ფოთის მერობის პოსტზე შესაძლოა კონკურსი არ გამოცხადდეს

2012.11.01 ავტორი: TS

ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე "ქართული ოცნებისა" და არასამთავრობოების სახელით რამდენიმე კანდიდატი იბრძვის, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის, ვანო საღინაძის განცხადებით, შესაძლოა, მერის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი არ გამოცხადდეს და აღნიშნული პოსტი ამჟამინდელმა მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ხომერიკმა დაიკავოს.

ვანო საღინაძე

ვანო საღინაძე

"მიმდინარე კვირას გადაწყდება მერის საკითხი, ჩვენი("ნაციონალური მოძრაობის"-ავტ) კანდიდატურა დავით ხომერიკია. კონკურსი ჯერ არ გამოცხადებულა და შეიძლება არც გამოცხადდეს,"– აცხადებს TSpress- თან საუბრისას საღინაძე. მისი თქმით, კანონის თანახმად, თუ მერად მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება კონკურსის გამოცხადების ვალდებულება არა აქვთ.

 

ფოთის მაჟორიტარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კონკურსი ყველა შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს და საკრებულომ მოსახლეობის განწყობა უნდა გაითვალისწინოს.

 

ბესელიას განცხადებით, ის ფოთში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრას და მათი აზრის გაცნობა–გათვალისწინებას გეგმავს.

 

–"ჩვენს კანდიდატზე საბოლოოდ შეჯერებული არ ვართ. ძალიან კარგია, რომ მერობის რამდენიმე კანდიდატი სახელდება, საზოგადოებას უფრო გაუადვილდება თავისი განწყობის გამოხატვა, რომლის მიხედვითაც დავასახელებთ ჩვენც კანდიდატს. სამწუხაროა, რომ ჯერ მოსახლეობას მერის პირდაპირი წესით არჩევის საშუალება არა აქვს, თუმცა, ჩვენ მივაღწევთ, რომ საკრებულომ მათი განწყობა გაითვალისწინოს,"– აცხადებს TSpress- თან საუბრისას ბესელია და აღნიშნავს, ის საკრებულოს თავმჯდომარესა და ფრაქციებთან შეხვედრებსა და კონსულტაციებს გეგმავს.

 

იურისტ გიორგი მოისწრაფიშვილის განმარტებით, საჯარო მოხელის დანიშვნა საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება, რომლის თანახმად ვაკანტურ პოსტებზე კონკურსი უნდა გამოცხადდეს.

 

–"ნორმალური დემოკრატიული პროცესი მოითხოვს, კონკურსი გამოცხადდეს და კანდიდატებმა თავიანთი პროგრამა და ხედვები წარმოადგინონ, რომელიც უნდა განიხილოს საკრებულომ და ამის მიხედვით აირჩიონ მერი. თუ მერის დანიშვნა მოხდება ამ პროცედურების გვერდის ავლით, პირადი სიმპატიის ან ანალიზის გარეშე მაშინ თავისთავად ცხადია გვექნება ვარაუდი და ეჭვი, რომ მერების დანიშვნა ხდება იმ მანკიერი წესით როგორადაც აქამდე ხდებოდა. აქვე გავიხსენებ, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა, რომელიც ნაციონალების პრეზიდენტიც არის ამავდროულად პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა როგორი მნიშვნელოვანია, რომ ქალაქებში მერების არჩევა მოხდეს არჩევნების გზით. ჩემი აზრით საკრებულოს წევრებს თავისუფლად შეუძლიათ ხელი შეუწყონ პრეზიდენტის სურვილს და მერის თანამდებობაზე დანიშნონ საჯარო განხილვის შედეგად არჩეული ღირსეული მოქალაქე."– აცხადებს იურისტი

 

მერობის სავარაუდო კანდიდატები "ქართული ოცნებიდან" დავით სარსანია, ფრიდონ კავარცხელია, ბესიკ ჯოჯუა, ზურაბ ფაჩულია და გაიოზ ქინქლაძე არიან. კოალიცია საბოლოო კანდიდატეზე მომავალ კვირას შეჯერდება. 

 

მერობის კანდიდატებად საინიციატივო ჯგუფების მხრიდან ასევე "ახალი მემარჯვენეების" ყოფილ ლიდერi ირაკლი კაკულია და ზურაბ ბაქანიძის კანდიდატურა სახელდება.

 

კაკულიას "მემარჯვენეების" რიგები ოფიცილურად არ დაუტოვებია, თუმცა 2009 წლის საკნების აქციების შემდეგ აქტიური პოლიტიკიდან წავიდა

 

ბაქანიძეს სხვადსხვა პერიოდში საჯარო სამსახურებსა და საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.  

 

ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების საკითხზე საკრებულო უახლოეს დღეებში იმსჯელებს. 

 

ამავე თემაზე:

ფოთის მერობის სავარაუდო კანდიდატები

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED