ბესელია - ფოთის პოლიციის უფროსს რეკომენდაცია მე გავუწიე, ის ჩემი ნათესავია [Video]

2013.02.14 ავტორი: იზა სალაყაია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, რომლის ნათესავები და გუნდის წევრები ფოთში წმაყვან თანამდებობებზე დაინიშნენ, აცხადებს, რომ ისინი თანამდებობაზე მისი რეკომენდაციით, პროფესიონალიზმის ნიშნით ინიშნებიან და არა ახლობლობა-მეგობრობის.

"ეს პარტიული ნიშნით და პირადი ნაცნობობით დანიშვნები უნდა შეწყდეს,"- აცხადებს TSpress -თან საუბრისას ბესელია. მისი განცხადებით, მისთვის კადრების შერჩევა და თანამდებობაზე პიროვნებების დანიშვნა ყველაზე მისაღები კონკურსის წესითაა.

 

ბესელია შსს ფოთის სამმართველოს უფროსთან, ზურაბ ალანიასთან, რომელიც მამამისის დეიდაშვილია, ნათესაურ კავშირს არ უარყოფს. მისი თქმით, პროფესიონალიზმის ნიშნით, ალანიას რეკომენდაცია თავად გაუწია.

 

-"პოლიციის უფროსთან დაკავშირებით მე პასუხისმგებლობას ვიღებ. მე მას რეკომენდაცია გავუწიე. ის არის ჩემი ნათესავი. რეკომენდაცია გავუწიე, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ხარ ქალაქში მაჟორიტარი დეპუტატი, გყავდეს აქ პროფესიონალი კადრი, ვისი ნდობაც შეიძლება. ის ერთ-ერთი საუკეთესო სახეა პოლიციის," - აცხადებს TSpress- თან საუბრისას ბესელია.

 

მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით, დანაშაულები არ იმალება, რასაც უკავშირებს არაოფიციალური ინფორმაციით, ქალაქში გაზრდილი წვრილმანი  დანაშაულის რიცხვს.

 

ბესელია შემოსავლების სამსახურის ფოთის სერვისცენტრის უფროსად, საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი აქტიური წევრის, ლევან ჩოჩიას დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ მას ამჟამად უწევს რეკომენდაციას.

 

მისი მეუღლის, ზურაბ გუბელაძის გენერალურ პროკურატურაში დასაქმებაზე ამბობს, რომ ის ყველაზე დაბალ თანამდებობაზე ახლაა. მისი თქმით, ის იყო მოსამართლე, კოლეგიის თავმჯდომარე, სხვადასხვა ქალაქებში მთავარი პროკურორი, დღე კი მხოლოდ რიგითი პროკურორია.

 

"მას მიაქციეს ყურადღება, რადგან ის ეხმარება დღეს პროკურატურას ახალაიას, რობაქიძის საქმეზე, ციხეებში პატიმრების წამებაზე. მან მოაწერა ადეიშვილის დაკავების ბრძანებას ხელი,"- აღნიშნავს ბესელია. 

 

 

მაჟორიტარის რეკომენდაციით დაინიშნა ფოთში ქალქის მერი, დავით სარსანია და "ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.

 

"ქართული ოცნების" ადგილობრივ შტაბში საუბრობდენ, რომ კაკულიას მერობაზე უარის თქმა და კონკურსში მონაწილეობის მიღება ეკა ბესელიამ გადააფიქრებინა, სანაცვლოდ კი, "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შესთავაზა, რადგან მერის პოსტზე ბესელია მხარს ფოთის ამჟამინდელ მერის, დავით სარსანიას კანდიდატურას უჭერდა.

 

აღნიშნულს ბესელია უარყოფს და განმარტავს, რომ იმ დროს თავმჯდომარის პოსტზე კაკულიას რეკომენდაციას ვერ გაუწევდა, რადგან მას პირადად არ იცნობდა.  მისი თქმით, პარტიასთნ კაკულიას რეკომენდაცია გაცნობიდან დაახლოებით 2თვეში  გაუწია.

 

"ბოლო მომენტამდე, მე ძალიან ფრთხილად ვუყურებდი ამ საკითხს, ისევე როგორც მერთან დაკავშირებით,"- აღნიშნავს ბესელია.

 

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს ადგილობრივი წევრი- დელეგატები ირჩევენ. ფოთში კაკულიას და მის პოლიტიკურ საქმიანობას პარტიის თითქმის ყველა წევრი იცნობს. რატომ დაჭირდა თავმჯდომარედ კაკულიას არჩევისთვის პარტიის წევრებს ბესელიას რეკომენდაცია, იყო თუ არა ეს მისი გადაწყვეტილება? - ბესელია განმარატავს, რომ ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით მოხდა.

 

ხოლო თავად პატიის ახლადარჩეული თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია აცხადებს, რომ ბესელიას მიერ ფოთის საკითხების გადაჭრის შესახებ კითხვები არ უნდა გაჩნდეს.

 

"გვყავს მაჟორიტარი, რომელსაც სხვა ქალაქის საკითხებს ეკითხებიან და ფოთის საკითხები თუ მან გადაწყვიტა, ეს არავისთვის არ უნდა იყო კითხვის გაჩენის საფუძველი და კითხვები არ უნდა გაჩნდეს ..."- აღნიშნა კაკულიამ.

 

 

ამავე თემაზე:

 

ბესელიას დემოკრატია [Video]


"ქართული ოცნების" დალოცვილი კონფერენცია




 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED