მოქალაქეებმა ფოთის საკრებულოს პეტიციით მიმართეს

2012.12.21 ავტორი: TS

მოქალაქეებმა ფოთის საკრებულოს პეტიციით მიმართეს და ქ. ფოთის ექს-მერის, ამჟამად, პარლამენტის წევრის, ვახტანგ ლემონჯავას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, საკუთრებასა თუ სარგებლობაში არსებული ავტოფარეხების დემონტაჟისას მიღებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.

მოქალაქეებმა პროექტის ინიცირების უფლება გამოიყენეს და საკრებულოს 417 ხელმოწერით უკანონოდ დანგრეული ავტოფარეხების კომპენსაცია მოითხოვეს.

 

ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, 2010 წლის შემდეგ, მერიის მიერ მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა, მათ შორის, ავტოფარეხების, ასევე სხვა საზოგადოებრივი (არასაცხოვრებელი) ობიექტების დემონტაჟი იყო.

 

მერიის მიერ დემონტირებული ავტოფარეხების უმრავლესობა კაპიტალურ ნაგებობას წარმოადგენდა და რაც მნიშვნელოვანია მათი ძირითადი  ნაწილი აშენებული იყო ქ. ფოთის მერიის სამსახურების მიერ გაცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ უძრავი ნივთის დიდი ნაწილი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, როგორც კერძო პირების საკუთრება, ხოლო დარჩენილი ნაწილი კერძო პირების ფაქტობრივ მფლობელობაში იყო.

 

ქალაქის მოსახლეობის საკუთრებაში/ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების (ნივთის) დემონტაჟის სამუშაოები განხორციელდა მერის ერთპიროვნული ბრძანებით. თვითმმართველობის ორგანოების მიერ რაიმე სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. ამ ქმედებებით გარკვეული ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ მესაკუთრეებს. ისინი ფოთის ყოფილ მერს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებდნენ.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში კი, თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ არსებითი ზიანი ადგება რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანო ვალდებულია აუნაზღაუროს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანი. ამასთან ზიანის ანაზღაურების მოცულობა უნდა განისაზღვროს საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე.

 

პროექტის წარმომდგენმა ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითმა ცენტრმა", ფოთის საკრებულოს, საკითხის უახლოეს მომავალში განხილვის მოთხოვნით მიმართა.

 

"საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, დემონტირებული ავტოფარეხისა და სხვა საზოგადოებრივი (არასაცხოვრებელი) ობიექტების მფლობელებს უნდა მიეცეთ გონივრული კომპენსაცია,"-აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი, ელისო ჯანაშია.

 

საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე, დავით ბაბილუა TSpress- თან საუბრისას პრობლემას აღიარებს და უახლოეს სხდომაზე მოსახლეობის მოთხოვნის განხილვის პირობას დებს.

 

პროექტის - "მოქალაქეები საკუთრების უფლების დასაცავად!"-  ხორციელდება G-PAC-ის ფინანსური მხარდაჭერით. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED