ლადო პაპავა - გაუგებარია, სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი 700 მილიონის დახარჯვის მექანიზმი

2013.02.18 ავტორი: ნინო მდივანი

ვაუჩერების დარიგება, რაც „ნაციონალური“ მმართველობის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იყო, ექსპერტთა ნაწილი, მათ შორის, ლადო პაპავაც უარყოფითად აფასებდა. "ნაციონალების“ ვაუჩერსა და „ოცნების“ სასოფლო-სამეურნო ბარათს შორის მსგავსების საკითხმა, მცირე კამათი პრემიერ-მინისტრის ბოლო პრესკონფერენციაზეც  გამოიწვია. 

ექსპერტი ლადო პაპავა ვაუჩერსა და ბარათს შორის მსგავსებასაც ხედავს და პრინციპულ განსხვავებებსაც:

 

- ბატონო ლადო, წინა ხელისუფლებისგან გვახსოვს ენერგოვაუჩერი და საწვავის ვაუჩერი სოფლად მცხოვრებთათვის. გაამართლებს თუ არა სასოფლო-სამეურნეო ბარათების, ფაქტობრივად, ვაუჩერების დარიგება იმ გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად, რასაც სოფლის მეურნეობის აღორძინება ჰქვია?

 

–„ნაციონალები“ ორი ტიპის ვაუჩერს არიგებდნენ. ერთი იყო სამომხმარებლო და მეორე – საწარმოო. 20 ლარიანი სამომხმარებლო, ანუ ენერგეტიკული ვაუჩერით, ადამიანს მოხმარებული ელექტრენერგიის ან გაზი საფასურში ეთვლებოდა. ეს ვაუჩერი წარმოებას არ იყო მიბმული და მისი მიზანი იყო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება. მეორე ტიპის, 30-ლარიანი ვაუჩერს არიგებდნენ სოფლად დიზელის საწვავის შესაძენად. ეს ვაუჩერი, თავისი ბუნებით, იგივეა, რაც სასოფლო-სამეურნეო ბარათი, იმიტომ, რომ მიეცემა გლეხს, გარკვეულად ხარჯების შესამცირებლად.

 

მაგრამ არის ერთი პრინციპული განსხვავება: ჯერ ერთი, თავისთავად, 30 ლარი არაფრისთვის არ იყო საკმარისი და მეორე -  საკმარისიც რომ ყოფილიყო, მხოლოდ დიზელის საწვავით სოფლის მეურნეობის პრობლემები ვერ გადაწყდებოდა. რაც შეეხება ახალ სასოფლო-სამეურნეო ბარათს: ის იქნება პაკეტში სხვა ღონისიძებებთან ერთად. მათ შორის, საუბარია საბანკო კრედიტის გაცემაზე, თანაც სხვადასხვა საბანკო კრედიტები უნდა გაიცეს განსხვავებული საპროცენტო განკვეთებით. არა მხოლოდ საბანკო კრედიტებია დიფერენცირებული, არამედ თვითონ ეს ბარათიც სხვადასხვა ღირებულებისაა: იმ მიწების დასამუშავებლად, სადაც ტექნიკა ვერ გამოიყენება მცირე ზომის გამო, შედარებით უფრო იაფიანი ბარათია, სადაც ტექნიკის გამოყენებაა შესაძლებელი, უფრო ძვირიანი. ანუ ეს არის განსხვავება, მაგრამ კითხვებს აჩენს თვითონ მთავრობისეული ეს სასოფლო-სამეურნეო პროგრამა.

 

პირველი: წერია, რომ დაიხარჯება 700 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც დაპირება იყო მილიარდი, ანუ სხვაობა 300-მილიონია. რა მოხდა? მთავრობამ უნდა განმარტოს, რატომ ჩამოვიდა ერთი მილიარდი 700 მილიონამდე.

 

მეორე, არ ჩანს, წყარო, საიდანაა აღებული ეს 700 მილიონი ლარი. აშკარაა, რომ ეს არ არის ბიუჯეტიდან. რაც მთავარია, ჩემთვის, როგორც ეკონომისტისთვის, გაუგებარია ამ 700 მილიონის დახარჯვის მექანიზმი.

 

 –სამინისტრო განმარტავს, რომ ამ ფონდიდან კრედიტები არ გაიცემა, გლეხებს კრედიტების აღება შეეძლებათ მხოლოდ კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან.

 

–ის, რომ კრედიტებს გასცემს ბანკები და არა – მთავრობა, სწორია, იმიტომ რომ კომერციული კრედიტის გამცემი მხოლოდ ბანკია, მაგრამ რა პრინციპით შეირჩევა ბანკები? რა პირობებით მოხდება კრედიტების გაცემა? ბანკის წილი რამდენს შეადგენს? ამ 700 მილიონიდან რამდენი დაიხარჯება საბანკო მომსახურებსთვის? ეს კრედიტები გარანტიით გაიცემა თუ გარანტიის გარეშე? ეს პასუხები არ ჩანს.

 

–სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარკება ბანკებთან და ჯერ პროცესი არ დასრულებულა, თუმცა განმარტავს, რომ ეს 700-მილიონიანი ფონდი იქნება ნაწილობრივ ბანკებისთვის გარანტი.


–ეს 700 მილიონი შეიცავს საგარანტიო კომპონენტს? ეს არის კითხვა, რაზეც პასუხი უნდა გასცეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რაშიც ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა აშკარად მოიკოჭლებს.

 

–ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი სამჯერ აჭარბებს ექსპორტს. იმპორტირებულის ნაწილი უხარისხოცაა და იაფიც, ამიტომაც ანიჭებს უპირატესობას მას ქართველი მომხმარებელი. სახელმწიფო იმედოვნებს, რომ გლეხები პროდუქციის ღირებულების დათვლისას გამოაკლებენ სახელმწიფოს მიერ ჩადებულ რესურსს და ეს გააიაფებს ადგილობრივ პროდუქციას. გონივრული მოლოდინია?


–ეს არის სოფლის მეურნეობის სუბსიდირება.

 

–რატომ გააკეთებს ამას გლეხი თუ ბაზარი თავისით დაარეგულირებს ფასს ნაკლებობისკენ?


– გლეხს თავისი პროდუქციის გაყიდვა უნდა და ამ მიზნით დაწევს ფასს, იმიტომ რომ ხარჯებში ეს ლუფტი არსებობს: ხარჯების ნაწილს დაფარავს მთავრობა.

 

–მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალ წელსაც მოუწევს მთავრობას სუბსიდირება გლეხების ხარჯების? თუ გლეხი სახელმწიფოს მიერ გაღებულ რესურსს გამოაკლებს პროდუქციის თვითღირებულებას, რომ ფასი დაწიოს, შემდეგ წელს ექნება რესურსი, თავისი ჯიბიდან გაიღოს ხარჯი?

 


–ამაზე პასუხი უნდა გასცეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. მხოლოდ პრემიერის ასდღიანი ანგარიში არ არის საკმარისი, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რასთან გვაქვს საქმე. მე ვიფქრობ, უკვე მომდგარია საგაზაფხულო სამუშაოები და ცოტა არ იყოს დაგვიანებულია ამ თემებზე საუბარი, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ამიტომ, რაც უფრო მალე ჩამოყალიბდება თავად სამინისტრო და ყველა ამ კითხვეზე გასცემს პასუხს, უკეთესი იქნება სოფლის მეურნოებისთვისაც და მთლიანად ქართველი გლეხობისთვის".

 

 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის, ნანა ჩინჩილაკაშვილი TSpress-თან საუბარში აცხადებს, რომ როდესაც საუბარი იყო მილიარდიან ფონდზე სოფლის მეურნეობაში, არ იყო დაკონკრეტებული, რომ ეს თანხა ერთ წელიწადში დაიხარჯებოდა. "ეს არის სამწლიანი პროექტი. წელს უკვე მობილიზებულია 700 მილიონი ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანობაში სამი წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მილიარდზე ბევრად მეტი დაიხარჯება,“-აცხადებს ის.

 

სამინისტროს 700-მილიონიანი ფონდის წყაროები არ დაუკონკრეტებია და, ჯერჯერობით, არც ბანკებთან დაუსრულებლია მოლაპარაკება, თუ რა პირობებით აპირებენ ისინი აგროსესხების გაცემას, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ფერმერთათვის მცირეხნიანი კრედიტების მაქსიმალური პროცენტი იქნება 7, საცავების, მაცივრებისა თუ დამფასოებელი საწარმოების მფლობელებს ექნებათ საშუალება, აიღონ, საშუალოდ, 3-პროცენტიანი კრედიტი.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს, საერთო ჯამში, დარგს 700-მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და ეს თანხა მოიცავს როგორც საბიუჯეტო, ისე არასაბიუჯეტო თანხებს.

 

700 მილიონი ლარიდან 184 მილიონი წელს ეგრეთ წოდებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათებზე დაიხარჯება (მცირე ფერმერთა ხელშეუწყობის პროგრამის ფარგლებში) და მათი ერთი ნაწილის დარიგება ქვემო ქართლიდან უკვე დაიწყო.

 

მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა კი, შეეხება გლეხებს, რომლებიც 5-ჰექტრამდე მიწას ფლობენ. თუმცა დახმარების ტიპი დამოკიდებულია მიწის ოდენობაზე, განსხვავებული მიდგომებია: 0,25 ჰექტრამდე, 0,25-დან 1,25-მდე და 5 ჰექტრამდე მიწის მფლობელებისთვის.

 

შეგახსენებთ, რომ მთავრობა გასცემს ორი ტიპის სასოფლო-სამეურნეო ბარათი: სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის (რომელსაც 0,25-ჰექტრიდან 1,25-ჰექტრის მფლობელები მიიღებენ), ხვნისა და გაფხვიერებისთვის. გლეხებს ამ ბარათის განაღდება შეეძლებათ როგორც შპს „მექანიზატორში“, ისე კერძო ცენტრებში, მარტიდან კი, დარიგდება ნედლეულის ბარათები: პროპორციით - 1 ჰექტარზე 300 ლარის ოდენობით. ამ ბარათის მეშვეობით გლეხებს სასუქის, მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და თესლის შეძენა შეეძლებათ.

 

0,25-ჰექტარზე ნაკლები მიწის მფლობელები მიიღებენ უნიფიცირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, შალვა ფიფიას განმარტებით, „0,25-ზე მცირე მიწის ფართობზე არ არის მიზანშეწონილი ტექნიკის შესვლა, ამიტომ ამ ზომის მიწის ნაკვეთების მფლობელები მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ბარათს.“

 

1,25-დან 5-ჰექტრამდე მიწის მფლობელებიც მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლის ღირებულებაც 640 ლარი იქნება.

 

ამას გარდა, გლეხს დამატებითი ნედლეულის შესაძენად შეეძლება, მიიღოს ნულპროცენტიანი კრედიტიც, რომლის სქემაც, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, შალვა ფიფიას განმარტებით, შემდეგნაირია: „ვთქვათ: გლეხისთვის საჭირო დამატებითი ნედლეულის, პესტიციდების, საცალო ღირებულებაა 100 ლარი, იქნება ორი ოფცია: ერთი, რომ გლეხმა გადაიხადოს ეს 100 ლარი და იყიდოს დამატებითი ნედლეული და, მეორე, თუ არ აქვს ეს 100 ლარი, საკრედიტო ოფიცერთან გააფორმოს ხელშეკრულება, აიღოს 100-ლარიანი პაკეტის პესტიციდი და შემოდგომაზე გადაიხადოს ისევ 100 ლარი.“

 

აშკარაა, რომ წინასაარჩევნოდ, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაცილებით უხვი დაპირებები გაიცა. მეორე მხრივ, სოფლის მეურნეობა ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩამორჩენილ სფეროს განეკუთვნებოდა (საქართველოს სოფლად დასაქმებული მოსახლეობის 53 პროცენტი მთლიანი შიდა პროდუქტის 10-პროცენტსაც ვერ ქმნის). ამ ფონზე 700 მილიონი ლარი შთამბეჭდავი ციფრია, თუმცა ამ თანხის ხარჯვის ეფექტიანობას მხოლოდ გრძელვადიანი პერსპექტივაში თუ შევაფასებთ.


სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED