ფოთის მერს მოქალაქე პოლიციაში უჩივის

2011.11.21 ავტორი: იზა სალაყაია

ანჟელა ფხაკაძის საკუთრება

ანჟელა ფხაკაძის საკუთრება

კუნძულის უბანში არსებული ხიდის ქვეშ მდებარე მაღაზიის მეპატრონეს ქალაქის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ ობიექტების დემონტაჟი მოთხოვა. დრო ხვალ დილამდე მისცა, წინაღმდეგ შემთხვევაში, მუქარის თანახმად, მათ “დაიჭერენ” ობიექტს კი „ტრაქტორი გადაუვლის.“

ერთ-ერთი ობიექტის მფლობელი, ანჟელა ფხაკაძე tspress.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ კერძო საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი გააჩნია. მისი თქმით, დოკუმენტაციას მერი პირადად გაეცნო, თუმცა დანგრევის მიზნით შენობის დაცლა პირადად მოთხოვა.

მაღაზიის მფლობელების განცხადებით, მერმა დემონტაჟის აუცილებლობა სანაპირო ზოლის კეთილმიწყობის აუცილებლობით ახსნა. „ხვალისთვის დანგრეული იყოსო, თორემ ტრაქტორი მოვა და გადაუვლისო. მისმა თანხმლებმა პირებმა გვითხრა, რაც გაქვთ იმის გამოტანასაც ვერ მოასწრებთო,“- ამბობს ფხაკაძე.

ობიექტის მეპატრონეები შენობის დანგრევის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ მერსაც მიმართეს. „კომპენსაცია არ გაიცემა, მიწები თავის დროზე უკანონოდ არის გაყიდულიო. ასეც რომ იყოს, ჩვენ რა შუაში ვართ? ვინც ყიდდა, იმას აგებინოს პასუხი,“- აცხადებს ფხაკაძე. მისი თქმით, მან მერს შენობის დანგრევის სამართლებრივი საფუძველიც მოთხოვა, რაც მერმა ვერ წარუდგინა და დანგრევის მოთხოვნა სიტყვიერად გაუმეორა.

ქალაქის მერმა უქმეების გათვალისწინებით თავდაპირველად tspress.ge-სთან კომენტარზე უარი განაცხადა, შემდგომ კი სანაპირო ზოლის დასასვენებელი დანიშნულებით გამოყენების აუცილებლობა მაინც განმარტა: „რიონის სანაპიროზე არ უნდა იყოს მეორადი ტანსაცმლის მაღაზია. ეს არის ამ ქალაქის კუთვნილება, საზოგადოებრივი დასვენების ადგილია, ვიღაცებმა თავის დროზე სანაპირო კაპიკებში რომ გაყიდეს, ეს არ იყო სწორი,“ -განაცხადა ლემონჯავამ. მისი თქმით, თავის დროზე დარღვევებით გამყიდველთან ერთად, მყიდველიც ამ დანაშაულის თანამონაწილეაო, თუმცა „დარღვევებით გამყიდველის“ დასახელება მან არ მოისურვა. „ეგ თავად ჩაწერეთო,“-გადაგვამისამართა შევარდნაძის პერიოდის „დამნაშავე“ ჩინოვნიკებთან.

კითხვებზე – რა კანონიერი საფუძველი არსებობს შენობების დასანგრევად, რით ამტკიცებთ, რომ უკანონონოდ გასხვისდა, ან რის მიხედვით აყენებთ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების კანონიერებას ეჭვქვეშ, მაშინ ხომ იმ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემორჩილებოდა ეს ხალხი? – მერმა უპასუხა -“ჰოდა, ახლაც დაემორჩილონ იმ ქალაქის ხელმძღვანელობას. მალე მოსკოვიდან ჩამოვლენ და ყველაფერს გეტყვიან,“ -განაცხადა მერმა.

ანჟელმა ფხაკაძემ, საკუთრების დასაცავად ფოთის პოლიციას განცახდებით მიმართა. მისი მოთხოვნაა, პოლიციამ შესაბამისი ზომები მიიღოს მერის მუქარასთან დაკავშირებით, რომელიც კერძო საკუთრების დანგრევას აიძულებს და დაიცვას ის მსგავსი უკანონო ქმედებისაგან.

ფოთის მერი– ვახტანგ ლემონჯავა

ფოთის მერი– ვახტანგ ლემონჯავა

ფხაკაძის საკუთრება

ფხაკაძის საკუთრება

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED