ფოთის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში არასამთავრობოები არ შეიყვანეს

2013.04.26 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის მერიის თანამშრომლებს მაისის თვეში ატესტაცია ჩაუტარდებათ. მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა ახლებურად დაკომპლექტდა. 

 

კომისიიდან ამოღებულ იქნა "სამართლიანი არჩევნების" ფოთელი კოორდინატორი, თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიზეზს ხელისუფლება არ აკონკრეტებს. ყოფილი მმართველი პარტია, რომელთა უმრავლესობითაც იყო დაკომპლექტებული წინა კომისია, ატესტაციას "ფარსს" უწოდებს და კომისიას მიკერძოებაში ადანაშაულებს.

 

ფოთის მერიამ თანამშრომლების შემცირებისა და ახლის შერჩევის გადაწყვეტილება მიიღო და თანამშრომელთა ატესტაცია 15– 23 მაისის ჩათვლით გადაწყვიტა. თანამშრომლები, რომლებიც დადებით შედეგს ვერ მიიღებენ, სამსახურიდან გათავისუფლდებიან და მათ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდება.

 

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ბაბილუას გადაწყვეტილებით, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის შემადგენლობა "გადახალისდა", რაც გულისხმობს იმას, რომ 13 წევრიანი კომისია 9 წევრამდე შემცირდა და კომისიის  ზოგიერთი წევრი შეიცვალა.

 

კომისიის შემადგენლობაში არიან:

 

დავით ბაბილუა - ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე.(ყოფილი ნაციონალი, არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელი ფრაქცია "კოლხეთის" წევრი)

 

დავით სარსანია - ფოთის მერი("ქართული ოცნება")

გოჩა დოლბაია – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "დემოკრატიული მოძრაობა – საქართველოს" სამეგრელოს კოორდინატორი;

ირაკლი კაკულია – „ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ენვერ სიჭინავა – საკრებულოს წევრი. (ყოფილი ნაციონალი, არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელი ფრაქცია "კოლხეთის" წევრი)

დათო კვიციანი – „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრი.  ამჟამად, კერძო კომპანიის იურისტი;

ალფონს მეტაქსა – ფოთის საპატიო მოქალაქე.

კახა გუგუჩია – საკრებულოს წევრი, (ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა") 

გია სალია – ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ დირექტორი.

 

კომისია 13 წევრისგან იყო დაკომპლექტებული.

 

ამჟამად, წინა კომისიის შემადგენლობიდან კომისიაში აღარ ირიცხებიან: დარეჯან ცხვიტარია (ნაციონალური მოძრაობა), ია თოდუა (სამართლიანი არჩევნების ფოთის კოორდინატორი), უშანგი გეგენავა (საზოგადოებრივი სათათბიროს წევრი), თენგიზ სარიშვილი (საკრებულოს წევრი, "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარობის დეპუტატი),  ინგა გვასალია (ჟურნალისტი, გაზეთ "მთავარი სამეგრელოში" რედაქტორი), მაია მაკალათია (მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი)

 

„ნაციონალური მოძრაობისა“ და საკრებულოს წევრის, დარეჯან ცხვიტარიას თქმით, კომისია „ქართული ოცნების“ წევრებისგანაა დაკომპლექტებული, რაც ობიექტურობას გამორიცხავს.

 

„ყველაფერი ფარსია, უკვე გადაწყვეტილი აქვთ და წინასწარ იციან შედეგები. ერთი მიზანი ამოძრავებთ, როგორმე გაყარონ მათთვის არასასურველი კადრები. კომისიიდან გამომიყვანეს, რადგან იცოდნენ მე უსამართლობაზე თვალს არ დავხუჭავდი. პარტიის თავმჯდომარეს რა უნდა კომისიაში? საკრებულოს წევრია, სპეციალისტი თუ რა სტატუსიტაა მოწვეული“– აღნიშნავს ცხვიტარია.

 

მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისია თავდაპირველად, ფოთის მერის პოსტზე გამოცხადებული კონკურსის დროს შეიქმნა და მან აირჩია მერად, დავით სარსანიას კანდიდატურა. თუმცა კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმი იმ დროსაც და ამჟამადაც, უცნობია. საკრებულოს თავმჯდომარე ამ პრინციპად მხოლოდ იმას ასახელებს, რომ ისინი "დადებითი პიროვნებები" არიან.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ფოთელი კოოორდინატორისთვის, კომისიიდან მისი ამოღების მიზეზი უცნობია. ცნობისათვის: აღნიშნული ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სამსახურებში მიმდინარე რეორგანიზაციასა და საკადრო ცვლილებების პროცესების მონიტორინგს ახორციელებს. 

 

კომისიის გამჭვირვალედ და ობიექტურად მუშაობის მიზნით, ინტერნეტგამოცემა  Tspress – ს, რომელსაც თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგის 8-წლიანი გამოცდილება აქვს, კომისიის წევრობაზე უარი განუცხადეს, რაზეც გამოცემას მერისგან ოფიციალური პასუხი მოუვიდა.

 

მერი კომისიაში ჩართვის შესახებ უარს, საკრებულოს თავმჯდომარის პრეროგატივით ხსნიდა, რომელიც ამასთანავე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა, რასაც თავად საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს და აცხადებს, რომ კომისიის წევრები მერის სურვილით შეიცვალა და ის თავდაპირველი მუდმივმოქმედი კომისიის დატოვების მომხრე იყო.

 

თვითმმართველობის საკადრო პოლიტიკაში ხარვეზებზე ის ფაქტებიც მიუთითებს, რომ, ყველა საკადრო გადაწყვეტილებას ფოთში მაჟორიტარი დეპუტატი იღებს, რასაც ის "რეკომენდაციის" გაწევას უწოდებს, ხოლო, რამდენიმე ხნის წინ, ფოთის მერის, დავით სარსანიას გადაწყვეტილებით, მერიაში საკადრო ცვლილებები კონკურსის გამოცხადებამდე განხორციელდა, რომლის შედეგად, ერთ–ერთი სამსახურის უფროსად, მერის მეგობარი დაინიშნა, სხვა სამსახურის უფროსებად კი ბესელიას აქტიური მხარადმჭერები.

 

tspress - ის წერილი მერიას

 

ფოთის მერის პასუხი TSpress-ს

 

 

ამავე თემაზე:

 

ფოთის მერის მეგობარი და მაჟორიტარის მხარდამჭერის შვილი თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნენ

 

ფოთის მერი და მაჟორიტარი თანამშრომლების შემცირების მეთოდების ძიებაში

 

ბესელიას განცხადებას ფოთის მერიაში კონკურსის გამოცხადების შესახებ, მერი არ ადასტურებს [Video]

 

ფოთის მერის თანამშრომლებმა გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება მიიღეს

 

ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შეიქმნა

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED