამი მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულების გარდა, რეგიონში პრემიები მიმდინარე წელს სამჯერ დარიგდა. რატომ არ გასცემს მხარის ადმინისტრაცია პრემიებს?


-         მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს, გუბერნიას დაახლოებით 300-400 ათასი ლარით შეუმცირდა დაფინანსება. ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს პრემიების გაცემის შესაძლებლობა. თუ ფინანსთა სამინისტრომ ამის შესაძლებლობა მოგვცა, დავარიგებთ ხელფასების ნახევარს, აქამდე არ გვქონდა ამის ფუფუნება. თუმცა, მიმაჩნია, რომ რეგიონში იმაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია გასაკეთებელი, ვიდრე პრემიების დარიგებაა.

 

-         ბოლო ხანებია, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილზე  საუბრობენ, წერილში  ვანო მერაბიშვილისადმი ბრალდებებზეცაა საუბარი, რამდენად შეესაბამება ეს წერილი რეალობას, როგორ ფიქრობთ?


-         წერილის შემდეგ გავიგეთ პირველად, რომ დათა ახალაიას სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი ჰქონდა. გასაგებია, რომ მისი ადვოკატი საზოგადოებას ამ წერილის სანდოობაში არწმუნებს, მაგრამ მე არ ვიცნობ მის ადვოკატს. დათა ახალაია არის ვაჟკაცი ადამიანი და თუ სათქმელი აქვს პირადად იტყოდა და ამ ყველაფრის „ფეისბუკით“ თქმა საეჭვოდ მეჩვენება. იმ შემთხვევაში დავიჯერებ, როცა ადამიანი გამოვა და იტყვის. 

 

 

-         ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, როლანდ ახალაიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაზეც საუბრობდნენ...


-         როლანდ ახალაიას „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუტოვებია. იგი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ჩამოდის ხოლმე ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში და მუშაობს. ხან ზუგდიდშია, ხანაც ქუთაისში.

 

-         „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილს მხარდამჭერები შეკრიბა, რამდენად კმაყოფილი ხართ ამ აქციით და რა იქნება თქვენი გუნდის მომდევნო გეგმა?


-      აქცია ჩატარდა და თქვენც დაინახეთ, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა იმ კურსის მხარდასაჭერად, რომელსაც ევროპასთან და ნატოსთან ინტერგრაცია ჰქვია. ეს კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი იყო, რომ საზოგადოებას არ უნდა უკან, რუსეთისკენ დაბრუნება. თქვენ ხედავთმ რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ისეთ განცხადებას აკეთებს, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება.

 

ის ფაქტი, რომ აცხადებენ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყოო, ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რაც მიუღებელია. მე ამ მოვლენების უშუალო მონაწილე ვარ და ვინ თუ არა მე ვიცი, ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება აბსურდია.

 

იმიტომ რომ რუსეთს არ ეწყინოს და ლოიალურები გავხდეთ, ეს აამებს რუსეთს და ავნებს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ამას სანამ პირში სული გვიდგას არ დავუშვებთ. თუ ყინულის გალღობაზეა საუბარი სხვაგვარათ შეიძლება ამის გაკეთება და არა ისე, როგორც ევროპის ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. რუსეთის წინააღმდეგ ერთი სიტყვაც არ დასცდენია. არის თუ არა რუსეთი ოკუპანტიო, რამდენჯერმე ჰკითხეს და ამასაც თავი აარიდა. 

 

-         და ბოლოს, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი?


-         ბუნებრივია, გუნდში ამ საკითხზე მიდის მუშაობა და მსჯელობა. კანდიდატებიც არსებობენ, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი ვინები არიან. როცა დრო მოვა, გუნდი ამას იტყვის.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED