ფოთის მერი - ფულადი ჯილდოსა და პრემირების პრაქტიკა არ გაუქმდება [Video]

2013.01.25 ავტორი: იზა სალაყაია

"ფოთის მერია-საკრებულოს თანამშრომლები, მიმდინარე თვეში, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, პრემიებს არ მიიღებენ", განაცხადა ფოთის მერმა, დავით სარსანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. თანამშრომლების ფულად წახალისებას სხვა თვეებში გეგმავს და უწინდებურად განურჩევლად ყველა მათგანზე.

დავით სარსანია

დავით სარსანია

"წლის დასაწყისში პრემიის გაცემა არ მიმაჩნია სწორად, ვინაიდან, ჯერ ჩვენ არ შეგვისრულებია ის სამუშაო, რასაც ელოდება მოსახლეობა,"- განაცხადა სარსანიამ.

 

სარსანიას განმარტებით, პრემია ფულადი ჯილდოა და პრემირების პრაქტიკა არ გაუქმდება.

 

მისი განცხადებით, წელს მერია-საკრებულოს თანამშრომლები მოსახლეობის სოციალური პირობების გათვალისწინებით პრემიებს გასული წლების ანალოგიური რაოდენობით ვერ მიიღებს. სავარაუდოდ წლის განმავლობაში პრემია 3 ჯერ გაიცემა.

 

მისივე განმარტებით, პრემირების თანხების შემცირების ხარჯზე, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაზრდა იგეგმება. თუმცა, იქვე განმარტავს, რომ სხვა თვეებში, პრემიას ყველა თანამშრომელი მიიღებს.

 

"არ მიმაჩნია, კატეგორიების მიხედვით თანამშრომლის დაყოფა სწორად, ამიტომ პრემიის გაცემის შემთხვევაში, მას ყველა თანამშრომელი მიიღებს,"- აცხადებს სარსანია, არადა, პრემიების განურჩევლად დარიგება იყო სწორედ ოპოზიციისა და საბიუჯეტო ექსპერტების მუდმივი კრიტიკის საგანი.

 

 

ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, სულხან თოლორდავას განცხადებით, სოციალური პროგრამების გაზრდა პრემიების ხარჯზე არ მომხდარა და სახელფასო ფონდი, გასულ წელთან შედარებით, არ შემცირებულა.

 

მიმდინარე წლის ბიუჯეტში,  გასულ წელთან შედარებით, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების ოდენობა არ შეცვლილა, ცვლილება არც სახელფასო ფონდს შეხებია. თითო პრემიის გაცემა ბიუჯეტს დაახლოებით 140 ათასი ლარი უჯდება, რისთვისაც წლის განმავლობაში, დაახლოებით, 420 ათასი ლარი გამოიყოფა.

 

მიმდინარე საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის თანახმად, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, დაახლოებით 90 ათასი ლარით იზრდება, რაც პრემიების ხარჯზე გაზრდილი სოციალური პროგრამის შესახებ სარსანიას განცხადებას მართლაც გამორიცხავს.

 

შეგახსენებთ, რომ, გასულ წელს, მერიამ პრემიის სახით  ხელფასზე დანამატი 6-ჯერ გასცა, პრემიის ოდენობა 1 თვის ხელფასის ტოლია, რისთვისაც ბიუჯეტიდან  870 ათას ლარი გამოიყო. ფულადი წახალისება სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებზე ხდებოდა. გასულ წელს, პრემია დამატებით წინასაარჩევნო პერიოდშიც გაიცა.

 

პრემიის გაცემის საფუძვლად, ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს ასახელებდა. თუმცა, კანონის თანახმად, თანამშრომლების წახალისება სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ასევე დამატებითი, ხანგრძლივი, კეთილსინდისიერი, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულების შემთხვევაში უნდა გაიცეს, რაც პრემიების გაცემისას, არც ერთ შემთხვევაში, განმარტებული არ ყოფილა. 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის (საია), თათული თოდუას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი მკაცრად საუბრობს პრემიების გამოყოფაზე, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირად მისი გამოყენება არამიზნობრივად ხდება და მისი გაცემა საჯარო მოსამსახურის ამოცანების განასაკუთრებული პასუხისმგებლობით შესრულებაზე არ არის მიბმული.

 

ამავე თემზე:


საარჩევნოდ დარიგებული პრემიები


 

საჯარო მოხელეებს - 130 ათასის პრემია, სოცილურად დაუცველ ბავშვებს - 3200 ლარის „ბარამბო“


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED