ინტერვიუ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარესთან

2012.12.25 ავტორი: TS

ფოთის საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე, დავით ბაბილუა, რომელმაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს ბოლო სხდომაზე დატოვა, ახალ ძალასთან თანამშრომლობის მომხრეა. ის, რამდენიმე დღის წინ, ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს, ეკა ბესელიასაც შეხვდა. რაზე ისაუბრეს მათ, რას ფიქრობს თავად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ქალაქის მომავალ მერსა და მასთან თანამშრომლობაზე, - ამ და სხვა საკითხებზე ის TSpress-ს ესაუბრა:

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი ძალიან მწირ შემოსავლებზეა (13,5 მლნ ლარი) დაგეგმილი, რაც გარკვეულ პროექტების განხორციელებას შეაფერხებს, ამიტომაც მას, ბიუჯეტის გაზრდის საკითხში, მაჟორიტარი დეპუტატის დახმარების იმედი აქვს. მისივე თქმით, მაჟორიტარსაც აქვს ხალხის წინაშე გარკვეული ვალდებულებები აღებული, რაც მან არჩევნებამდე დაპირებების სახით გასცა.

 

ბაბილუას განმარტებით, ამ ეტაპზე, ქალაქის ბიუჯეტს 494 ათასი ლარის დეფიციტი აქვს, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობა არსებული ვალდებულებების შესრულებას მაინც ახერხებს.

 

საკრებულოს თავმჯდომარე, მოქალაქეების მხრიდან შესული პეტიციის შესაბამისად, ქალაქში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მწვავე - ავტოფარეხების მასობრივი ნგრევის გამო მიყენებული ზიანის საკითხის, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას გეგმავს.

 

- მოქალაქეების პეტიცია რამდენიმე დღის წინ შევიდა საკრებულოში. შესაძლებელია თუ არა, ავტოფარეხების ნგრევით დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი გათვალისწინებულ იქნას მომავალი წლის ბიუჯეტში?

 

- პეტიცია გადაცემულია იურისტებისთვის, ალბათ, შემდეგ სხდომაზე განვიხილავთ. ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ... მქონდა შეხვედრა მაჟორიტარ დეპუტატთან, ქალბატონ ეკასთან და ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც დაგვიგროვდა და რომელიც ეხება სოციალურ საკითხებს, ინფრასტრუქტურის პრობლემებსა და ა.შ. გავლილი გვაქვს კონსულტაციები და იმედი გავქვს, მაჟორიტარის დახმარებით მოვაგვარებთ.

 

-მაჟორიტარს რა როლი აქვს ამ ყველაფერში, როცა თვითმმართველობა თქვენ ხართ?

 

- მაჟორიტარს აქვს დახმარების, მთავრობასთან კომუნიკაციის ფუნქცია... რაც, ამ ეტაპზე გვიჭირს. მაჟორიტარი თავისი ავტორიტეტით ამას გააკეთებს, თან თავადაც ხომ აქვს ვალდებულებები აღებული მოსახლეობის წინაშე.

 

-სოციალური საკითხები მაჟორიტარს არ ევალება და დახმარება კონკრეტულად რაში გამოიხატება?


-დახმარება გამოიხატება იმ მიზნობრივი თანხების გამოყოფაში ლობირების გაწევას, რომელიც მოხმარდება ჩვენს ქალაქს.

 

-როგორ ფიქრობთ, მის გარეშე არ გამოეყოფოდა ქალაქს თანხა?

 

-კი, გამოეყოფოდა, მაგრამ მისი დახმარებით, უფრო ეფექტური იქნება.

 

- კიდევ რაზე ისაუბრეთ მაჟორიტართან?

 

- ვისაუბრეთ ფოთის სინამდვილეში არსებული პრობლემების შესახებ და მისი გადაწყვეტის გზები განვიხილეთ

 

- როგორ მოხდება თქვენს მიერ მოთხოვნილი ბიუჯეტის ზრდა: ბიუჯეტს ტრანსფერებით გაზრდიან, ადგილობრივ შემოსავლებს დაუტოვებენ ქალაქს თუ კიდევ სხვა გზა არსებობს?

 

- ბიუჯეტის კი არ გაზრდიან მაგრამ, მაგრამ მიზნობრივ პროექტებზე გარკვეული თანხების გამოყოფაზე შევთანხმდით

 

-ანუ თქვენსა და მაჟრიტარს შორის თანამშრომლობა შედგა და უკვე კოჰაბიტირებთ?

 

-კი, როგორც იქნა გავიცანით ერთმანეთი, თორემ აქ მუსირებს აზრი, რომ თითქოს მე ბესელიას წარდგენილი კანდიდატი ვარ. რომ შევხვდი მას, მითხრა მადლობა ღმერთს გაგიცანითო.

 

-რამდენადაა ის ფოთში არსებული პრობლემების საქმის კურსში?

 

-ძალიან ბევრ ადამიანთან ქონდა მას შეხვედრა და ძალიან ბევრ პრობლემას გაეცნო. ის ხალხი მანამდე ჩვენთანაცაა ნამყოფი, ანუ ეს ჩემთვის ეს ყოველდღიურ მუშაობაში შედის, მაგრამ ახლა დიდი იმედი მიეცათ მათ, რომ დაინახეს, ასეთი ენერგიული და გამტანი მაჟორიტარი ყავთ.

 

-მერის კანდიდატურაზეც შედგა შეთანხმება?

 

-არა, შეთანხმება არ ყოფილა. კომისია რომ შეიქმნება, კონკურსი უნდა ჩატარდეს სამართლიანად. კონკურსს ექნება ორი ეტაპი, პირველი, განვიხილავთ შემოტანილ დოკუმენტებს და მეორე ეტაპზე ყველა მათგანს გავესაუბრებით.

 

-ამ შემთხვევაში, მგონი, მოგიწევთ ისეთი კანდიდატის შერჩევა, რომელიც ორივე მხარისათვის იქნება მისაღები, რასაც, ალბათ, მაინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე მიყავხართ.

 

-მე ასე არ ვუდგები ამ საკითხს. ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ ქალაქს გამოადგეს. უნდა იყოს ღირსეული, პროფესიონალი, ქალაქში ავტორიტეტული და აუცილებლად ფოთელი.

 

- უფრო კონკრეტულად, რას ითვალისწინებთ შერჩევის კრიტერიუმები?

 

- პირველ რიგში, უნდა იყოს განათლებული... უმაღლესი განათლება, მიღწევები.. რა აქვს გაკეთებული ქალაქში და ა.შ.

 

-შეიძლება გახდეს ნეიტრალური ადამიანი მერი? არის შეთანხმებული ეს ორივე პარტიასთან?

 

- "ქართული ოცნების" მოთხოვნაა, რომ იყოს მათი წარმომადგენელი, მაგრამ თუ ჩვენ ვატარებთ სამართლიან კონკურსს, მაშინ სავალდებულო არაა მაინც და მაინც რომელიმე პარტიის წარმომადგენელი იყოს მერი.

 

-საკრებულოში "ქართულ ოცნებას" ერთადერთი წევრი ყავს მოგელი ტყებუჩავას სახით. ბოლო სხდომაზე , მან პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. როგორ კოჰაბიტირებთ მასთან?

 

- მე მას ძალიან დიდი პატივს ვცემ, როგოც ფოთელს, ნიჭიერ ადამიანს, მაგრამ რაღაც საკითხებზე შეუთანხმებლობა გვაქვს.

 

- თქვენს მიერ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დღის წინ დატოვების შემდეგ გაჩნდა კითხვები. მაინც რატომ დატოვეთ ფრაქცია?

 

- საერთოდ, მე ვარ პროგრესის მომხრე, რაც თავიდან დავინახე ნაციონალებში და მათი სიით ვიყარე კენჭი, მაგრამ მოგვიანებით, არ მომეწონა ორი რამ: ბიზნესის მიმართ მიდგომა და სამართლიანი სასამართლოს პრობლემა.

 

-თქვენ კონკრეტულად შეგეხოთ რომელიმე მათგანი?

 

-შემეხო ბიზნესთან დაკავშირებით 2010 წელს და მომდევნო წლებშიც. უსამართლო გადაწყვეტილებები იყო გამოტანილი, რამაც გამოიწვია იმედგაცრუება და ამან მიმაღებინა გადაწყვეტილება. მე ერთი თვის წინ დავტოვე ფრაქცია, უბრალოდ, ამან ბოლოს ხდომაზე მიიღო ოფიციალური სახე.

 

-რატომ ახლა და არა მანამდე? მანამდე ვერ გარისკეთ?

 

-მაშინაც ვფიქრობდი, მაგრამ იყო რაღაც მომენტები, რამაც არ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. ის, რაც ენვერ სიჭინავამ გააკეთა(ის საკრებულოს ნაციონალი წევრი იყო და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა პარტია, რის შესახებაც ხმამაღლა განაცხადა-ავტ), იყო ძალიან დიდი რისკი.

 

-რომ გაემარჯვა "ნაცმოძრაობას", შექმნებოდა მას და მის ბიზნესს პრობლემა?

 

-ალბათ...

 

-ფრაქციიდან თქვენი გასვლის შემდეგ, ნაციონალების მხრიდან ზეწოლა  ან რაიმე სახის რეაგირება ხომ არ ყოფილა?

 

-არა, არ ყოფილა.

 

- ანუ, თქვენ დღეს სად ხართ: "ნაციონალებში" აღარ ხართ, გასაგებია, მაგრამ "ოცნებაში" ხომ არ გადასულხართ?

 

-მე ვარ ნეიტრალური, მაგრამ ტანდემში თანამშრომლობა შემიძლია ახალ ძალასთან.

 

-ხომ არ გაცდება ეს ნეიტრალურობის ჩარჩოს და ხომ არ გაგხდით ეს პროცესები მხოლოდ შემსრულებელს, წინამორბედის მსგავსად?

 

- არა მგონია... რასაც ვაკვირდები, ახლა სულ სხვა ტენდენციაა და ახალი მთავრობის მიდგომები სულ სხვანაირია. ისინი თანამშრომლობის მომხრე არიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED