ბელორუსიის КГБ ფოტოჟურნალისტებს ექსტრემიზმში ადანაშაულებს

2013.04.08 ავტორი: TS

ბელორუსიის ხელისუფლების განცხადებით, წიგნი, რომელიც 2011 წელს  ქვეყნის საზღვრებს გარეთ გამოიცა, ექსტრემისტული შინაარსისაა.

გამოჩენილ ფოტოჟურნალისტებსა და ქვეყნის ყოველწლიური ფოტოკონკურსის თანაორგანიზატორებს იულია დარაშკევიჩს, ვადიმ სამიროვსკის და გასული წლის ფოტოკონკურსში გამარჯვებულ ალექსანდრ ვასიუკოვიჩს, 2012 წლის ნოემბერში, ლიტვიდან სამშობლოში დაბრუნებისას, საზღვარზე ფოტოალბომის 41 ასლი ჩამოართვეს.

 

მოგვიანებით, სასაზღვრო სამსახურმა ვასიუკოვიჩს განუცხადა, რომ ალბომი შეფასდა, როგორც „უკანონო ნაბეჭდი მასალა და განადგურებას დაექვემდებარა“, რადგან ის არ ასახავდა სახელმწიფოში არსებულ რეალობას.

 

2013 წლის იანვარში საბაჟო სამსახურმა ჟურნალისტთა ასოციაციას აცნობა, რომ ფოტომასალები სახელმწიფო უშიშროების სამსახურს(КГБ) გადაეცა.

 

იულია დარაშკევიჩი, როგორც ბელორუსიის წლიური ფოტოკონკურსის თანაორგანიზატორი, 17 აპრილს აშმანის რაიონის სასამართლოშია დაბარებული. სასამართლო ბრძანებას თანდართული ჰქონდა КГБ-ს წერილის ასლი, სადაც ფოტოალბომის ექსტრემისტულ შინაარსზეა საუბარი.

 

„ალბომი მიზანმიმართულად შეურაცხყოფს მოქალაქეთა ეროვნულ ღირსებასა და პატივს“, - ნათქვამია КГБ-ს წერილში.

 

ფოტოალბომის ექსტრემისტული შინაარსის შესახებ დასკვნა სპეციალურმა კომისიამ მოამზადა. კომისიამ, რომელსაც რონდას რეგიონალური იდეოლოგიის განყოფილების უფროსი პაველ სკრაბკო ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ  ალბომი ბელორუსიის რესპუბლიკაში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა სფეროების ცხოვრების შესახებ განზრახ დამახინჯებულ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას შეიცავს, რაც ბელორუსი ხალხის ეროვნულ ღირსებასა და პატივს შეურაცხყოფს და აკნინებს.

 

„ალბომში მასალათა შერჩევითობით ბელარუსი ხალხის ცხოვრების მხოლოდ უარყოფითი კუთხით წარმოჩენა, ავტორის მხრიდან, ცილისწამება და სუბიექტური შეხედულებაა.

 

„ფოტოალბომი ზიანს აყენებს ბელორუსიის ხელისუფლების რეპუტაციას და ძირს უთხრის სხვა ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობას მათ მიმართ“, - ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

 

ფოტოჟურნალისტები კომისიას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ალბომში სხვადასხვა დარგში გამარჯვებულ ფოტოგრაფთა სურათები შევიდა. მათი თქმით, ალბომი 2011 წლის მდგომარეობას ასახავს და რაკი ეს წელი პოლიტიკურად დაძაბული იყო, სურათებიც შესაბამისი გამოვიდა.

 

იულია დარაშკევიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაგმო ხელისუფლების მოქმედება ფოტოკონკურსის ორგანიზატორების წინააღმდეგ. ფოტოჟურნალისტმა კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  „როდესაც ფოტონამუშევრებს აფასებს იდეოლოგი და არა ფოტოგრაფი ან ხელოვნების კრიტიკოსი, ექსპერტის შეფასების შედეგები პროგნოზირებადია და ლოგიკურად, მისი გაგრძელება სასამართლო იქნება,“ - განაცხადა დარაშკევიჩმა. 

 

 

მოამზადა თეონა გიგაურმა

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED