კალაძემ საკუთარი ბიზნესწილი შარანგიების კომპანიას მიყიდა

2012.11.05 ავტორი: ელისო ჯანაშია

ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის მიერ გასხვისებული სს "საქჰიდროენერგომშენის" 45%-ის მყიდველი კომპანია "ჯი-ემ-სი ჯგუფი", ძმებ მერაბ და რევაზ შარანგიებსა და ამ უკანასკნელის ცოლისძმებს: გიორგი და ლევან ყარამანიშვილებს ეკუთვნით.

 

შარანგიები მერიის ტენდერებთან და ყოფილ ხელისუფლებასთან სხვადასხვა გარიგებებში მუდმივად ფიგურირებდნენ. ისინი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან დაახლოებულ პირებად ითვლებიან.

 

ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ ტელევიზიით განაცხადა, რომ მან არ იცის ვინ დგას აღნიშნული კომპანიის უკან. კალაძის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ლიკა ბახტაძემ TSpress- თან განმარტება არ გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხისთვის კომპანია "კალა კაპიტალს" დავკავშირებოდით. 

 

 

ვინ დგას კალაძის მიერ გასხვისებული ობიექტის უკან 

 

კახი კალაძის მინისტრად დასახელებისას ან მას შემდეგ, "საქჰიდროენერგომშენში" საკუთარი წილის შესახებ  მას საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. ფაქტი, მისი გამინისტრებამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელებისა და მედიის მეშვეობით გახმაურდა.

 

ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით, აღნიშნული ბიზნესსაქმიანობა თანამდებობასთან შეუთავსებლად ითვლებოდა, კალაძეს ერთ-ერთ მათგანზე უარის თქმა მოუხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული კანონდარღვევა მისი თანამდებობიდან მოხსნას ითვალისწინებდა. კალაძემ თანამდებობის შენარჩუნების მიზნით, მოგვიანებით, წილის გაყიდვის შესახებ განცხადება გააკეთა, თუმცა, ბუნდოვანი დარჩა გააკეთებდა თუ არა იმავეს, ინფორმაცია რომ არ გახმაურებულიყო. მისი იმჟამინდელი განცხადება ზოგადი და მხოლოდ სამართლებრივ მხარეზე აქცენტირებული იყო.

 

კალაძე იურიდიული მხარის მოგვარებას რამდენიმე დღე მოანდომა და რეესტრის მონაცემებით, 1 ნოემბერს კომპანიის რეესტრის ამონაწერში ცვლილება შევიდა, თუმცა, კონკრეტული ცვლილება რეესტრს ჯერ არ გამოუქვეყნებია. 

 

კომპანიის ჯი-ემ-სი ჯგუფზე გაყიდვის შესახებ მხოლოდ მედიით და თავად კახი კალაძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გახდა ცნობილი. მან რუსთავის 2-ის გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" დაადასტურა წილის ჯი-ემ-სი-სთვის მიყიდვა, მაგრამ, მისი განცხადებით, თუ ვინ დგას აღნიშნული კომპანიის უკან, მან არ იცის.

 

 

ვის საკუთრებაშია ჯი-ემ-სი ჯგუფი ?

 

რეესტრის მონაცემებით, 2003 წელს წელს რეგისტრირებული ჯი-ემ-სი ჯგუფის  დამფუძნებლები არიან: თეიმურაზ არონია, ხვიჩა მაქაცარია, რევაზ შარანგია, რევაზ ელიავა, ნოდარ გიგინეიშვილი და გიორგი ბაჯაქსუზიანი. ყველა მათგანის იურიდიული მისამართი ქალაქ მოსკოვში მდებარეობს.

 

კომპანია რესტორნების ქსელის გარდა, ფლობს მომსახურებებს: ჯი-ემ-სი კვება, ჯი-ემ-სი კონფერენცია, ჯი-ემ-სი საწყობი და ა.შ.

 

დოკუმენტების მიხედვით, რევაზ შარანგია დაფუძნებისას კომპანიის 35.5%-იანი წილს ფლობდა. 2006 წელს ჯი-ემ-სი ჯგუფის ყველა პარტნიორმა აქციები 6740 ლარად "ჯი-ემ-სი ჰოლდინგზე" გაყიდა.

 

2010 წლის 9 სექტემბრის რეესტრის ამონაწერის მიხედვით, რევაზ შარანგია აღარ ფლობს წილს ჯი-ემ-სი ჯგუფში და მისი 65,6% აქციების მფლობელია ჯი-ემ-სი ჰოლდინგი, რომელიც თავის მხრივ, ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ შპს "ნიუკომ ესოშიეიშენ ლიმითედს" ეკუთვნის, რომლის წარმომადგენელი საქართველოში რევაზ შარანგიას ცოლისძმა, ლევან ყარამანიშვილია.

 

ყარამანიშვილმა 2007 წელს ერთპიროვნულად ჯოლდინგის დირექტორად დანიშნა ვლადიმერ კირვალიძე, მის შემდეგ კი რევაზე ქადაგიძე, რომლეიც ამასთანავე, კომპანია "ნიუკომ ესოშიეიშენ ლიმითედისა" და შპს "საქ.ჰიდრო.მშენის" დირექტორია. ქადაგიძე ასევე  სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლის" დირექტორია.

 

შარანგიების კავშირები სააკაშვილთან და კორიფციული სქემა, რითაც ისინი სახელმწიფოსგან სიმდიდრეს ეუფლებოდნენ



ძმები აფხაზეთიდან არიან და მოსკოვში ცხოვრობენ. რევაზ შარანგიასა და მის ცოლისძმებს საქართველოში მსხვილი ბიზნესების ფლობა და ხელისუფლებასთან ფარული გარიგებები, საკუთარი კავშირების წყალობით არასოდეს გასჭირვებიათ. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შარანგიებთან ახლობლური კავშირების შესახებ, ერთ-ერთ გამოსვლაში თავადვე აღნიშნა.

 

„ჩემს მეგობარს, გია ყარამანიშვილს წინაპრების მიერ აშენებული ოთხი სახლი ჰქონდა გაგრაში, სოხუმში, ბიჭვინთაში და ოჩამჩირეში. როდესაც გია ყარამანიშვილს დაუბრუნებენ ამ ოთხ სახლს და მისცემენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, მაშინ შეიძლება ეს არჩევნები ჩაითვალოს კანონიერად”, – განაცხადა სააკაშვილმა 2005 წელს. ყარამანიშვილი, როგორც ბიზნესმენი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით შექმნილს მრჩეველთა საბჭოში, მთავრობის წევრებთან ერთად შედიოდა.

 

შარანგიების სახელს უკავშირდება თბილისის ტრანსპორტის გახმაურებული ტენდერები. იმაჟამინდელი საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, თინა ხიდაშელი აცხადებდა, რომ ტენდერი კორუფციული სქემით ჩატარდებოდა და ტენდერში "ჯი-ემ-სი ჯგუფის'' მფლობელები, ძმები მერაბ და რევაზ შარანგიები გაიმარჯვებდნენ, ვინაიდან, ისინი თბილისის მერთან, გიგი უგუალავასთან დაახლოებული პირები იყვნენ.

 

ტენდერში გამარჯვებულად მერიამ ოთხი კომპანია შპს „თბილ ლაინი'', შპს „კაპიტალ გრუპი“, შპს „თბილ ქარი“ და შპს „ფაბლიქ ქარი“ მართლაც გამოავლინა. ტენდერის დასრულებისთანავე, თინა ხიდაშელმა საზოგადოებას წარუდგინა დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, ეს კომპანიები ტენდერამდე ცოტა ხნით ადრე ერთ ნოტარიუსთან, ერთსა და იმავე დღეს, 100 -100-ლარიანი საწყისი კაპიტალითა და რამდენიმეწუთიანი ინტერვალით დარეგისტრირდნენ. ოთხივე კომპანია ,,ჯიემსი ჯგუფის'' კუთვნილი რესტორნების  - ,,ქალაქურისა'' და ,,ძველი სახლის'' მისამართებზე დარეგისტრირდა.

 

მოგვიანებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ერთ კომპანიად -,,თბილისის მიკროავტობუსად'' ჩამოყალიბდა.  

 

იმის გარკვევას, თუ ვის მიყიდა ბიზნესმენმა საკუთარი წილი, თავის პრეროგატივად არ მიიჩნევს თინა ხიდაშელი, თუმცა, მისივე განცხადებით, მას ამჟამადაც იგივე პრეტენზიები აქვს ჯი-ემ-სი გრუფთან, რაც ადრე გააჩნდა.

 

შარანგიების გვარი ასევე ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროქტშიც ფიგურირებდა. სტუდია მონიტორის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტური გამოძიებისა და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებული მოკვლევის მიხედვით,  თბილისის მთავრობამ რიყის მიმდებარე ტერიტორია ჯერ გაასხვისა "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდზე" 7 მილიონ დოლარად, ხოლო მოგვიანებით, ამ ფონდისგანვე გამოისყიდა. ტერიტორიის გაყიდვასა და ყიდვას შორის სხვაობამ კი 15 764 500 ლარი შეადგინა.


2006 წლის 6 ივნისს თბილისის მთავრობამ, იმავე წლის 14 აპრილს დაფუძნებულ შპს "ახალ რიყესთან"(დამფუძნებლები:"ჯი-ემ-სი ჰოლდინგი" და ფიზიკური პირი ნიკოლოზ მახარაშვილი)გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და მიჰყიდა 43 350 კვ/მ 7 მილიონ დოლარად.


2008 წლის 30 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება ერთი მხრივ, შპს "ახალი რიყესა" და, მეორე მხრივ, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს შორის. ხელშეკრულების მიხედვით, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდმა, შპს "ახალ რიყესთან" გააფორმა უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ფონდმა რიყის ტერიტორია 17 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. ამ თანხის გადახდის ვალდებულება ფონდის დამფუძნებელმა თბილისის მერიამ აიღო.



2011 წლის 16 მარტს ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდსა და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს შორის გაფორმდა უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, ფონდმა სააგენტოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა თბილისში რიყის ტერიტორიაზე არსებული 40 997 კვ/მ მიწის ნაკვეთი.

 

ამრიგად, თბილისის მთავრობის მიერ 2006 წლის 6 ივნისს თბილისში რიყის ტერიტორიაზე გასხვისებული 43 350 კვ/მ მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი 2011 წლის 16 მარტის ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დაბრუნდა. მთლიანობაში კი, თბილისის ბიუჯეტმა 15 764 500 ლარით იზარალა.

 

შარანგია-ყარამანიშვილების კომპანიები რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში რამდენიმე მსხვილი ბიზნესის წილებსაც ფლობენ. მათ წილები აქვთ "სახალხო აფთიაქში", კომპანია "ბილაინისა"(შპს მობიტელ) და "თბილისი ცენტრალში". ისინი კომპანია „ბილაინის“ მფლობელი ოფშორული კომპანიების - Watertrail Industries, Delgado Resources და Investico Alliance-ის წარმომადგენლები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან.

 

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის კუთვნილმა კომპანია შპს „მედია ჯორჯიამ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტიანი წილი, რომელიც მან 5 დღით ადრე იყიდა, ბიზნესმენ გიორგი ყარამანიშვილს მიჰყიდა. ამ უკანასკნელმა იყიდა „ჯორჯიან მედია კომპანიის“ კუთვნილი 50 %-იანი წილი ტელეკომპანია „მზეში“. საინტერესეოა ის ფაქტიც, რომ, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 90%-იანი წილი, მიმდინარე წლის 21 თებერვალსაც გაფორმებული იყო ლევან ყარამანიშვილზე. 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED