ეკა ბესელიას მხარდამჭერები პრემიერს მიმართვას უგზავნიან

2013.03.17 ავტორი: TS

ფოთის "მხარდამჭერთა დარბაზის" ორგანიზებით, საზოგადოების ნაწილი, პრემიერ–მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკა ბესელიას მხარდამჭერ მიმართვას უგზავნიან.  გუშინ, მათ TSpress - ის რედაქტორის ელისო ჯანაშიას მიერ, თვითმმართველობის დამოუკიდებლობასა და ბესელიას ძალაუფლებაზე პრემიერისთვის დასმული კითხვა გააპროტესტეს.

 

"მისასალმებელია ახალი მთავრობისა და პირადად თქვენი მოღვაწეობა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების, მასმედიის თავისუფლების, სამართლიანობის პრინციპის აღდგენის თვალსაზრისით. ამის თვალსაჩინო მაგალითია თქვენი ამასწინანდელი შეხვედრა რეგიონული მედიის წარმომადგენელებთან, რომელნიც თავიანთი მართალი სიტყვით პროგრესს ხელს უწყობენ.

 

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, სახეზეა არასასურველი ტენდენციები ქართულ ჟურნალისტიკაში. ერთი ნაწილი კვლავ ემსახურება ყოფილი ხელისუფლების "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს და არა სახელმწიფოს. ხშირად ჭირს იმის გარკვევა ჟურნალისტს ქვეყნის სატკივარი ამოძრავებს, პირადი ინტერესი თუ მავანის დაკვეთას ასრულებს. მოგეხსენებათ, სამეგრელოს რეგიონში მხოლოდ ფოთში გაიმარჯვა "ქართული ოცნების" კანდიდატმა, რაც თქვენს უდიდეს ავტორიტეტთან ერთად განსაზღვრა ქალბატონ ეკა ბესელიას პიროვნულმა ფაქტორმა.

 

ფოთელები დიდ იმედებს ამყარებენ მის პროფესიონალიზმზე, გამოცდილებაზე, ბრძოლისუნარიანობაზე. იგი ცდილობს ღრმად ჩაწვდეს საპორტო ქალაქის პრობლემებს, რამეთუ დარღვეულია ნიკო ნიკოლაძისეული კონცეფცია ქალაქისა და ნავსადგურის ინტეგრაციის თაობაზე. ასევე ბევრი პრობლემა დაგროვდა ყველა დარგში, ყველა სფეროში. მათი გადაჭრის მიზნით, პარლამენტარის ინიციატივით, მხოლოდ ბოლო ათი დღის განმავლობაში ფოთს სამი მინისტრი ეწვია და ბევრი რამ ქალაქისათვის დადებითად გადაწყდა. ამ დღეებში მოსალოდნელია სხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელების ჩამოსვლაც", - ნათქვამია ფოთის საზოგადოების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

 

მათი განცხადებით, ეკა ბესელია სისტემატურად მართავს შეხვედრებს მოსახლეობასთან და მათ პრობლემებს ეცნობა.


"ბოლო დროს ფოთში, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანაში, შეიჩნევა საბოტაჟის ნიშნები ყველა პარამეტრით, იმ გაჭირვებით მანიპულირება, რომელიც თავად "ნაციონალებმა" შექმნეს და რომელთა გადაწყვეტა უმოკლეს პერიდში შეუძლებელია. ეს შესავალი იმიტომ დაგვჭირდა, რომ თქვენთან რეგიონული მედიის წარმომადგენლების შეხვედრების დროს ფოთელმა ჟურნალისტმა ელისო ჯანაშიამ ჩვენი ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას საქმიანობა სულ სხვა ასპექტით წარმოაჩინა, რომ ის თითქოსდა უხეშად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, რომ თურმე მისი რეკომენდაციით ინიშნებიან თანამდებობის პირები, თავად იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ფოთი მას "ჩააბარეს" და ა.შ. არადა, ფოთელები ასე ნამდვილად არ ფიქრობენ.

 

ამას მოწმობს ქალაქის საზოგადების 16 მარტის შეკრება, რომლის მონაწილეებმა ჟურნალისტის არასწორი და არასამართლიანი განცხადების გამო პროტესტი გამოთქვეს. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფოთს თვითმმართველობა ბოლო წლებში ნამდვილად არ ჰქონია, საკრებულოს წევრები და მერიც ინიშნოდნენ ე.წ. გუბერნიიდან. თითქმის არც ერთ პასუხსაგებ თანამდებობაზე ფოთელი არ ყოფილა, ყველა ფინანსური ბერკეტი ერთი კლანის ხელში იყო. ე.წ. თვითმმართველობის წევრები, რომელთა უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობიდან" არიან, ამას დუმილით ხვდებოდნენ. ეს და ქალაქისათვის საჭირბოროტო სხვა საკითხები "ფაზისის აკადემიის" წევრებმა ეკა ბესელიას წინაშე დააყენეს. მათ შორის, განსაკუთრებით გამოკვეთეს ქალაქის სტატუსი, ისე რომ იგი რეგიონს არ მოწყდეს.

 

ამავე დროს შესწავლილ იქნას საკადრო პოლიტიკა და ძირითად თანამდებობებზე კვლავ წარმოჩინდნენ ფოთელები, რაშიც პარლამენტარმა მხარდაჭერა აღუთქვა მათ, კერძოდ, რომ ფოთი განთავისუფლდება გუბერნიის კლანური გავლენისაგან, ანუ გამოდის, რომ ის, რასაც დეპუტატი ქალაქის საზოგადოებასთან ერთად ებრძვის, პირიქით, ჟურნალისტმა გადააბრალა და მაჟორიტარი დეპუტატი თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა, რამაც ფოთელების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. რა თქმა უნდა, საქმიანი კრიტიკის წინააღმდეგი არავინაა, რამეთუ შეუცდომელი არავინაა ამ ქვეყანაზე, მაგრამ, როცა მასში ღვარძლი და შური იკითხება, ამას საზოგადოება ნამდვლად ვერ მიიღებს.

 

ბატონო ბიძინა, ჩვენ, ფოთელები, მზად ვართ შეგხვდეთ, თუ თქვენ საამისო დროს გამონახავთ, მიუხედავად ასეთი დიდი დატვირთვისა და გულახდილად გესაუბროთ სანავსადგურო ქალაქის პრობლემებზე, მის მომავალზე, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღმშენებლობისათვის. სამუხაროდ, ჩვენი ქალაქი, ბოლო ოცი წელი მივიწყებული იყო ყველა ხელისუფლების მიერ. გამოვთქვამთ რწმენას, რომ ქალბატონ ეკა ბესელიას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია მისი აღორძინებისათვის, მით უფრო თქვენი დახმარებითა და მხარდაჭერით", - აღნიშნულია განცახდებაში.

 

მიმართვას ხელს,  საზოგადოება "ფოთის ხმა", "ფაზისის" საერო აკადემია, ნავსადგურის დამოუკიდებელი პროფკავშირები, ქალაქის სამედიცინო საზოგადოება და ფოთის დევნილთა კომიტეტის წარმომადგენლობა აწერენ. 

 

გუშინ გამართულ შეხვედრაზე, ძირითადად,"ფოთის მხარდამჭერთა დარბაზი" და მისი შტაბის წევრები მონაწილეობდნენ. მათ დაადასტურეს, რომ მაჟორიტარის მიერ თვითმმართველობის საკითხებში ჩარევა და მისი აბსოლუტური მმართველობა ხორციელდება, თუმცა, განმარტავენ, რომ ამაში ცუდი არაფერია. ისინი შეხვედრაზე ჟურნალსიტს კითხვის დასმისგან თავშეკავებას ურჩევდნენ.

 

 

ფოთის მხარდამჭერთა დარბაზი" გასული წლის 22 აგვისტოს შიქმნა და პრეზენტაცია ბესელიას საარჩევნო შტაბში გამართა. შექმნის მიზანი "ქართული ოცნების" და მისი კანდიდატის, ეკა ბესელიას მხარდაჭერა იყო. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ფოთელებმა, მათ შორის, გოგი გაგუამ, პეტრე ქოჩაკიძემ, მანანა სანაიამ, ომარ ხუხუნიმ, თამარ ფაჩულიამ, მარლენ კაზანჯიმ და სხვებმა, პრეზენტაციაზე ბესელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

 

-„ბედნიერებაა ისიც, რომ დღეს "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს ნამდვილი კოლხი ქალი - ეკა ბესელია, რომელიც ფოთის ისტორიაში პირველი მაჟორიტარი ქალბატონია. მას ხელეწიფება იმ დიდი პრობლემების გადაწყვეტა,რომელიც დღეს ფოთს და ჩვენს ქვეყანას აწუხებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ფოთელებს გაგვიმართლა,“–აღნიშნა დარბაზის წევრმა, მწერალმა, პეტრე ქოჩაკიძემ.

 

 

 

 

 მსგავს თემაზე:

 

მხარდამჭერები ბესელიას ერთპიროვნულ მმართველობას მიესალმებიან, ჟურნალისტს კი კითხვის დასმას არ ურჩევენ [Video]

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED