ირაკლი კაკულია ფოთის მერის ვაკანტურ პოსტზე კონკურსის გამოცხადებას ითხოვს

2012.11.07 ავტორი: სოფო ჯალაღანია

"ახალი მემარჯვენეების" ყოფილი ლიდერი ირაკლი კაკულია საკრებულოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ფოთის მერის მოვალეობას 1 წლით "ნაციონალი" დავით ხომერიკი შეასრულებს  აპროტესტებს. მერის ვაკანტურ პოსტზე კონკურსის გამოცხადების მოთხოვნით კაკულია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

ირაკლი კაკულია

ირაკლი კაკულია

კაკულიას განმარტებით, საკრებულოს გადაწყვეტილება ხალხის ნებასთან წინააღმდეგობაში მოდის.

მისი თქმით, საკრებულოს აქვს უფლება მერის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება გარკვეული ვადით გაუგრძელოს, თუმცა კანონი თვითმმართველობას კონკურსის ჩატარებასაც ავალდებულებს. აღნიშნული მოთხოვნით, საკრებულოს უკვე მიმართა საზოგადოებრივი საბჭოს ერთ–ერთმა წევრმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა. 

 

–"1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხალხის მოთხოვნა იყო ქალაქს მათ მიერ შერჩეული მერი ყოლოდა, საკრებულომ ეს არ გაითვალისწინა. ხალხის ნება უნდა იქნეს გათვალისწინებული და კონკურსი გამოცხადდეს. გამარჯვებული ადამიანი შეძლებს ქალაქი გამოიყვანოს კრიზისიდან"– აცხადებს კაკულია.

 

ფოთის საკრებულომ ხომერიკს უფლებამოსილება 1 წლის ვადით გაუგრძელა.

 

საკრებულოს წევრის, დარეჯან ცხვიტარიას განცახდებით, კონკურსის გამოცხადების საკითხი აღარ განიხილება.

 

კაკულია ყაზახეთიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს, თუმცა მანამდე აპირებს საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება აიძულოს.

 

–''პირველ რიგში უნდა მივაღწიოთ  საკრებულომ კონკურსი გამოაცხადოს. თუ იქნა საზოგადოების მოთხოვნა რომ მე ვემსახურო ჩემს ქალაქს მე ვერ წავალ ამ სურვილის წინააღმდეგ, მერობა ძალიან დიდი ტვირთია, შეიძლება ბუმერანგივით შემოგიბრუნდეს უკან''–განაცხადა კაკულიამ.

 

აღნიშნულ საკითხზე კაკულია მაჟორიტარ ეკა ბესელიასაც შეხვდა. კაკულიას განცხადებით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

 

მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და "ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის დაფუძნებისას აქტიურად საუბრობდნენ კაკულიას კოალიციის რიგებში გაწევრიანებისა და ამჟორიტარად მისი კანდიდატურის წარდეგნაზე, თუმცა როგორ თავად აცხადებს ოფიციალური შემოთავაზება არავისგან მიუღია.

 

ოპონენტები ხშირად საყვედურობენ, რომ  ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დროს ის საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებდა და პროცესებს გაემიჯნა. 

 

–"ყველა პრობლემურ საკითხს ვეხმიანებოდი და სხვადსხვა ინიციატივებითა და რეკომენდაციებით მივმართავდი ხელისუფლებას. მისი მოგვარება ჩემს ძალებს აღემატებოდა. მაგ: აქტიურად ვაპროტესტებდი პორტისთვის 380 ჰექტარი მიწის უსასყიდლოდ გადაცემას, ხელმოწერებიც შევაგროვეთ, მაგრამ უშედეგოდ, ვაპროტესტებდით ადგილობრივი ბიუჯეტიდან საშემოსავლოს ცენტარლურ ბიუჯეტში ჩარიცხვის საკითხს, 2008 წელს შევქმენით ბანკის მოვალეთა კომიტეტი, შედეგად ბევრ მოვალეს გაუკეთდა პრობლემური სესხის რესტრუქტურიზაცია"– განმარტავს კაკულია.

 

ბოლო 4 წელია კაკულია ბიზნესსაქმიანობით ყაზახეთში იმყოფება. ის 2003–2009 წ.წ ახალი მემრჯვენეების ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი იყო, მას  ''მემარჯვენეების'' რიგები ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუტოვებია, თუმცა 2009 წელს საკნების აქციის შემდეგ აქტიური პოლიტიკიდან წავიდა.

კაკულია 2002–2006წ.წ ფოთის საკრებულოს წევრი იყო. უფრო ადრე კი 1998–2006 შ.პ.ს ''ალდაგი ფოთი''–ს გენ.დირექტორი.

 

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ფოთის მაჟორიტარ კანდიდატად  ღებულობდა მონაწილეობას, თუმცა დამარცხდა. ის  მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბებეში ადანაშაულებდა. 

პრესკონფერენციებზე გაკეთებული მისი განცხადებით, აღნიშნულ არჩევნებზე  3000 ყალბი პირადობის მოწმობით კარუსელი ტრიალებდა. კაკულია პროკურატურისგან გაყალბების ფაქტების გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ.

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED