ფოთის მერის თანამშრომლებმა გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება მიიღეს

2013.02.18 ავტორი: TS

ფოთში, მერიის სამსახურებში დასაქმებულმა ყველა თანამშრომელმა, სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება მიიღო. მიზეზად ფოთის მერი, დავით სარსანია რეორგანიზაციას ასახელებს.  

ფოთის მერია-საკრებულოს თანამშრომლები

ფოთის მერია-საკრებულოს თანამშრომლები

მერის, დავით სარსანიას განცხადებით, შრომის კოდექსის თანახმად, თანამშრომლები 1 თვით ადრე გააფრთხილეს. 

 

მისი თქმით, გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურებში კონკურსის გავლის შემდეგ დააბრუნებენ. 

 

მისი თქმით, სამსახურებში ხელოვნურად გაზრდილი შტატებია. როგორც სარსანია განმარტავს, შტატგარეშე თანამშრომლის ხელშეკრულებით აყვანის პრაქტიკა აღარ იარსებებს და ხელშეკრულება შეუწყდება თითოეულ კონტრაქტორს.

 

რამდენი თანამშრომელი დატოვებს სამსახურს, ჯერჯერობით, უცნობია. სარსანიას თქმით, სასახურების ოპტიმიზაციის შედეგად, გაუქმდება განყოფილებები, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, განყოფილებები ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდება.

 

მერის განცხადებით, სამსახურებში ყველა პოზიციაზე თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან. თანამშრომლებს გასაუბრების შედეგად სპეციალური კომისია შეარჩევს.

 

მერიას კონკურსი ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა, ცნობილია, რომ კომისია საკრებულოს წევრებისგან, არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. 

 

მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციასა და საჯარო სამსახურებში ხელოვნურად გაზრდილ შტატებზე ფოთის მაჟორიტარმა ეკა ბესელიამ "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის კონფერენციაზე ისაუბრა.

 

"კარგია, რომ რეორგანიზაცია გამოცხადდა, იმიტომ, რომ სამსახურები ერთიანდება, ძალიან ბევრი ხელოვნური შტატი უნდა გაუქმდეს და ეს პარტიული ნიშნით და პირადი ნაცნობობით დანიშვნები უნდა შეწყდეს,"- აღნიშნა TSpress -თან საუბრისას ბესელიამ.

 

იურისტის, ლადო სანიკიძის განმარტებით, მერიიდან თანამშრომელთა გათავისუფლება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე იურიდიული საკითხი. მისი თქმით, თანამშრომლებს აქვთ უფლება ხელმძღვანელობას გათავისუფლების მიზეზი მოთხოვონ, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ, წინა წლებში განხორციელებული საქმიანობის გათვალისწინებით კანონშესაბამისი ქმედება უფრო დააზარალებთ.

 

-"ეს არის თვითმმართველობა და ხელმძღვანელი პირის შეცვლა არ ნიშნავს, რომ ყველა დონეზე უნდა მოხდეს ერთის მოერეთი ჩანაცვლება. შესაძლებელია ვიღაცამ დავა სასამართლოს  გზით გააგრძელოს და ხელმძღვანელობას იქ მოუწიოს არგუმენტების დასახელება, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანები საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ რესურსად იყვნენ გამოყენებულნი, ამიტომ შეიძლება სხვადასხვა სახის დარღვევებათან გვქონდეს საქმე, ამ კუთხით გამოძიება და მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება კი უფრო მტკივნეული იქნება და უფრო მეტადაც დაზარალდებიან. ამასთანავე აღსანიშნავია, როცა საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენის განცდა უჩნდება არ შეიძლება მათ ჩვეულებრივ გააგრძელონ მუშაობა, ამიტომ ერთგვარი პოლიტიკური შეთანხმებაა, გამოცხადდეს რეორგანიზაცია და ამ გზით დატოვონ მათ სამსახურები"- განმარტავს სანიკიძე.

 

მისი თქმით, სამსახურებში რეორგანიზაციები ფორმალურ ხასიათს ატარებს. როგორც ის განმარატვს, კანონით, რეორგანიზაცია მთლიანად სისტემის შეცვლას გულისხმობს და არა კონკრეტული კადრის შემცირება - არშემცირებას.

 

ფოთის მერიის სამსახურებში ამ დროისთვის 276 ადამიანია დასაქმებული, სახელფასო ფონდი 2 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს. აქედან 39 თანამშრომელი ხელშეკრულებითაა აყვანილი, რომლებსაც ხელშეკრულება ყოველწლიურად უგრძელდებათ, რაც ბიუჯეტს დაახლოებით 272 ათსი ლარი უჯდება.

 

თანამშრომელთა ფულადი წახალისება კი ბიუჯეტს ყოველწლიურად დაახლოებით 800 ათასი ლარი უჯდებოდა. გასულ წელს, მერიამ პრემიის სახით ხელფასზე დანამატი 6-ჯერ გასცა, პრემიის ოდენობა 1 თვის ხელფასის ტოლია, რისთვისაც ბიუჯეტიდან  870 ათას ლარი გამოიყო.

 

ფოთის მერის გადაწყვეტილებით, წელს, პერემიების გაცემა განახევრდება და 3 ჯერ გაიცემა, რისთვისაც ბიუჯეტში 420 ათასი ლარია გათვალისწინებული.

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED