მერობის შემთხვევაში "ქართული ოცნების" კანდიდატი ფოთელებს 100 მლნ ბიუჯეტს პირდება

2012.11.14 ავტორი: იზა სალაყაია

"ჩვენ დავიღალეთ ასეთი მწირი ბიუჯეტით, ფოთს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 100 მლნ ბიუჯეტი,  ამის შესაძლებლობა ქალაქს გააჩნია. უბრალოდ ეს სწორად ვერ მოითხოვა ვერავინ, ვერც ქალაქის მერმა და ვერც ყოფილმა მაჟორიტარმა."– განაცხადა TSpress-ის სტუდიურ გადაცემა "რეგლამენტში" მერობის კანდიდატმა დავით სარსანიამ.

 

დავით სარსანია

დავით სარსანია

"ქართული ოცნების" წარმომადგენელს, დავით სარსანიას არ განუმარატავს, თუ კონკრეტულად როგორ და რის ხარჯზე აპირებს ბიუჯეტის გაზრდას.

 

"ახლა დეტალებში ვერაფერს გეტყვით, ეს იმდენად დიდი თემაა, მაგრამ მერწმუნეთ ეს შესაძლებელია. რამდენი მილიონი აქვს ამ ხელისუფლებას დახარჯული?"– აღნიშნა გადაცემაში სარსანიამ.

 

მისი თქმით, ბიუჯეტის გაზრდა კერძო ინვესტიციებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხების ხარჯზე მოხდება.

 

სარსანიას დაპირების არ სჯერა საკრებულოს წევრ დარეჯან ცხვიტარიას, რადგან მისი აზრით, 100 მლნ ბიუჯეტი არარეალურია.

 

გადაცემაში დარეჯან ცხვიტარია დაინტერესდა, თუ კონკრეტულად რა ვადებში აპირებს სარსანია მერობის შემთხვევაში ქალაქის ბიუჯეტის გაზრდას და თუ ეს შესაძლებელია, რატომ არ ხდება ახლა, როცა მთავრობას "ქართული ოცნება" წარმოადგენს.

 

–"შენ თუ იძლევი პირობას, რომ 100 მლნ-ს მოუტანთ ბიუჯეტს, დღესვე დაგნიშნავთ მერად, მაგრამ არ გვინდა ეს  დემაგოგიური ლაპარაკი, საქმე დაგვანახე" – უპასუხა ცხვიტარიამ სარსანიას.

 

სარსანიას განმარტებით, ვინაიდან ცენტრალურ ხელისუფლებაში არის "ქართული ოცნება",  მათი წარმომადგენელი მერიც უკეთ შეძლებს ქალაქის მართვას და თანხების მოზიდვას. მისი აზრით, ეს არ ნიშნავს მათავრობაში ლობირებას ან რეალური თვითმმართველობის არგანხორციელებს.

 

გადაცემის სტუმრებმა, დარეჯან ცხვიტარიამ და დავით სარსანიამ სხვა აქტუალურ საკითხებზეც ისაუბრეს.  "რეგლამენტი"  TSpress- ის გვერდზე დღეს განთავსდება.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED