"ქართული ოცნება" ფოთის მერად საკუთარი კანდიდატის კონკურსის წესით დანიშვნას ითხოვს

2012.11.06 ავტორი: TS

ფოთის საკრებულოში უმრავლესობით წარმოდგენილი ნაციონალები, ფოთის მერის ვაკანტურ ანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დანიშვანს ცდილობენ, ხოლო "ქართული ოცნება" გამარჯვებულ ძალად მიიჩნევს თავს და მერად საკუთარი რიგებიდან დანიშვნას მოითხოვს. სიტუაცია ჩიხურია, რადგან არც ერთი მხარე პოზიციებს არ თმობს.

მოქმედი კანონმდებლობა, მერის ვაკანსიაზე კონკურსის გამოცხადებასა და შემდგომ საკრებულოს უმრავლესობის მიერ დამტკიცებას ითვალისწინებს. თუმცა, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 30-ე მუხლს იშველიებს, რომელიც თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის წესს არეგულირებს.

 

აღნიშნული მუხლში მითითებულია, რომ დროებით მოვალეობის შემსრულებლები, შესაძლებელია იმ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნონ, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს. აღნიშნული კანონის გათვალისწინებით, საკრებულო "ქართულ ოცნებას" ამჟამად მოვალეობის შემსრულებლის, დავით ხომერიკის თანამდებობაზე დანიშვნას სთავაზობს. საღინაძის განმარტებით, ხომერიკს კანონის მიხედვით, მერის მოვალეობის შესრულება კიდევ 9 თვე შეუძლია.

 

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ეკა ბესელია მერის დანიშვნის პროცესებში საკმაოდ აქტიურობს. ის არ მალავს, რომ მერის დანიშვნის პროცესში ერევა და ამას იმით ასაბუთებს, რომ ეს ხალხის ინტერესია და საკრებულო ვალდებულია ხალხის აზრი გაითვალისწინოს, რასაც წინა წლებში არ აკეთებდა. 

 

კონკურსის მოწინააღმდეგე ნაციონალები, ბესელიას მიერ მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო საღინაძის განცხადებით, ეკა ბესელია უხეშად ერევა საკრებულოს კომპეტენციაში და "ქართული ოცნების" აქტივისტის დავით სარსანიას დანიშვნას ითხოვს.

 

გასულ კვირას, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასა და ფოთის საკრებულოს თავმჯდომარესა და წევრებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა. ვანო საღინაძის თქმით, ბესელიამ საკრებულოსთან საუბარი ჟურნალისტების თანდასწრებით არ მოისურვა და შეხვედრა ამიტომაც დაიხურა, რასაც ბესელია უარყოფს. მისი თქმით, შეხვედრიდან ჟურნალისტების გაშვება საღინაძემ მოისურვა. თავად ჟურნალისტების თქმით, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ბესელიამ ითხოვა. ბესელიას ამჟამინდელი განცხადებით, ის ყველა შეხვედრას გაასაჯაროებს და ჟურნალისტების თანდასწრებით გამართავს.

 

მერიის შენობის გარეთ კი, 30-მდე ადამიანი, რომელთა უმრავლესობა დასახელებული კანდიდატის ახლობლები და ნათესავები იყვნენ, "ქართული ოცნების" აქტივისტის, დავით სარსანიას მერად დანიშვნას ითხოვდა, რაც იმთავითვე მის მხარდაჭერად იქნა მიჩნეული. ბესელია აცხადებს, რომ სამართლიანი იქნება, თუ მერი "ქართული ოცნებიდან"იქნება დანიშნული.

 

როგორც მისივე მომხრეები აცხადებენ, მისი ფავორიტიც გამოკვეთილია, მაგრამ თავად დეპუტატი აცხადებს, რომ ფავორიტი არ ყავს, თუმცა, მიიჩნევს, რომ საკრებულოს 7-8 კაცი ასეთ საკითხს არ უნდა წყვეტდეს. ადგილობრივ ტელეკომპანიაში საუბრისას მან განაცხადა, რომ თუ ხალხი მხარს დაუჭერს დავით სარსანიას, ის მოხარული იქნება, ხოლო თუ სხვა კანდიდატს დაუჭერს, ის პატივს სცემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. მისი განცახდებით, ის ხალხის ნებას გაითვალისწინებს და კონკურსის შედეგად გამოვლენილ იმ კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ვისაც ხალხისგან მეტი მხარდაჭერა ექნება.  

ეკა ბესელია და დავით სარსანია მერიის წინ აქციაზე

 

საღინაძემ ვადა სამშაბათამდე ითხოვა, მაგრამ როგორც მან დღეს განაცხადა, პასუხი იგივე დარჩა: საკრებულო კონკურსის დანიშვნის წინააღმდეგია, რადგან მიაჩნია, რომ ეს იქნება ფარსი.

 

"კონკურსი ითვალისწინებს გასაუბრებასა და დავალების მიცემასა და ტესტირებას. ჩვენ რომ ვინმეს მათგან გავესაუბროთ  და მერე ვერ გავიდეს, ხომ ატყდება ისევ ერთი ამბავი, რომ ჩავაგდეთ მათი კანდიდატურა და ა.შ. ამიტომაც ვთავაზობთ კომპრომისულ ვარიანსტს: ვინც ახლა ასრულებს მოვალეობას, იმან შეასრულოს და როცა დაინიშნება არჩევნები, როგორც თავად ამბობს 3 თვეში, იყარონ კენჭი, კი ბატონო და ვისაც ხალხი აირჩევს, ის იქნება,"- აცხადებს საღინაძე, რომელიც "ქართული ოცნების" გამარჯვებას რამდენიმე დღეში მიესალმა და სამართლიანი უწოდა.

 

როგორც საკრებულოს სხვა წევრები საუბრობენ, მასთან ამის შემდეგ მწვავე საუბარი ქონდათ ნაციონალების ლიდერებსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულს, ზაზა გოროზიას, რის შემდგომაც, მათივე თქმით, საღინაძე გოროზიას მითითებებს ასრულებს.ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციაში,  გოროზია თათბირებს მართლაც მართავს გარკვეული პერიოდულობით.

 

საღინაძის სახეცვლილებას ბესელიაც ადასტურებს და მასაც მიაჩნია, რომ ის გოროზიას გავლენის ქვეშაა. ბესელიას თქმით, საკრებულოს ეშინია მისი გაფუჭებული საქმეების გამომჟღავნების და ამიტომაც არ თმობს პოზიციებს. დეპუტატი აცხადებს, რომ საკრებულოს მიერ ფოთის ბიუჯეტის ხარჯვაზე აუდიტი ჩატარდება და, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, დამნაშავეებს მაინც მოუწევთ პასუხისგება.

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის მერის თანამდებობაზე დასახელებული, "ეროვნული ფორუმის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელს, 42 წლის დავით სარსანიას, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება აქვს. 

 

1994-2004 წწ. ის შსს-ს კორუფციასთან და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდე ბრძოლის მთავარ სამმართველოში, ე.წ. მეექვსე განყოფილებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა. 2004–2006წწ სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო. მისი თქმით, სტრუქტურიდან ხელმძღვანელობასთან არსებული დაპირისპირების გამო წამოვიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ის გაათავისუფლეს. 2006–2007 წწ სარსანია კონსტიტუციური უსაფრთხოების ფოთის სამსახურს ხელმძღვანელობდა, საიდანაც კუდ-ის იმჟამინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ დაითხოვა. საკმაოდ დიდხანს ის სამსახურში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ ახალაიამ სარსანია თანამდებობაზე აღარ აღადგინა. სარსანია არ მალავს, რომ ის ბესელიას მიერ მხარდაჭერილი კანდიდატია.

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED