აფხაზური ფეხბურთის მომავალი, უეფას დუმილის ფონზე

2012.12.15 ავტორი: ლევან სეფისკვერაძე

თვითაღიარებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ფიფა-უეფას მიერ სახელმწიფოსავით არაღიარებული ექვსგუნდიანი საფეხბურთო ჩემპიონატი ტარდება და ამ გათამაშებაში უმეტესად 17-20 წლის, ძირითადად, რუსი ეროვნების ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

OLYMPUS DIGITAL CAMERA

 აფხაზეთის არაღიარებული ჩემპიონატის რამდენიმე გზის გამარჯვებულია სოხუმის “ამრა“ (ამრა აფხაზურად მზეს ნიშნავს). ჩემპიონატში ასევე მონაწილეობენ გუნდები: “ლოკომოტივი“, “რიწა”, “გაგრა”, “აფსნი“ და “აკუა“ (სოხუმი).

 

ცოტა ხნის წინ, რუსი მწვრთნელი, ოლეგ დოლმატოვი აფხაზეთის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. დოლმატოვი გასული საუკუნის 80-90-იანი წლებში სოხუმის “დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო.

 

რუსული სპორტული მედიამაგნატის: “სპორტ-ექსპრესის“ ცნობით, დოლმატოვს პრიზი ჯერ კიდევ 1995 წელს უნდა მიეღო, მაგრამ მიზეზთა გამო, ეს ვერ მოხერხდა.

 

როგორც ამბობენ, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, ფეხბურთი ძალიან ჰყვარებია და როდესაც ტელევიზიებით ევროპული ან მსოფლიო მნიშვნელობის საფეხბურთო მუნდიალებს აჩვენებენ, მაშინ პრეზიდენტის ნახვა მხოლოდ ტელევიზორთან შეიძლება. სწორედ ალექსანდრე ანქვაბის ინიციატივით იმართება აფხაზეთის ჩემპიონატიც, რომელსაც მავანი ცინიკოსის ან იდეალისტის გადაწყვეტილებით, სახელად “პრემიერლიგა“ ჰქვია და თავისი ინგლისური სეხნიის ნამდვილ პაროდიას წარმოადგენს.

 

უეფას თავის რიგებში არასოდეს მიუღია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ არაღიარებული საფეხბურთო ფედერაციები, მაგრამ აფხაზებს როგორც ჩანს, უეფას მიერ მათი ფეხბურთის აღიარების იმედი სულ სხვა კუთხით აქვთ. არსებობს რამდენიმე მაგალითი, როდესაც პატარა ქვეყნების საფეხბურთო კლუბებს მეზობელი დიდი ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მისცეს. ასეთი გუნდებია: “მონაკო“, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს, ლუქსემბურგის “ვადუცი“, რომელიც შვეიცარიის ჩემპიონატში ირჯება.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

OLYMPUS DIGITAL CAMERA

 

სან-მარინოს ამავე სახელწოდების კლუბი იტალიის სერია “ც“-ში გამოდის და სხვა.. ანუ ეს ტენდენცია მეტყველებს იმაზე, რომ უეფა ეწინააღმდეგება პატარა ქვეყნების ეროვნული გუნდების სხვა ქვეყნის ნაკრებებთან გაერთიანებას, მაგრამ სამაგიეროდ “მწვანე შუქს უნთებს“ პატარა ქვეყნების საფეხბურთო კლუბებს იმაში, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა სხვა ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატებში.

 

მართალია, ჩვენს  მიერ ხსენებული მონაკო, ლუქსემბურგი, ან სან-მარინო იგივე აფხაზეთისაგან განსხვავებით, არ წარმოადგენენ სეპარატისტულ, არაღიარებულ და კრიმინალური ანკლავის მიერ შექმნილ ქვეყნებს, მაგრამ საკუთრივ ის პრეცენდენტი, რომ ევროპის ე.წ. ჯუჯა სახელმწიფოების კლუბები მეზობელი დიდი ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობენ, ბევრ არაღიარებულ ქვეყნებს უსახავს არცთუ მთლად უსაფუძვლო იმედებს, რომ მომავალში აფხაზეთის ერთი გუნდი მაინც ჩაერთვება რუსეთის თუნდაც მეორე ან მესამე საფეხბურთო ლიგაში.

 

აფხაზეთის არაღიარებული საფეხბურთო ჩემპიონატისა და აფხაზური ფეხბურთის რუსულთან გაერთიანების შესახებ, ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტფორუმზე თავის აზრს გამოთქვამს, მოსკოვში მცხოვრები სოხუმელი აფხაზი, გენადი გერგედავა.

 

აფხაზეთის მკვიდრი, გენადი გერგედავა მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ აფხაზეთის ჩემპიონატი, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის ჩემპიონატებიც უნდა გაუქმდეს და კლუბები რუსეთის ჩემპიონატს შეუერთდეს. მისი საზრით, ასე გამოვა ერთიანი, ძლიერი ჩემპიონატი, რომელში მოთამაშე გუნდებიც წინააღმდეგობას გაუწევენ იტალიის და ესპანეთის გუნდებსაც კი.

 

"ახლა რუსეთის გარდა. საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნის ჩემპიონატში ძალიან დაბალი დონეა და მათთვისვე იქნება კარგი, თუ რუსეთის ჩემპიონატს საკუთარი ნებით შეუერთდებიან. რაც შეეხება აფხაზეთის ჩემპიონატს, ძალიან მწყდება გული, რომ ეს ჩემპიონატის ფაქტიურად არ არსებობს და ის ოთხი გუნდი, რომლებიიც ამ ჩემპიონატში მონაწილეობენ, სულ პატარა ბიჭებით არიან დაკომპლექტებული. ეს ბიჭები მერე ან თავს ანებებენბ ფეხბურთს, ანდა რუსეთში გარბიან. იმედია აფხაზურ ფეხბურთს რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია მიიღებს თავის შემადგენლობაში და მერე ყველაფერი გამოსწორდება,“-ამბობს რესპოდენტი ერთ-ერთ აფხაზურ საიტზე.

 

ამ მოსაზრებას გარკვეული მხარდაჭერაც ექნება, თუმცა, ბევრს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, საბჭოთა კლუბების მიერ სამი ევროპული თასიც (მათ შორის, ერთი თბილისის და ორი კიევის “დინამომ“) ემახსოვრებათ.

 

OLYMPUS DIGITAL CAMERA

OLYMPUS DIGITAL CAMERA

სხვაგვარად ფიქრობს, მწვრთნელი, მამუკა ბერიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებელ ჩემპიონატს დიდი დრო რომ არ უწერია. "ამას, მადლობა ღმერთს, თავად აფხაზებიც ხვდებიან, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ბევრ აფხაზს, აფხაზეთში ფეხბურთის გადარჩენა მხოლოდ რუსეთის “ფრთებქვეშ“ წარმოუდგენია...

 

რუსული ფეხბურთი დღეს სწრაფად ვითარდება და ეს არც საქართველოსათვისაა ცუდი, რადგან რუსეთში ქართველი ფეხბურთელებიც თამაშობენ. საკითხავი ისაა, თუ რუსული ფეხბურთი რას მისცემს აფხაზებს. ალბათ, არაფერს. მიზეზი მარტივია, აფხაზეთის კლუბებს რუსები შეიყვანენ სადღაც მესამე, მეოთხე ლიგაში და იქიდან წარმატებების მიღწევა, თითქმის შეუძლებელი იქნება.

 

როგორც საფეხბურთო კლუბი “აველინო“ ვერ გახდება იტალიის ჩემპიონი, ისევე არ ექნება სოხუმის გუნდს რუსეთის პირობებში რაიმე წარმატების მიღწევის საშუალება. სხვა საქმეა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც აფხაზეთის გუნდებს ყოველთვის ექნებათ წარმატებისა და თუნდაც, ჩემპიონობის შანსი. ევროტურნირებზე გასვლაც შეეძლებათ ამ გზით და აშკარად უფრო კარგად წარმოჩინდება აფხაზეთის კლუბების შესაძლებლობები,“-ამბობს ბერიშვილი

 

აფხაზეთის არაღიარებული ფეხბურთის ფედერაცია, უეფასა და ფიფაში ყოველწლიურად რამდენიმე თხოვნის წერილს აგზავნის, სადაც განმარტებულია, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მათი ფეხბურთის ფედერაცია ცალკე სუბიექტად აღიარებას იმსახურებს. თუმცა, მსოფლიოსა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციები აფხაზების წერილებს კვლავ დუმილით პასუხობენ. თუმცა, არავინ იცის სანამდე გაგრძელდება ეს დუმილი...

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED