ლაზიკაში პორტი აშენდება

2012.11.02 ავტორი: ელისო ჯანაშია

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომლიც მუდმივად აკრიტიკებდა ქალაქ ლაზიკის მშენებლობის იდეას, ბოლო განცხადებაში ლაზიკის პორტს "რეალისტური პროექტი" უწოდა.

"ქალაქ ლაზიკის აშენება, ალბათ, აბსურდულია, მაგრამ პორტს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ რეალისტურია, მაგრამ ახლა მე არ მაქვს ზუსტი პროექტი და ზუსტი პასუხი", - განაცხადა მან.

 

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია TSpress.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლაზიკა, როგორც ქალაქი არარეალურია, თუმცა, მისი თქმით, ლაზიკა საინტერესოა პორტის მშენებლობის თვალსაზრისით.

 

"ეკონომიკური გავითარების სამინისტროს აქვს მოლაპარაკებები ინვესტორებთან პორტის მშენებლობის თაობაზე. ჩვენს სამინისტროს ამ ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა განეხორციელებინა, მაგრამ ეს სამუშაოები შეჩერებული იქნა, რათა მომავალში ხელი არ შეუშალოს პორტის მშენებლობის საკითხს,"- აცხადებს ნარმანია.

 

პორტის მშენებლობას დამხმარე ინფრასტრუქტურა ესაჭიროება, რაც ისევ ქალაქის იდეას წააგავს, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნისას ამჟამინდელი ხელისუფლება აკრიტიკებდა. საინტერესოა ასევე, იქ პორტის მშენებლობის აუცილებლობა, როცა საქართველოს სხვა პორტები სრულად არაა დატვირთული.

 

"ქალაქის მშენებლობაზე არ იქნება ალბათ საუბარი, მაგრამ დამხმარე ინფრასტრუქტურა აუცილებლად იქნება საჭირო. რაც შეეხება სხვა პორტების დატვირთულობას, აქ მნიშვნელოვანია მაღალი წყალწყვის გემების შემოსვლა, რაც სხვა პორტებში არაა შესაძლებელი. გაკეთდება გათვლები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული"-აცხადებს დათო ნარმანია.

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ, გასული წლის 4 დეკემბერს გაკეთებული განცხადებით, ანაკლიასა და ყულევს შორის მდებარე ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობისათვის მასშტაბური სამუშაოები 2012 წლის გაზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო. ამაჟამად იქ მხოლოდ იუსტიციის სახლია აშენებული, სხვა სამუშაოები შეჩერებულია.

 

ქალაქის საპროექტო გეგმა ან რაიმე დოკუმენტი საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ არსებობდა.  იდეის დონეზე გაჟღერებული პროექტის განხორციელებას, იმჟამინდელი ოპოზიცია და ეკოლოგები ეწინააღმდეგებოდნენ. ეკოლოგების განცხადებით, ლაზიკას მშენობლობა საფრთხეს მთლიანად კოლხეთის დაბლობის უნიკალურ ბუნებასა და ლანდშაფტს შეუქმნის.

 

 

ამავე თემაზე: 

„კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფებს გამოიწვევს“ [Video]

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED