ფოთის მაჟორიტარის მიერ კერძო ბიზნესში ჩარევის ფაქტი [Video]

2013.03.29 ავტორი: იზა სალაყაია ელისო ჯანაშია

"ფოთის პორტი უკანონოდაა გაყიდული" - აცხადებს ფოთის მაჟორიტარი, ეკა ბესელია და პორტის ხელმძღვანელობას კონკრეტული ობიექტის მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოების შესრულებას თხოვს. ნავსადგურის პოზიცია, ამ დროისათვის, უცნობია.

ფოთის პორტის უკანონო გასხვისებაზე,  ნავსადგურთან მიმართებაში "პროგრამა მინიმუმსა და მაქსიმუმის" შესახებ ეკა ბესელიამ, რამდენიმე ხნის წინ, ადგილობრივი ტელევიზია "მეცხრე ტალღის" ეთერში ისაუბრა.

 

მაჟორიტარის განცხადებით, პორტის გასხვისების საკითხზე კომიტეტს მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია და კონკრეტული დასკვნა ჯერ არ დაუდია, თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ  პორტი უკანონოდ გასხვისდა.

 

"პორტი თავის დროზე აბსოლუტურად უკანონოდაა გაყიდული....პროგრამა მაქსიმუმი არის პორტის საკუთრების თემა, რომელზეც ახლა ფრთხილად ვისაუბრებ.. პორტი გასხვისდა ორჯერ!

 

ჩემი კომიტეტი სწავლობს ახლა ამ საკითხს, მოგვმართა რამდენიმე მოქალაქემ, რომელიც იჯარით ფლობდა ნავმისადგომებს. დასკვნა ჯერ არ დაგვიდია. თუ დადგინდება, რომ გასხვისების დროს აშკარად იყო კანონის დარღვევა, ეს გამოძიების ქვემდებარე გახდება,"- აღნიშნა გადაცემაში ბესელიამ.

 

შესაძლებელია თუ არა ჩამოერთვას საკუთრება ამჟამინდელ მესაკუთრეს, ან რის საფუძველზე დაყრდნობით გააკეთა მან აღნიშნული განცხადება, არ განუმარტავს. 

 

მოგვიანებით, TSpress-თან დეპუტატმა კონკრეტული მეიჯარეების ვინაობა არ დააკონკრეტა. "ამ ეტაპზე მათ ვინაობას ვერ დავაკონკრეტებ," - განაცხადა მან.

 

ნავსადგურის ერთ-ერთმა ყოფილმა მეიჯარე კომპანია "მეტალიქსის" დამფუძნებელმა(52%), თამაზ ნიჟარაძემ TSpress-თან განაცხადა, მას მაჟორიტარისთვის არ მიუმართავს. მისი თქმით, მისმა ფირმამ ფოთის პორტის მე-5 ნავმისადგომი 25 წლიანი იჯარით, 2003 წელს აიღო, 2011 წელს კი, ნავმისადგომი ჩამოერთვა და დავით კეზერაშვილის ფირმას გადაეცა, რასაც ამჟამად, პროკურატურაში ასაჩივრებს. ნიჟარაძის თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში გასაჩივრებას აზრი არ ქონდა, ამიტომ სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს.

 

ეკა ბესელიას თქმით, "პროგრამის მინიმუმი" გულისხმობს, რომ პორტიდან ქალაქმა მიიღოს სარგებელი და ფოთს უნდა დაეტყოს, რომ საპორტო ქალაქია. მისი თქმით, აღნიშნული მიზეზით, მან პორტის ხელმძღვანელობას კონკრეტული ობიექტების მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები მოთხოვა.

 

ბესელიას განცხადებით, პორტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა რამდენჯერმე ჰქონდა. მისი თქმით, კონკრეტულ საკითხზეც შეჯერდნენ.

 

მაჟორიტარის მოთხოვნით, ფოთის პორტის ტერიტორიაზე საიალქნო კლუბის დემონტაჟის ნაცვლად, კომპანიამ ახალი მსგავსი დანიშნულების შენობა ქალაქის ტერიტორიაზე უნდა ააშენოს.

 

როგორც ცნობილია, პორტის ხელმძღვანელობას, მის კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული საიალქნო კლუბის დემონტაჟი აქვს გადაწყვეტილი. ბესელიას თქმით, სოლიდური თანხებია საჭირო სანაპირო ზოლის მოწყობისთვის, რისი საშუალება ბიუჯეტს არა აქვს და ის პორტმა უნდა გააკეთოს.

 

-"მინიმუმი არის, რომ ფოთის პორტთან მივაღწიო შეთანხმებას და ვაღწევ, რომ ქალაქმა მიიღოს აქედან სარგებელი. საიალქნო კლუბის დემონტაჟს აპირებენ. ეს არის კერძო საკუთრება და შეუძლია უთხრას მერიას, თუ არ მომცემთ ნებართვას, მაინც დავანგრევთ, მაგრამ მე შვხვდი პორტის ხელმძღვანელობას და ვუთხარი, რომ კლუბის დემონტაჟი, ვიდრე ახალი არ იქნება, არ არის გამართლებული.

 

ახალი საიალქნო კლუბი უნდა აშენდეს ქალაქის ტერიტორიაზე და არა პორტის, რადგან ის ისევ კერძო საკუთრებას წარმოადგენდეს იქნება. მივიღე თანხმობა, რომ პორტი მზად არის ახალი საიალქნიო კლუბი აშენდეს, რომელიც იქნება ფოთის კუთვნილება. ასევე მივიღეთ თანხმობა, რომ ზღვის სანაპირო ზოლი, რომელიც საშინელ მდგომარეობაში ეს გაკეთდეს და ამ პროცესს ვიწყებთ.

 

ბიუჯეტი ვერ შეწვდება, ამიტომ პორტთან გვაქვს ეს მოლაპარაკება. როდესაც ვსაუბრობ პორტით ქალაქის სარგებლობაზე, სწორედ ამას ვგულისხმობ, იგივე სანაპირო ზოლი გაგვიკეთოს პორტმა"- განაცხადა ბესელიამ.

 

მაჟორიტარის თქმით, პორტიდან შემოსავლების მიღების საკითხზე ხელისუფლების სხვადასხვა უწყებაც მუშაობს.

 

 

პორტის უკანონო გასხვისებისა და კონკრეტული მშენებლობების დაფინანსების საკითხზე ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა, სტივ დევიდსონმა კომენტარი არ გააკეთა. "გთხოვთ, ამ საკითხს უკომენტაროდ დავტოვებ"-განაცხადა TSpress-თან დევიდსონმა.

 

პორტის"უკანონოდ გასხვისების" საკთხზე კითხვა TSpress-ის რედაქტორმა, ელისო ჯანაშიამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პრესკონფერენციაზე დაუსვა. პრემიერმა საკითხი მოინიშნა და აღნიშნა, რომ "აუცილებლად გაარკვევდა".

 

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, ფოთის პორტის აქციების 51%, არაბულმა კომპანიამ, „რაკიინ ინვესტმენტმა“  90 მლნ. აშშ დოლარად 49-წლიანი მართვის უფლებით შეიძინა. 2009 წელს კი „რაკიამ“  65მლნ. აშშ დოლარად პორტის დარჩენილი 49%-ც  შეიძინა.

 

მოგვიანებით, დაახლოებით სამ წელიწადში, კომპანიამ აქციების 80% დათმო, ნავსადგურის აქციების საკონტროლო პაკეტი კომპანია APM Terminals-მა შეიძინა, რომელიც დანიური გიგანტის  A.P. Moller-Maersk Group–ის შვილობილი კომპანიაა. 20% კი "რაკიინ ინვესტმენტმა" მფლობელობაში დაიტოვა. ამჟამად, მას სამეთვალყურეო საბჭოში წარმომადგენელი ყავს. 

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, რის გამოც „რაკიას“ პორტი გადაეცა, ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობა იყო. აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ, წინა წლებში, პრეზიდენტიც საუბრობდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED