ფოთის მერი - ბესელიას მაჟორიტარობა უნიკალური შემთხვევაა და ამ პრიორიტეტს გამოვიყენებ [Video]

2013.01.22 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის მერი, დავით სარსანია პრიორიტეტად ქალაქისთვის "განსაკუთრებული სტატუსის" მინიჭებას მიიჩნევს. ამასთანავე ფოთისთვის უნიკალურ შემთხვევად და  პრიორიტეტად მიიჩნევს მაჟორიტარად ეკა ბესელიას არჩევას.  მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეალური თვითმმართველობის განხორციელებაა, თუმცა, აქვე დასძენს, რომ ბიუჯეტის შევსებისას, ბესელიას იმედი აქვს. 

"ბესელიას მაჟორიტარობა ფოთისთვის უნიკალური შემთხვევაა და ტრანსფერის მიღებისას, ამ პრიორიტეტს აუცილებლად გამოვიყენებ,"- აცხადებს ის.

 

სარსანიას მერად დანიშვნას წინ უძღოდა მაჟორიტარსა და საკრებულოს შორის კონკურსის გამოცხადების შესახებ შემდგარი მოლაპარაკება.

 

ოთხ კანდიდატს შორის კომისიამ არჩევანი სარსანიაზე შეაჩერა და საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

 

სარსანია ბესელიას ლობირებას უარყოფს, თუმცა, აღნიშნავს, რომ მისი ფავორიტი იყო. მისი განცხადებით, მერად დანიშვნა სახელისუფლებო მხარდაჭერამ და არჩევნებში კარგად მუშაობამ განაპირობა.

 

-“ჩვენი ქალაქი ერთადერთი იყო სამეგრელოში, რომელმაც არჩევნებში დიდ წარმატებას მიაღწია და გამარჯვება მოიპოვა. ფაქტიურად, ფოთმა პირი მობანა მთელ საქართველოს. ამ ბრძოლაში, მე მთელი საარჩევნო კამპანიის მედროშე ვიყავი,”- აცხადებს TSpress - თან საუბრისას სარსანია.

 

მისი განცხადებით, საკონკურსო კომისიამ მერად ის თავისი პროგრამის გამო აირჩია, რომლის მთავარი პრიორიტეტი ფოთისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაა, თუმცა, რას მოუტანს სტატუსის მინიჭება ქალაქს ვერ აკონკრეტებს.

 

ფოთისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების საკითხი, პარლამენტში პირველად ყოფილმა მაჟორიტარმა რომან მელიამ დააყენა. ის თავის დროზე ამაში ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ქცევას გულისხმობდა, მას შემდეგ აღნიშნული იდეა არავის მოსვლია.

 

ერთ-ერთი მთავარი საკითხად სარსანია რეალური თვითმმართველობის გახორციელებას ასახელებს, მისი თქმით, სტატუსი  სამართლებრივ დამოუკიდებლობასაც გულისხმობს. 

 

-“უნდა შეწყდეს ეს მეგრელიზაცია და ზუგდიდიზაცია. ამას ჩვენ მივაღწევთ სამართლებრივი დამოუკიდებლობით, ვისაც არ ეზარებოდა პროკურორიდან დაწყებული სხვა მღალი თანამდებობის პირი ყველა ჩვენს საქმეში ერეოდა, ეს აღარ განმეორდება,”- ძირითადად ასე წარმოუდგენია მას დეცენტრალიზაცია.

 

სარსანია მერობის კანდიდატობის პერიოდში, TSpress - თან ბიუჯეტის 100 მლნ ლარამდე გაზრდაზე საუბრობდა. ის ამას მოგების და საშემოსავლო გადსახადის ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვებით ასაბუთებს, რაზეც მისი თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.


-“აქ საუბარი არაა მთლიან გადასახადზე, რაღაც პროცენტიც რომ დარჩეს, ეს ათეულობით მილიონით გაზრდის ადგილობრივ ბიუჯეტს,”- ამბობს სარსანია, თუმცა კონკრეტულ ციფრს ვერ ასახელებს.2007 წლამდე, მოგების და საშემოსავლო გადასახადები ადგილობრივ ბიუჯეტში რჩებოდა და ის 6-7 მლნ-ს არ აღემატებოდა.

 

ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ წყაროდ, მერი ადგილობრივი ქონების გასხვისებას და ინვესტიციების განხორციელებასაც  ასახელებს. ამბობს, რომ ამ კუთხით მოლაპარკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა “ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე” კონკრეტულ კომპანიებს და ინვესტორებს არ ასახელებს. 


უკვე წლებია, ფოთის ხელისუფლება მიწის პრივატიზაციიდან დაგეგმილზე გაცილებით ნაკლები თანხას იღებს, რაც, წლის ბოლოს, ბიუჯეტის შევსების პრობლემას ქმნის. 2012 წელს, მერია 6 მლნ ლარის ღირებულების მიწის გასხვისებას გეგმავდა, თუმცა, წლის ბიუჯეტში დაახლოებით, 2 მლნ ლარი შევიდა.

 

სარსანია ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ წყაროდ ფინანსთა სამინისტროდან მისაღებ ტრანსფერსაც ასახლებს და თანხის მიღებაში, მაჟორიტარის იმედი აქვს. “ჩვენ ეკა ბესელიასთან ერთად აქტიურად განვიხილავთ ბიუჯეტის გაზრდის გზებს,”- აცხადებს სარსანია.



მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი სოციალურ პროგრამებს და ქალაქის ინფრასტრუქტურას მოხმარდება.

 

სარსანია არ განმარატვს მიიღებენ თუ არა წინა ხელსიუფლების პერიოდში და ფოთის ყოფილი მერის, ვახტანგ ლემონჯავას გადაწყვეტილებით უკანონოდ დანგრეული საკუთრებების მეპატრონეები კომპენსაციას. 

-“ეს არის ვანდალური ფაქტი და კრიმინალი, ამაზე ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი არის მწირი და კომპენსაციის გაცემა რამდენად მოხერხდება, არ ვიცი”- აცხადებს სარსანია. თუმცა, "ქართული ოცნების" ერთ -ერთი მთავარი მოთხოვნა, საკუთრების უფლებაჩამორთმეულთათვის კომპენსაციის გაცემა იყო. ამას არაერთი ბრიფინგი მიუძღვნა ეკა ბესელიამ არჩევნების წინა დღეებში.

 

მერი ქალაქში კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, აცხადებს, რომ სერიოზული დანაშაულები არ ხდება. 



“ჩვენი ქალაქი პატარაა და ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია. არის ცნობილი, რა დონის დანაშაული ხდება, ეს არ არის სერიოზული დანაშაული. პატარა ქურდობები  ყველა ქალაქშია,” - განმარტავს სარსანია და აღნიშნავს, რომ პოლიციის უფროსს ყოველდღე ხვდება.




მერად დანიშვნამდე სარსანია ქალაქში კრიმინოგენურ სიტუაციის გაუარესებაზე საუბრობდა და პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელობას ცუდად მუშაობაში ადანაშაულებდა.




ახალი  მერი საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, მისი თქმით, თანამშრომლები კანონის თანახმად კონკურსის წესით შეირჩევიან. სარსანაის განმარტებით, მთავარი კრიტერიუმები: ქვეყნის სიყვარული, პატიოსნება და პროფესიონალიზმი იქნება.

 

-“ძალიან ბევრი გამინაწყენდა იმის გამო, რომ ეგონათ ახლობლობის ნიშნით დაინიშნებოდნენ თანამდებობაზე, მაგრამ მე არ მყავს ირგვლივ ის კატეგორია, ვინც, შესაძლოა, მერიის სამსახურებში დაინიშნოს,”- აცხადებს სარსანია.

 

წინასაარჩევნო პერიოდში, სარსანია მედიას ახლობლობის ნიშნით არჩევდა. ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე მან  TSpress - ის ოპერატორი მხოლოდ იმიტომ არ შეუშვა, რომ მას პირადად არ იცნობდა. აღნიშნულს ის დღეს "გაუგებრობას" უწოდებს და აცხადებს, რომ მედიასთან ინტენსიურ თანამშრომლობას გეგმავს. მას თანამშრომლობის ფორმები არ დაუკონკრეტებია. მხოლოდ საუბრის დასასრულს, ჟურნალისტთა დღის აღსანიშნად, ჟურნალსიტები "საქეიფოდ" მიიწვია.


 

მერობამდე სარსანია 2008 წლიდან  "ეროვნული ფორუმის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, 2006–2007 წწ კი  კონსტიტუციური უსაფრთხოების ფოთის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წამოვიდა, TSpress- ის ინფორმაციით კი გაათავისუფლეს. 

მანამდე კი 2004–2006წწ სამეგრელო– ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო. მისი თქმით, სტრუქტურიდან ხელმძღვანელობასთან არსებული დაპირისპირების გამო წამოვიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ის გაათავისუფლეს. 

 

1994-2004 წწ. ის შსს-ს კორუფციასთან და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა. 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED