ფრიდონ კვარაცხელია – ბესელიამ თქვა, ფოთში "ქართული ოცნება" მე ვარ!

2013.03.16 ავტორი: იზა სალაყაია

კოალიციის "ქართული ოცნების" ფოთის საარჩევნო შტაბის ყოფილმა თავმჯდომარემ, ფრიდონ კვარაცხელიამ TSpress - თან საუბრისას, ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას მიერ გაკეთებული განცხადება დაადასტურა. მისი თქმით, ბესელიამ ნამდვილად უთხრა მას, რომ ფოთში "ქართული ოცნება" თავად აქვს ჩაბარებული და ყველა საკითხი მასთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. 

 

ფრიდონ კვარაცხელია

ფრიდონ კვარაცხელია

"ეკა ბესელიამ მითხრა, რომ ფოთში "ქართული ოცნება" ვარ მხოლოდ მე და ყველაფერი მე მეხებაო,"– იხსენებს "ქართული ოცნების"  ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი, ფრიდონ კვარაცხელია. 

 

მისი განმარტებით, ბესელიას ასე პარტიის სხვა წევრებსაც აფრთხილებდა და ეუბნებოდა, რომ ქალაქში ყველა საკითხი მასთან შეთანხმებით უნდა გადაწყვეტილიყო, რადგან ის იმისათვის გამოუშვეს, რომ ფოთს მიხედოს.

 

"ფოთის მიხედვის" დავალების მიმცემად, დაასახელა თუ არა მან კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი, მას არ ახსოვს, მაგრამ, ფაქტია, რომ მას პარტიაში ყველა პრემიერის წარგზავნილად აღიქვამდა და წინააღმდეგობას ერიდებოდა.

 

"არჩევნების მოგების მერე, ბესელიამ მითხრა, ფოთში აბსოლუტურად ყველაფერი მე მეხებაო: მერის, ბიუჯეტის და სხვა საკითხები. ეს ის პერიოდია, როცა მერის არჩევის საკითხი განიხილებოდა, გუნდის წევრების ნაწილმა ჩემი კანდიდატურა დაასახელა. ბესელიამ მითხრა, ჩემთან შუთანხმებლად ვერ იქნებაო და ამის შემდეგ მე აღარ მიმიღია მონაწილეობა,"– აღნიშნავს კვარაცხელია.

 

მერის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში მართლაც ბესელიას ფავორიტმა, დავით სარსანიამ გაიმარჯვა.

 

ბესელიას მიერ ქალაქის მართვის შესახებ განცხადება, რამდენიმე ხნის წინ, "ქართული ოცნების"კონფერენციაზე ახლადარჩეულმა თავმჯდომარემაც გააკეთა.

 

-"გვყავს მაჟორიტარი, რომელსაც სხვა ქალაქის საკითხებს ეკითხებიან და ფოთის საკითხები თუ მან გადაწყვიტა, ეს არავისთვის არ უნდა იყოს კითხვის გაჩენის საფუძველი და კითხვები არ უნდა გაჩნდეს ..."- აღნიშნა კაკულიამ, რომელიც ადრე "მემარჯვენეების" ფოთელი ლიდერი იყო. 

 

პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ფრიდონ კვარაცხელია პროფესიით ექიმია. ის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, გასული წლის, აპრილში დაინიშნა. არჩევნების შემდეგ, მისი აქტიურობა აღარ შეინიშნებოდა. მას არც პარტიულ ლიდერად დარჩენის შანსი მიეცა და კვარაცხელიას მხარდამჭერთა მოთხოვნის მიუხედავად, თავმჯდომარეობის კანდიდატად, ბესელიას სურვილით, არ დასახელებულა.

 

"არ მიმაჩნია სწორად, როდესაც კანდიდატებს პარტიის წევრებს პირდაპირ კონფერენციებზე ახვევ თავს. წინასწარი შეხვედრები იმისთვის იყო, რომ აქ ხმაურით, ყიჟინით, დებოშით კი არ ჩაგვეტარებინა ეს კონფერენცია, არამედ მშვიდად, აკადემიურად," - განაცხადა ბესელიამ ყრილობაზე, სადაც მის მიერ მხარდაჭერილი ირაკლი კაკულია ერთხმად იქნა არჩეული.

 

ყრილობის შემდეგ ბესელიამ განაცხადა, მას წინასწარი შეხვედრები გამართული ჰქონდა პარტიის აქტივთან, სხვა წევრებთან, სადაც დაასახელეს ორი კანდიდატი, თუმცა, მისივე თქმით, ფრიდონ კვარაცხელიას კანდიდატურას მხარი მხოლოდ ორმა ადამიანმა დაუჭირა, რომლებიც მან პარტიის წევრებად არ მოიხსენია. თუმცა, ბესელიასთან წინასწარ შეხვედრებზე ისინი, როგორც პარტიის წევრები იმყოფებოდნენ. ამასთან, მათი გარიცხვის ან პარტიიის ნებაყოფლობით დატოვების შესახებ ინფორმაცია, ამ დროისათვის, არ არსებობს. 

 

"თავმჯდომარედ ჩემს არდასახელებაზე ბესელიას არგუმენტი იყო, რომ მე თითქოს არ მყავდა მხარდამჭერები, რაც ტყუილია. თავმჯდომარედ ირაკლი კაკულაის დანიშვნა პოლიტსაბჭოზე გადაწყდა. მერე კი, კანდიდატურის დაყენებას აზრი არ ქონდა. თავიანთ სატელევიზიო გამოსვლაში დათო საგანელიძემ და მანანა კობახიძემაც განაცხადეს, რომ თავმჯდომარის საკითხს პოლიტსაბჭო წყვეტდა," -აცხადებს კვარაცხელია.

 

შეგახსენებთ, რომ 14 მარტს, პრემიერ–მინისტრსა და რეგიონულ ჟურნალისტებს შორის გამართულ შეხვედრაზე TSpress.ge–ს რედაქტორმა ელისო ჯანაშიამ, ბიძინა ივანიშვილს კითხვა ეკა ბესელიას შეუზღუდავ ძალაუფლებასთან და მის მიერ ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაუსვა.

 

„რაც ახლა ფოთში ხდება, სცდება თვითმმართველობის გაჯანსაღების პროცესს. ვგულისხმობ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შეუზღუდავ ძალაუფლებას. რაზეც წინა ხელისუფლების დროს ვაკეთებდით აქცენტს, იგივე გოროზიაზე, ახალაიაზე, რომ უფლება ჰქონდათ შეუზღუდავად დაენიშნათ, გაეთავისუფლებინათ ვიღაც, ჩარეულიყვნენ ბიუჯეტის ფორმირებაში.

 

მერი, პროკურორი, პოლიციის უფროსი, საგადასახადოს უფროსი, მერის მოადგილეები დანიშნული არიან ბესელიას რეკომენდაციით. სრულად აკონტროლებს საკრებულოს, ერევა საბიუჯეტო პროცესებში, რაც არ არის მიზანშეწონილი. ასევე, პირად საუბარში გააკეთა ასეთი განცხადება, რომ თქვენ მას ჩააბარეთ ფოთი,“ - განაცხადა ელისო ჯანაშიამ, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ფაქტის დასახელება მოითხოვა. ჯანაშიამ დაასახელა პიროვნება, "ქართული ოცნების"ფოთის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, ფრიდონ კვარაცხელია, ვისთანაც, მისი თქმით, აღნიშნული საუბარი შედგა.

 

„თუ თქვენ გაქვთ ფაქტი, რომ ბესელია აცხადებს, თითქოს ივანიშვილმა ფოთი მას ჩააბარა, გარწმუნებთ, რომ ის გუნდიდან გაირიცხება ამ ფრაზისთვის. როგორ შეიძლება ეს? ამაზრზენია“, – განაცხადა საპასუხოდ პრემიერ–მინისტრმა, რომელმაც კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ფოთში, ადგილობრივ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებები, უხმაუროდ და მშვიდობიანად წარიმართა.

 

  

 

ამავე თემაზე:

 

ესელიას სამაგიერო - დაუმორჩილებლობისთვის

 

ბესელიას დემოკრატია

 

ბესელია - ფოთის პოლიციის უფროსს რეკომენდაცია მე გავუწიე, ის ჩემი ნათესავია [Video]

 

"ქართული ოცნების" დალოცვილი კონფერენცია

 

ეკა ბესელია - ფოთის პოლიციის ყოფილი უფროსის საკითხი უნდა მოგვარდეს

 

ფოთის მერი - ბესელიას მაჟორიტარობა უნიკალური შემთხვევაა და ამ პრიორიტეტს გამოვიყენებ [Video]

 

დაპირისპირება "პოლიტიკური კურთხევის" გამო [Video, Audio]

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED