კორნელი კაკაჩია - ხელისუფლება აშშ-ში ვიზიტისთვის დიდად არ იღწვის

2013.04.10 ავტორი: თეონა გიგაური

აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი სავარაუდოდ, წელს განხორციელდება,- აღნიშნულზე განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. თუმცა კონკრეტული დრო არ დაუსახელებია. 

აღნიშნული ვიზიტი გასული წლის ნოემბერში იგეგმებოდა, თუმცა არ შედგა. ვიზიტის გადადებასა და ამერიკასთან საქართველოს ახალი ხელისუფლების ურთიერთობაზე tspress - ი  პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

 

- ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ერთი ის, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან ივანიშვილის ვიზიტზე შემოთავაზება იყო, მგონია, იმ პერიოდში ჩასვლას დიდი ეფექტი ვერ ექნებოდა. აქედან გამოდინარე, შესაძლოა ეს ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტი გადაიდო.

 

ამასთან, გვახსოვს, რომ იმ პერიოდში დაჭერები დაიწყო, რასაც დასავლეთის მხრიდან საკმაოდ მწვავე შეფასებები მოჰყვა. ეს ფონი ხელს არ უწყობდა ვიზიტს.

 

რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, ვიცით, რომ აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი დაინიშნა, რომელიც ობამას ამ დღეებში ჩააბარებს სიგელს. ალბათ, ესეც ცოტა დააჩქარებს ვიზიტის მომზადების პროცესს. ამასთან, ბოლო პერიოდში დასავლეთის დამოკიდებულება საკმაოდ შეიცვალა და დარწმუნდნენ, რომ მთლად ისეთი მდგომარეობაც არაა ქვეყანაში, რომ ვიზიტი არ განხორციელდეს.

 

საქართველო-ამერიკის ურთიერთობებიდან გამომდინარე, ასეთი ვიზიტის დიდი ხნით გადადება არ შეიძლება.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალ ხელისუფლებას გამოცდილება არ აქვს. თუ დავაკვირდებით, სულ 3-4 ვიზიტი განახორციელდა სომხეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში და პრემიერ-მინისტრმა სამივეგან პატარ-პატარა სკანდალური განცხადებები გააკეთა, მაგრამ რაც მთავარია, ამ სკანდალური განცხადებების მიუხედავად, ვიზიტები საბოლოოდ, ცუდად არ დასრულებულა. იმედი მაქვს ასეთივე წარმატებული იქნება ამერიკაში ვიზიტიც, დარწმუნებული ვარ სათანადოდ მოემზადებიან და აშშ-ში ვიზიტი სკანდალური განცხადებების გარეშე ჩაივლის.


-ვიზიტის გადადების მიზეზი თუ მომზადების აუცილებლობაა, ასეთი ხანგრძლივი მზადება სჭირდება მას?

 

- არა, ასე დიდი ხნის მომზადება არ გვჭირდება. ჩამოთვლილ მიზეზებთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ობამას ადმინისტრაცია ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ცოტა სხვაგვარად უყურებს საქართველოს. ბუშის პერიოდის ამერიკის საქართველოსადმი დამოკიდებულება აშშ-სთვის არ იყო ნორმალური საქართველოს წონიდან გამომდინარე. შეიძლება ითქვას, რომ ობამას დროს საქართველო იმ ადგილას დააბრუნეს, სადაც უნდა იყოს პატარა სახელმწიფო.

ესეც თამაშობს როლს და თავისთავად სხვა ფაქტორებიცაა. ისეთი, როგორიცაა რუსეთის პოლიტიკა. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში რაღაც ძირეული ვცლილება მოხდა. წელიწადში სამჯერ და ოთხჯერ ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს პირველ პირს წესით, არ უნდა ხვდებოდეს.


-ბუშის ხელისუფლების საქართველოსადმი ინტერესი ყველასათვის გასაგები იყო. რა შეიცვალა მისი წასვლის შემდეგ?

 

-იმდროინდელი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში კარგად ჯდებოდა „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ მოსული ხელისუფლება და ამაში გაუმართლა სააკაშვილს. ამასთან, იგი ინგლისურად კარგად საუბრობდა, დასავლური იმიჯი ჰქონდა და ა.შ.


- ანუ შეიძლება ითქვას, რომ ობამას ადმინისტრაციას საქართველოს მიმართ ნაკლები ინტერესი აქვს?

 

- კი. ზოგადად, ვიცით, რომ ობამას პოლიტიკა მიმართულია შიდა პრობლემების მოგვარებისკენ. ამიტომ ისინი რუსეთთან ზედმეტ დაძაბულობით დაინტერესებულნი არ არიან. საქართველო კი ამ დაძაბულობის ერთ-ერთი კერა იყო. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ობამას ხელისუფლებას აწყობს ივანიშვილის მოსვლა და მას სულაც არ აწყობდა სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც უფრო ძაბავდა ამ სიტუაციას.

აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს შეხვედრა ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს, მაგრამ მოლოდინი, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დავიბრუნებთ, როგორც ბუშის პერიოდში იყო ამერიკის მხრიდან, ეს არ იქნება.

 

-საგარეო საქმეთა მინისტრმა როგორც აღნიშნა, ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტი, სავარაუდოდ, წელს შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ეს წელს არც მოხდეს, ან თუ მოხდა, ამას დაახლოებით წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ. რატომ გადაიწია ამ ვიზიტმა ასე შორს?

 

-ვიზიტის ასე შორს გადაწევა არა მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლების, არამედ გარკვეულწილად, მეორე მხრიდანაც შეიძლება იყოს გამოწვეული.

გარდა ამისა, ივანიშვილი აშშ-ში რომ ჩავიდეს, რაღაც უნდა ჩაიტანოს - ცვლილება პოლიტიკაში და ა.შ. ანუ რაღაც შედეგები უნდა დადოს, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. რაღაც უნდა გამოიკვეთოს საგარეო პოლიტიკაში. მგონია, რომ ხელისუფლება ამ კუთხით ჯერჯერობით არაა ჩამოყალიბებული.

ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება მაინცდამაინც დიდად არ იღწვის, რომ აშშ-ში ვიზიტი განხორციელდეს. ყოველშემთხვევაში, მონდომება არ ემჩნევა.

 

აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ძალიან აქტიურია, მაგრამ თვითონ ამერიკის კონგრესი და მთავრობა არის ჭრელი. მათ შორის არიან „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები სკეპტიკურად უყურებენ საქართველოს ახალ ხელისუფლებას და ფიქრობენ, რომ საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ჯერ კიდევ არაა გარკვეული და არ გამორიცხავენ, რომ ვექტორი გადაიხარა... 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED