ეკა ბესელია – სამართლიანი იქნება თუ ფოთის საკრებულო მერად "ქართული ოცნების" კანდიდატს დანიშნავს [Video]

2012.10.31 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთში მერიის შენობის წინ შეკრებილ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებთან მაჟორიტარი ეკა ბესელია მივიდა. აქციის მონაწილეები საკრებულოს ქალაქის მერად მათი კანდიდატის, დავით სარსანიას დანიშვნას ითხოვენ, ბესელია კი საკრებულოს მერის ვაკანტურ პოსტზე კონკურსის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ეკა ბესელიას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულომ უნდა გაითვალისწინოს ხალხის ნება. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების უმრავლესობამ მხარი "ქართულ ოცნებას" დაუჭირა, ამიტომ მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება თუ საკრებულო მერად მათ კანდიდატს დანიშნავს.

 

მისი თქმით ამის მისაღწევად კონკურსის გამოცხადებაა საჭირო, რომ ყველას მიეცეს მონაწილეობის უფლება. 

 

"ფოთის მერი ჯერჯერობით არის დანიშული, მალე შემოვიღებთ მერის პირდაპირი წესით არჩევას, მაგრამ მანამდე ხალხმა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას" და ამიტომ  სამართლიანი იქნება, თუ ოცნების კანდიდატი იქნება წარდგენილი. იცით, რომ მერობის სასურველი კანდიდატი არ დამისახელებია, ამ საკითხზე ჩემი პოზიცია არ გამომიხატავს, მე შეიძლება ვიღაცა მომწონდეს ან არ მომწონდეს, მაგრამ მე ვთქვი, რომ მთვარი არის მოსახლეობის განწყობა."– განაცხადა ბესელიამ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ვის კანდიდატურას წარადგენს "ქართული ოცნება" და კოალიციის რიგებში დავით სარსანიას ყავს თუ არა კონკურენტი.

 

 

აქციის მონაწილეები კი, მერად მხოლოდ სარსანიას კანდიდატურას განიხილავდნენ და მას მხარდაჭერას უცხადებდნენ.

 

–"არ გვინდა ნაციონალების მართული ქალაქი, "ქართული ოცნებიდან" დანიშნეთ მერი, ჩვენ უკვე გვყავს ჩვენი მერი,  დავით სარსანია უნიჭიერესი ადამიანია"

 

–"ჩვენი მოთხოვნაა "ნაციონალური მოძრაობა" მოშორდეს აქაურობას, ძალიან კარგი კანდიდატი გვყავს, სარსანია, რომელიც თავის დროზე უშიშროებიდან იმიტომ გამოუშვეს, რომ ძალადობის მიუხედავად ხელი არ მოუწერა რაღაც დოკუმენტს"

 

–"ვინ გვყავს სარსანიაზე უკეთესი, რა გაუკეთებია ხომერიკს ("ნაცმოძრაობის"  კანდიდატი, მერის მოვალეობის შემსრულებელი) სად იყო იმ დროს პორტიდან რომ ასობით ადამიანი გაათავისუფლეს? "

 

–"თუ ესენი არ წამოვიდნენ დათმობაზე, ქალბატონო ეკა (ბესელია) ბიძინას თხოვეთ თავად დანიშნოს მერი, ხომ იცით ვინც გვინდა? ჩვენი  მერი არის სარსანია"

 

მსგავსი შინაარსის განცხადებები კეთდებოდა აქციაზე. შეკრებილები განმარტავდნენ, რომ აქცია "ქართული ოცნებისა" და დავით სარსანიას ორგანიზებით ჩატარდა.

 

აქცია საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო საღინაძემ საკრებულოზე განხორციელებულ ზეწოლად შეაფასა.

ბესელიას განმარტებით, კი საკრებულო ვალდებულია მოუსმინოს ყველა მოქალაქეს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

 

"ჩვენ არავისზე ზეწოლას არ ვახდენთ ნურავის გონია, რომ ეს ზეწოლაა, საკრებულოს შეცდომა  თუ ასე ფიქრობს. ხალხი თუ მოდის რაღაცის მოთხოვნით ეს არის ზეწოლა? საკრებულო ვისი არჩეულია, ამიტომ მათ უნდა მოუსმინონ ხალხს, თუნდაც ერთი ადამიანი იყოს."– განმარტა ბესელიამ.

 

"ქართული ოცნებიდან" მერობის რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი დასახელდა. კოალიციის წარმომადგენლები პირად საუბარში აღნიშნავენ, მათ შორის  დავით სარსანია  ბესელიას კანდიდატურაა და თავად უწევს ლობირებას.

 

ამავე თემაზე:


ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე - "ქართული ოცნება" საკრებულოზე ზეწოლას ახორციელებს


ფოთის მერიასთან აქცია მიმდინარეობს


ფოთის მერობის პოსტზე შესაძლოა კონკურსი არ გამოცხადდეს


ფოთის მერობის სავარაუდო კანდიდატები




სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED