სამეგრელოში დევნილებისთვის 30 სახლი აშენდება

2013.04.08 ავტორი: TS

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის დევნილებისთვის ახალი საპილოტე პროექტი იწყება. ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ დანიის ლტოლვილთა საბჭოს დელეგაციასთან სამეგრელოში დევნილებისთვის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის საკითხი განიხილა.

 

საუბარია მინიმუმ 30 სახლის აშენებაზე, რომელსაც შვედეთის განვითარების სააგენტო დააფინანსებს.

 

სახლები 2 წლიანი პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს. მიმდინარე წელს დაგეგმილია დაახლოებით 15 სახლის აშენება. ეს არის პილოტური პროექტი, რომლის განხორციელება აპრილის ბოლოდან უნდა დაიწყოს.

 

მაისში მოხდება ბენეფიციართა შერჩევა, ივლისში გამოცხადდება ტენდერი. პროექტის პირველი ეტაპი წლის ბოლოს დასრულდება, მეორე ეტაპი მომავალ წელს გაგრძელდება. დონორის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია იმ დევნილთა დახმარება, რომელთაც ნამდვილად არაფერი გააჩნიათ.

 

როგორც დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენელმა პოლ მაკინტოშმა შეხვედრაზე აღნიშნა, პროექტი კერძო სექტორის დევნილებს შეეხება.

 

 „დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს დევნილთა განსახლების პროექტს შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, რომლის ბენეფიციარები იქნებიან კერძო სექტორის დევნილები. ეს იქნება განსახლება და შემოსავლის მომტანი წყაროების ხელშეწყობა. ზუსტად სად აშენდება სახლები - სოფლებსა თუ ქალაქებში ჯერ გადაწყვეტილი არ არის,“- აღნიშნა მან.

 

დავით დარახველიძის თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანია, როდესაც ცალკეული დონორები პროგრამების დასრულებაზე საუბრობენ.

 

„საკმაოდ ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. დონორები ახალ საპილოტე პროგრამას იწყებენ, რაც ითავლისწინებს დასავლეთ საქართველოში დევნილებისთვის კერძო სახლების მშენებლობას. მათ ასევე ექნებათ მიწა და განავითარებენ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესს.

 

თუ მშენებლობა ქალაქურ დასახლებაში მოხდება, დონორი მათ ასევე დაეხმარება, სხვა ტიპის ბიზნესი წამოიწყონ. აპრილის ბოლოსთვის დავაზუსტებთ და გავარკვევთ 2 ან 3 მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი), სად არის შესაძლებელი დევნილებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოყოფა, რომ ადგილზე დევნილებს თავიანთი შემოსავლის წყარო გააჩნდეთ,“ -განაცხადა დარახველიძემ.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED