ფოთის მერობისთვის მხოლოდ 4 კანდიდატი იბრძოლებს

2013.01.03 ავტორი: TS

ფოთის მერობის მსურველთა რიცხვი 4-მდე შემცირდა. ფოთის მერის ვაკანტურ პოზიციაზე, თავდაპირველად შესული 44 განცხადებიდან, საკონკურსო კომისიამ 40 არასრულყოფილად მიიჩნია.

მერობისთვის იბრძოლებენ "ქართული ოცნების" სამი კანდიდატი: ზურაბ დონდოლაძე, დავით სარსანია, ბესიკ ჯოჯუა და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი - ბადრი დავითაია.

 

დონდოლაძე, ირაკლი ალასანიას, ხოლო ჯოჯუა და სარსანია - ეკა ბესელიას ფრთას წარმოადგენენ.

 

"დღეს, კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა და ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ კანდიდატები, რომლებსაც არასრულყოფილი დოკუმენტაცია ჰქონდათ წარმოდგენილი, მეორე ეტაპზე აღარ გადავიყვანოთ,"- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ბაბილუამ.

 

მერობის მსურველებს უნდა წარმოედგინათ: ბიოგრაფია, განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობები ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ბევრმა მათგანმა მხოლოდ სივები წარმოადგინა, ერთი კი ასაკის გამო გამოეთიშა კონკურსს.

 

ბადრი დავითაია პროფესიით აგროინჟინერია. ის წარმოშობით აბაშელია, ამჟამად, ცხოვრობს ფოთში და სოხუმის უნივერსიტეტის ფილიალში ლექციებს კითხულობს.

 

ამ ეტაპზე, საპრეტენზიო განცხადება კომისიაში არ შესულა. ფოთის მერობის მსურველებმა, ხვალ, საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება უნდა გაიარონ.

 

მერობის პრეტენდენტებს მოეთხოვებათ: კომუნიკაციის უნარი, ანალიტიკური აზროვნება, მართვის უნარი. ასევე, სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, საქართველლოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ნორმატიული აქტებისა და საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ.

 

კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ფოთის განვითარების პროგრამა. 

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის მერის თანამდებობა 7 აგვისტოდან, ვახტანგ ლემონჯავას გადადგომის შემდეგ ვაკანტურია. მერის პოზიციაზე კონკურსი 21 დეკემბერს გამოცხადდა. 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED