თაფლიანი სოლიდარობა

2013.03.28 ავტორი: თეონა გიგაური

დაახლოებით ერთი კვირაა, რაც გლდანის ციხესთან ყოველ დღე 10-დან 15 საათამდე ბაჩო ახალაიას პატიმრობას, აფხაზეთიდან დევნილი ონისე გერგედავა თაფლწასმული სოლიდარობით აპროტესტებს. ამის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი ინეტრნეტში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. გერგედავა, რომლის კოორდინატები თეა თუთბერიძემ მოგვაწოდა, პროტესტს ამგვარი ფორმით 29 მარტამდე გააგრძელებს, რადგან მისივე თქმით, მერიაში ნებართვა სწორედ ამ ვადით აქვს აღებული. 

 

 

 „ცოტნე დადიანი და 5 თავდადებული“ – 2013“

 

Tspress.ge-სთან საუბრისას, ონისე გერგედავა პროტესტის ფორმასა და მიზანს განმარტავს:

 

ო.გ.:სოლიდარობას ვუცხადებ ბაჩანა ახალაიას. იმიტომ, რომ ის ჭორების მსხვერპლია. საქართველოს მტრები ყოველთვის საუკეთესოს უმიზნებენ.

 

იქ რომ ვდგავარ, თაფლწასმული, მინდა, რომ ქართველ ხალხს გავახსენო ისტორია, როცა აღმოსავლეთ საქართველო მონღოლებს ჰქონდათ დაპყრობილი და კოხტათავის შეთქმულება ჩაიშალა.

 

მაშინ მხოლოდ ხუთიოდე კაცი წაიყვანეს მონღოლებმა ანისში. რატომ 5 და 50 ათასივე არა?! 50 ათასიან არმიას 5 ნამდვილი საქმის გამკეთებელი რომ მოაშორეს, ის არმია უკვე აღარაფერს წარმოადგენდა. ეს მეთაურები წაიყვანეს, მზეზე დასხეს და ხრუკავდნენ.

 

ზუსტად ასეთივე სიტუაციაა დღეს. რუსების მილიარდებით საქართველო ოკუპიებულია და კოლაბორაციონალისტები, ათასჯერ „ნაკაკებეშნიკარი“, გაყიდული ხალხია დღეს მოსული უმრავლესობაში და ამ ნამდვილ, საქმის გამკეთებლებს იჭერენ და ასეთ დღეში ყრიან.

 

ეს არის მიზანმიმართული ქმედება. პოსტსაბჭოთა სივრცეში რომელმა მინისტრმა შეძლო ის, რაც ახალაიამ? ვინ შეძლო ისე ეფექტურად ემოქმედა კანონიერი ქურდების წინააღმდეგ, როგორც მან? ქურდული მენტალიტეტის სენისგან იხსნა მან საქართველო.

 

ჟ.: თქვენი აზრით, ეს 5 მეთაური დღევანდელობასთან რამე კავშირშია?

 

ო.გ.: ბაჩანა ახალაია საუკეთესოა ყველა საქმეში. ასეთი განა ბევრია?! საქართველოში სულ რაღაც ხუთიოდეა. რუსმა იცის, რომ თუ იმ ხუთს მოუვლის, საქართველოც განეიტრალებული იქნება. ბაჩანა ახალაია ამ 5 მეთაურს შორის ერთ-ერთია.

 

დანარჩენი ოთხი: გიგი კალანდაძე, რომელიც ქართულ ჯარს თავში ედგა და ნამდვილი გმირია. ასევე, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი.

 

ჟ.: - რას ფიქრობთ ბაჩო ახალაიას მიმართ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებებზე, რომელთა შორის ციხეებში წამების ორგანიზებაც შედის?

 

ო.გ.: პროკურატურის ბრალდებები ერთია და რა ვრცელდება ხალხში - მეორე. როცა მას ბრალი წაუყენეს, მე იქ გახლდით. სასაცილო ბრალდებები აქვს პროკურატურას და ხალხში ვრცელდება, ნუ იტყვით, რაა.

 

საზოგადოებას აბოლობენ, აგიჟებენ და დასცინიან. რასაც უნდათ იმას აჯერებენ და ჟურნალისტებს გძინავთ.

 

როცა ციხიდან ვიღაც მეძუნძგლე მაიმუნები გამოდიან, იქ ჟურნალისტების მთელი არმიაა და მე, უანაშაულო კაცი რომ ვდგავარ იმ წვიმაში, ქარსა და ყინვაში, ერთი ჟურნალისტი არ მოსულა. მე არ ვარ ამ საზოგადოების ნაწილი, თუ რაშია საქმე?! მაინცდამაინც ქურდი და ავაზაკი უნდა ვიყო, რომ ვიღაც ჩემით დაინტერესდეს?! იქნებ, რა მიჭირს ხალხო!? მოდით, დამხედეთ, რა ხდება! ერთი ჟურნალისტიც არ გაიბერტყავს ყურს!

 

ნანახი მაქვს ციხის კადრები და ეს ყველაფერი ბედუკაძის ორგანიზებითაა გაკეთებული და ამისთვის ალბათ, კარგად გადაუხადეს. თანაც, არჩევნების წინ ივანიშვილი რომ იმუქრებოდა, მიშას საკუთარი დედაც არ მისცემს ხმასო, მას უკვე ჰქონდა ეს კადრები, ყველაფერი ჯიბეში ედო და აქედან გამომდინარე იმუქრებოდა, თორემ აბა, რატომ?!

 

ჟ.: - როდემდე აპირებთ გლდანის ციხესთან დარჩენას და რას გეგმავთ მომავალში პროტესტის ამ ფორმამ თქვენთვის სასურველი შედეგი თუ არ გამოღო?

 

ო.გ.: მერიაში მაქვს ნებართვა აღებული და აქციის ჩატარების უფლება 29 მარტამდე მაქვს. ჩემი პროტესტის ამ ფორმამ უნდა გაამართლოს და გამოაღვიძოს ქართველობა. იქ, ჩემთან ჭორით მოწამლული ხალხი რომ მოდის, მეკითხებიან, რატომ ვდგავარ და როდესაც ვუხსნი, მათ თვალებში ჯერ გაოგნებას ვხედავ, მერე უცებ დაფიქრებასაც - ფიქრდებიან, ამ ბიჭს მართლა სჯერა ასეთ სიცივესა და ყინვაში რომ დგასო. მერე ჩემთან საუბრისას ხვდებიან, რომ თვითონაც ჭორის მსხვერპლნი გახდნენ. ყველა კი ვერ ხვდება, ამას ჩაკვირვება უნდა.

 

ჟ.: სადაური ხართ? თქვენს შესახებ გვიამბეთ...

 

ო.გ.: აფხაზეთიდან დევნილი ვარ, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან. 11 წელი საფრანგეთში ვცხოვრობდი და 3 კვირაა, რაც ჩამოვედი. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს იქიდან ვადევნებდი. არავის არ ვიცნობ საქართველოში, არც ბაჩო ახალაიას, არც თუთბერიძეს. უბრალოდ, ერთი რიგითი ქართველი ვარ. კაცი, რომელსაც საქართველოს სატკივარი სტკივა.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED