როკერა - მთელ ევროპას გავაგებინებ, როგორი ჯოჯოხეთია პოლონეთი

2012.12.07 ავტორი: TS

საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილი და ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი ეკატერინე ლემონჯავა, იგივე "როკერა", საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის პოლონურ ბანაკებში არაადამიანური პირობების წინააღმდეგ დაწყებული შიმშილობის აქციის ინიციატორი იყო, რის შემდეგაც აქციას 70-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა

პროტესტმა აღაშფოთა ევროპა. სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, გაიმართა საპროტესტო აქციები. პოლონეთის, რამდენიმე რაიონის პროკურატურამ ბანაკებში დარღვევის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძრა, შეიქმნა სამთავრობო და არასამთავრობო მონიტორინგის ჯგუფები, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ემიგრაციის შესახებ  კანონში ცვლილებებია შესატანი. კანონპროექტს მომავალი წლის თებერვალში განიხილავენ. ეს თემა დღემდე აქტუალურია პოლონეთში.

 

დღეს, 7 დეკემბერს, პირველად დახურული ბანაკების არსებობის ისტორიაში პოლონეთის ქალაქ ლეშნოვოლეში, ბანაკში, სადაც ქართველების ინიციატივით, თვენახევრის წინ წამოწყებული საპროტესტო შიმშილობის მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, პოლონელი მოქალაქეები კონცერტს გამართავენ. სწორედ მათი და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებითა და მხარდაჭერით მოხდა ეკატერინე ლემონჯავას გათავისუფლება და სამშობლოში დაბრუნება. 

 

სტატია, რომელსაც TSpress.ge გთავაზობთ, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ეკატერინე ლემონჯავას მიერ აქციის მსვლელობის პერიოდში პოლონეთის ერთ-ერთ რეიტინგულ გაზეთში - Wyborcza - გამოქვეყნდა:

 

        მთელ ევროპას გავაგებინებ, როგორი ჯოჯოხეთია პოლონეთი

 

სტატისტიკა თავად მეტყველებს ყველაფერზე - პოლონეთში თავშესაფრის მაძიებელი 100 ადამიანიდან, 90 ტოვებს მის ტერიტორიას.

 

პრობლემა იმაზე ღრმაა, ვიდრე ლოკალურად ციხის გაუსაძლისი პირობები, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. შეგნებულად ვამბობ ამ სიტყვას - პოლონეთის დახურულ ბანაკებს ციხის სტრუქტურა აქვს. თუმცა, ბრეივიკი, რომელმაც 70 ბავშვი დახოცა და კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა დანაშაული, ასჯერ უკეთეს პირობებში იმყოფება, ვიდრე მაგალითად, მე, რომელიც სასჯელს იხდის საჰაერო საზღვრის არალეგალურ გადაკვეთაზე. ჰო, ასეთი გაგება არსებობს პოლონურ კანონმდებლობაში. თუკი მსგავს რამეს ვეტყვი შვედს, ათიდან ათივე იფიქრებს, რომ რაღაცას ვიგონებ. მაგრამ შვედები დაიჯერებენ თუ არა, ეს ასეა და დაკავების წამიდან დაიწყო ნამდვილი მოგზაურობა ჯოჯოხეთში, ევროპის შუაგულში, ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში...

 

ერთი და იმავე სამსახური, ჯერ აეროპორტში, შემდეგ იზოლატორში, შემდეგ ციხეში, 28 საათის განმავლობაში, სამჯერ მაიძულებს შიშველი დავდგე. მგონია კიდეც, რომ მათ განსაკუთრებით მოსწონთ ხელში დაიჭირონ ჩემი სისხლიანი ტრუსი და უყურონ როგორ წვეთავს ჩემგან სისხლი. სამივე დაწესებულებაში ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მათი ვალი მაქვს, რომლის დაბრუნებასაც არ ვაპირებ, ამიტომ მსჯიან სიტყვებით, მოქმედებით, მანერებით. მაგრამ დაკავებიდან 24 საათის ამოწურვამდე, როცა ჩამსვეს მანქანაში, რომლითაც კრიმინალები და დამნაშავეები გადაყავთ, სერიოზულად დავფიქრდი - იქნებ გაორება მაქვს და არ მახსოვს როგორ გავაუპატიურე მცირეწლოვანი ბავშვი ან როგორ მოვაწყვე ტერორისტული აქტი ქალაქის ცენტრში. ამ ფიქრზე ირთვება სირენა - დამნაშავის გადაყვანის უკანასკნელი დეტალი.

 

ბადრაგი ჩემს რეაქციას აკვირდება - მე ვაკეთებ ისე, როგორც PJ მასწავლიდა თავის გაკვეთილებზე - ღრმად ვისუნთქავ ჰაერს, რამდენიმე წამი ვიკავებ სუნთქვას და ვიმეორებ  რამდენჯერმე. მშველის. მანქანები საცობში სირენის ხმაზე  გზას გვითმობენ. მე დამნაშავე ვარ, მაგრამ მახსოვს მხოლოდ ის, რომ ბოლო 4 წელი საქართველოში პოლონეთის საელჩოდან 200 მეტრში მქონდა როკ კლუბი. რომელიც ამიერკავკასიაში ერთადერთი კლუბი იყო, რომელიც აკუმულირებდა თანამდეროვე კულტურას, მუსიკას - არა, მხოლოდ როკს (ჯაზს, ფოლკს), ლიტერატურას , მხატვრობას. რომ როკ კლუბი საქართველოში იცოდა და დადიოდა ყველა - პანკიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული. ეს ზუსტად მახსოვს, მაგრამ ახლა ქალი მაიძულებს გავიხადო - უკვე მესამეჯერ.

 

ციხე. მაღალი ღობეები ეკლიანი მავთულებით, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი დაცვა. მათაც ისეთი სახე აქვთ - თითქოს ცოდვა ჩავიდინე მათი მიმართ. კითხვაზე პასუხობენ იმიტომ, რომ მას რამდენჯერმე ვიმეორებ. დერეფანი მოკლეა, სულ 8 ოთახია, სამზარეულო, ტუალეტი და და სატელევიზიო ოთახი.

 

რკინის კარები რომ გააღეს და ხალხი დავინახე ისე გამიხარდა, თითქოს ის ნათესავები ვიპოვე, მთელი ცხოვრება რომ ვეძებდი. ვახშამი არ მეკუთვნის, მაგრამ დაკავებულები საკუთარი პორციიდან მინაწილებენ საჭმელს. შემდეგ ვეცნობი ყველას. ისინი სულ ოცნი არიან.

 

ერთი ოჯახი - ფეხმძიმე ქალი, მეძუძური ოჯახით, უკვე ორი კვირაა აქ არიან. მეორე - ოჯახი პალესტინიდან - ქალი ორი შვილით, ერთი 16 წლისაა, მეორე შვიდის. ისინი აქ 7 თვეა იმყოფებიან. არანაირი სკოლა, არანაირი განათლება. კიდევ ერთი ოჯახი ჩეჩნეთიდან სამი ბავშვით. ისინი მიყვებიან მთვრალი პოლიციელი ქალი როგორ ადგა ბავშვებს რევოლვერმომართული და აშინებდა მათ. ისინი ადრეც ცხოვრობდნენ პოლონეთში, და რადგანაც ოჯახის მამას რუსები ორჯერ დაესხნენ თავს და ცემის გარდა ოჯახს დაემუქრნენ, ქვეყანა დატოვეს და გერმანიაში გადავიდნენ. გერმანიამ უკან გამოადეპორტა ისინი - ევროპას არ სჯერა იმისი, რომ პოლონეთს არ შეუძლია სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვა საკუთარ ქვეყანაში.

 

აქ ერთი ოჯახი საქართველოდან არის,  არა ქართველები - იეზიდები. ცოლი 23 წლის არის, ქმარი 25-ის. მათ პოლონეთში შვილი დაკარგეს. ოთხი თვის ორსულმა გოგომ მუცლის ტკივილების შემდეგ ექიმს რომ მიმართა ქალაქ ზაბროვში, მათ უთხრეს, რომ ეს ნორმალურია და საშიში არაფერია. მეორე დღეს სამშობიარო ტკივილები დაეწყო. ის სასწრაფოდ იგივე ექიმთან მიიყვანეს, რომელმაც ამჯერად აბორტი გაუკეთა ორსულს, იმიტომ, რომ ნაყოფი მკვდარი იყო. მეორე დღეს სისხლდენა დაეწყო...

 

ექიმები ისევ იგივეს ამბობენ, რომ ყველაფერი წესრიგშია და ქმარმა გადაწყვიტა დაეტოვებინათ ქვეყანა და ბელგიაში გადავიდა, სადაც ავადმყოფს ხელახლა გაუკეთდა აბორტი - გაასუფთავეს მკვდარი ბავშვის ნარჩენებისგან.

 

ვუსმენ ამ ისტორიებს და ვფიქრობ, რომ ბიბლიური ჯოჯოხეთი აქ, პოლონეთშია. მე მომათავსეს კატმანდუელ ქალთან ერთად. კატმანდუ ჩემი ოცნების ქალაქია. ერთხელაც ვაჩუქებ ჩემს თავს ამ ქალაქის ნახვის ბედნიერებას. ნეპალელი ქალი წევს. ყველა ამბობს, რომ ის სიმულიანტობს და ავადმყოფს თამაშობს უკვე შვიდი თვეა. მე პატივს ვცემ კარგ მსახიობებს, მაგრამ ის ღამეები სისხლს ახველებს. მედდები ამბობენ, რომ ის სპეციალურად აკეთებს ამას.

 

დაცვა ისეთი მკაცრი და მრისხანესახიანია, თითქოს ყოველ წამს ელოდებიან თავდასხმას - ჩვენგან, ქალებისა და ბავშვებისაგან.

 

ციხის თანამშრომელთა 80%-მა არ იცის არც რუსული და არც ინგლისური. არ არის თარჯიმანის მომსახურება და იმის გარდა რომ დავარღვიეთ ადმინისტრაციული კანონი (რომლის გამოც აქ ვიმყოფებით), აუცილებელია ჩვენი დასჯა და გვსჯიან - ჩვენ ვწმენდთ ქალებისა და მამაკაცების ტუალეტებს. გასეირნება დღეში ორჯერ გვაქვს, თითო საათით.

 

მეგონა, კაფკას საქართველოში კარგი სიუჟეტი ექნებოდა, მაგრამ აქაც არანაკლები აბსურდები ხდება - მაგალითად ორსული ქალის გადაყვანა საავადმყოფოში ჩვენთვის უკვე ნაცნობი კრიმინალების მანქანით. ამასთან დაკავშირებით ქმარი პროტესტს მხოლოდ ჩემთან გამოთქვამს. ერთხელ თქვა და დამშვიდდა. ჩემთვის კი ყველაზე მთავარია, არ მოკვდე საკუთარ თავთან მიმართებაში. და ვაპროტესტებ - ჯერ ვიკეთებ სამკერდე ნიშანს წარწერით - НА ХУЙ. შემდეგ ვრეკავ ბევრ ორგანიზაციაში. ისინი აკეთებენ ყველაფერს - შესაძლებელს და შეუძლებელს, მაგრამ პოლონურ ოფიციოზთან არა მგონია რაიმე გამოვიდეს. მაინც ვშიმშილობთ 4 ბანაკი - 78 ადამიანი...

 

ბიალასტოკში ცემეს მოშიმშილეები, ქშემიშნში - კარცერებში ჩასვეს. ბელა პადლიასკაში სპეცრაზმელები მოიყვანეს, ნიღბიანები და დუბინკებით - დაახლოებით 15. ისინი ორი-სამი საათი იდგნენ ეზოში. როცა იფიქრეს, რომ ფსიქოლოგიურად დააშინეს მოშიმშილეები, ტერიტორია დატოვეს. ჩვენთან სიმშვიდეა. ციხის უფროსმა თითო-თითოდ დაიბარა მოშიმშილეები. ერთს ტანსაცმელის ყიდვას დაპირდა, მეორეს დიაბეტურ პროდუქტებს ... და მათ შეწყვიტეს შიმშილობა. ჯერი ჩემამდე არ მოსულა - ეტყობა ბიუჯეტი ამოიწურა.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩემი ოჯახიდან, ხუთი ძმიდან ოთხი პოლონეთის თავისუფლებისათვის დაიღუპა. ეს დღემდე ჩემი ოჯახის ტრაგედია და სიამაყეა. და ახლა, როცა გავიცანი ეს ქვეყანა, ძალიან ვწუხვარ, რომ ისინი ზუსტად აქ დაიღუპნენ - ქვეყანაში, რომელიც იმის მიუხედავად, რომ ევროპის შუაგულშია და ევროსაბჭოს წევრია, ძალადობის მატარებელია.

 

მე მოვიხდი მოსჯილ ვადას და დავბრუნდები სამშობლოში და ისევ ვიმუშავებ, მაგრამ, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ევროპას დავანახებ მათ სუსტ წერტილს - სადაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაგება ჯერაც სოციალისტური აზროვნების დონეზეა - საიდანაც პოლონეთი ვერაფრით გამოვიდა.

 

მე მქვია ეკატერინე ლემონჯავა, მე ვიქნები თუნდაც განტენბაინი, მაგრამ, მთავარია, მე ვარ ის, ვინც არალეგალურად გადაკვეთა საჰაერო საზღვარი. 

 

 

მსგავს თემაზე: 

 

"ქართული ოცნების" მხარდამჭერს უშიშროებასთან თანამშრომლობას აიძულებდნენ


 

მეზიზღება სისტემა, რომელმაც ეს შიში მომანიჭა



"როკერა": „მე ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც მორალი არ გააჩნია“


 

„А я сожаю алюминевые огурцы “ ანუ მე და ჩემი გამბიელი მეგობარი


 

ერზე, რომელმაც დედები უცხო ქვეყანაში სხვისი მოსამსახურე გახადა, ძმები და ქმრები კი მომპარავები...



საქართველოდან დევნილ "როკერას" ისევ ემუქრებიან


 

საქართველოდან დევნილი ეკატერინე ლემონჯავა პოლონეთის ბანაკში შიმშილობს

 


ეკატერინე ლემონჯავას პოლონეთის ციხეში პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივდა




სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED