24 წლის წამებით მოკლულის მამა პოლიციას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს[VIdeo]

2013.04.13 ავტორი:

შამგონა-ნაბაკევის ოკუპირებულ საზღვართან გატაცებული და შემდეგ მოკლული, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშის მკვიდრის, 24 წლის გოგიტა კვარაცხელიას მამა, ელგუჯა კვარაცხელია სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციითა და მათ მიერ გამოჩენილი გულგრილობით აღშფოთებულია.

მისი თქმით, პოლიციიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცხედრის გადმოსვენების შესახებ აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით, სიცრუეა, რადგან მისი შვილის გვამი არა აფხაზეთის, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე იპოვეს და საიდანმე გადმოსვენება სულაც არ სჭირდებოდა.

 

მამის განცხადებით, სამართალდამცავებს ეს საკუთარი თავის სამართლებლად დასჭირდათ, რომ 22 დღე გატაცებულს ვერსად მიაკვლიეს.

 

"ისინი თავს გაიმართლებენ, ჩვენ რა გვექნა, ეს ხომ რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიააო?! მათთვის მათავარია, საკუთარი ტყავი, ხელფასები და სამსახურები დაიცვან და ტყუილს ავრცელებენ. სად იყო მანდ ან აფხაზი ან რუსი?"-ამბობს ელგუჯა კვარაცხელია. 

 

ელგუჯა კვარაცხელიას მტკიცებით, ცხედარი ადგილობრივმა მეთევზემ, შამგონა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეს, ორი დღის წინ, შემთხვევით აღმოაჩინა. მამა ვარაუდობს, რომ მიცვალებული დაახლოებით 3-4 დღის მოკლული და დაგდებული იყო იმ ადგილას. გვამს ორივე თვალი დათხრილი ჰქონდა და ტანსაცმელი არ ეცვა.  

 

"გვამის გადმოტანის შესახებ მოლაპარაკებებში უშუალოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ლევან შონია იყო ჩართული. თუ დაღუპულის ოჯახს პოლიციის მოქმედებასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები აქვს, შეუძლიათ შესაბამის ინსტანციებში გაასაჩივრონ", - განუცხადეს TSpress.ge-ს შსს-ის სამეგრელო ზემო-სვანეთის სამმართველოში.

 

შეგახსენებთ, რომ გოგიტა კვარაცხელია დაუდგენელმა პირებმა, საკუთარი სახლის ეზოდან, 22 მარტს გაიტაცეს და მეხუთე დღეს, ოჯახს გამოსასყიდის სახით, 500 000 ამერიკული დოლარის გადახდა მოთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილის მოკვლით დაემუქრნენ.

 

ელგუჯა კვარაცხელია TSPress.ge -სთან გატაცების ღამეს ასე იხსენებს:

 

"ღამის ორი საათი იყო, როდესაც ჩემი შვილი ოთახიდან საპირფარეშოში გავიდა. სანამ ოთახიდან გავიდოდა, ვსაუბრობდით. კარგ ხასიათზე იყო. თურქეთში მუშაობდა და იქიდან ათი დღის ჩამოსული იყო, ორ დღეში ისევ უკან დაბრუნებას აპირებდა. დაბრუნება რომ შეაგვიანდა, უკან გავყევი.

 

საპირფარეშოსთან რომ მივედი, ორჯერ დავუძახე, მაგრამ არ მიპასუხა. შევშინდი და ხმამაღლა დავიწყე მისი სახელის ყვირილი, იქნებ რომელიმე მეზობელთანაა და გამომეხმაუროს-მეთქი, მაგრამ არსაიდან არ ისმოდა ჩემი შვილის ხმა.“ 

 

როგორც ელგუჯა კვარაცხელიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მისი ქალიშვილის მეუღლე უცხოელია(ინგლისის მოქალაქე-ავტ). ის ვარაუდობს, რომ გამტაცებლებს ეგონათ, მას ბევრი ფული ჰქოდნა და  გამოსასყიდს ის გადაუხდიდა. კვარაცხელიას თქმით, მისმა სიძემ გატაცების ამბავის მათგან შეტყობის შემდეგ, მისი ქალიშვილი მიატოვა და სამშობლოში დაბრუნდა, რადგან ეგონა, რომ ოჯახი მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა.

 

"მან დაცინვით გვითხრა, ალბათ, ამიტომ მეუბნებოდნენ ქართველებს არ ენდოო! არ დაგვიჯერა. მშვიდობითო, დაგვიბარა, ჩემი ქალიშვილი მიატოვა და სახლში გაფრინდა,"-ამბობს კვარაცხელია.

 

გოგიტა კვარაცხელიას მამას გამტაცებლებმა ბოლოს 10 აპრილს დაურეკეს.

 

"მკითხა, რამდენი გაქვსო? ვუთხარი, სად მაქვს ამდენი ფული ან საიდან მოვიტანო-მეთქი. მაშინ შენი შვილი უკვე "დაბრედილია" და მიდი, ახლა და ეძებე თუ ნახავო. ეტყობა, უკვე მოკლული ჰყავდათ, რადგან გვამის დათვალიერებისას აშკარად ჩანს, რომ ის 4-5 დღის გარდაცვლილია. ჩემს შვილს თვალები დათხრილი აქვს, ის ნაწამებია. არ ვიცი რატომ მოკლეს, იქნება იცნო გამტაცებლები, ან შეიძლება თავიდანვე განზრახული ჰქონდათ მისი მოკვლა,"-ამბობს მამა.

  

გოგიტა კვარაცხელიას ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და ისინი, წლების განმავლობაში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში ცხოვრობდნენ. ახლობლები და ნათესავები, გოგიტას დადებით, მხიარულ და შრომისმოყვარე პიროვნებად ახასიათებენ. მათ იმედი აქვთ, რომ გამოძიება სწორად წარიმართება და მკვლელები დაისჯებიან.

 

გოგიტა კვარაცხელიას ცხედარი ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში, დის ოჯახში გადაასვენეს. მას სამშაბათს დაკრძალავენ.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED