ქართულ სპორტში პრობლემები არ ილევა

2012.10.15 ავტორი: ლევან სეფისკვერაძე

საქართველოს სპორტის მინისტრად ლევან ყიფიანის წარდგენის შემდეგ, საფეხბურთო კულუარებში აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რამდენად მოხერხდება სპორტის ახალ მინისტრსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის თანამშრომლობა. 

როგორც იცით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება სპორტის მინისტრს არ შეუძლია. სფფ-ს პრეზიდენტს საფეხბურთო საზოგადოება (კლუბების პრეზიდენტები და რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლები) ირჩევს და ამ ორგანიზაციაში ხელისუფლების ჩარევას უეფა და ფიფა ყოველთვის განსაკუთრებული სიმძაფრით აპროტესტებდა.

 

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის საქმეებში სპორტის სამინისტროს ჩარევის გამო, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ოგანიზაციიდან გარიცხვის საკითხიც კი დამდგარა. საქართველოს უახლოეს წარსულს რომ გადავხედოთ, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ქვეყნის სათავეში მოსულ “ნაციონალურ მოძრაობას”, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული სფფ-ს მაშინდელი პრეზიდენტის, რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა მერაბ ჟორდანია ეიძულებინათ, თანამდებობიდან გადამდგარიყო.

 

ეს ფაქტი უეფამ მაშინ მკვეთრად უარყოფითად შეაფასა და ევროპული ფეხბურთის მმართველებმა, მაშინ საქართველოში წერილიც კი გამოგზავნეს, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უეფადან გარიცხვაზეც იყო საუბარი. საბოლოოდ, ჟორდანიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე მაინც დატოვა დაკავებული თანამდებობა. 

 

ლევან ყოფიანმა, გაზეთ “ლელოსთან” საუბარში განაცხადა, რომ მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას მიმართ არაფერი აქვს საწინააღმდეგო და მასთან თანამშრომლობასაც აპირებს. თუმცა, უკვე გავრცელდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ყიფიანი სფფ-ს ხელმძღვანელის პოსტზე მისი ძველი მეგობრის, ყოფილი ფეხბურთელის, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას განიხილავს. ყაველაშვილი წლებია, რაც შვეიცარიაში ცხოვრობს (შვეიცარიაში დაასრულა საფეხბურთო კარიერა) და საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა. ლევან ყიფიანის თქმით, მას ყაველაშვილთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვს. თუმცა, როგორი კუთხით შედგება ეს თანამშრომლობა, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

 

დაახლოებით რვა წლის წინ, ყაველაშვილმა, რამდენიმე ვეტერან ფეხბურთელთან ერთად, ჩამოაყალიბა ორგანიზაცია “ჩვენი ფეხბურთი”, რომელიც სფფ-ს ხელმძღვანელობას და მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას ჯერ ნოდარ ახალკაცის, შემდეგ კი ზვიად სიჭინავას მმართველობის დროს აკრიტიკებდა. ორგანიზაცია ასევე აპროტესტებდა ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის დაპატიმრებას და დღემდე მოითხოვს მის გათავისუფლებას. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ ყაველაშვილსა და მის მეგობრებს, ზვიად სიჭინავას პოტენციურ შემცვლელებად მოიაზრებენ. თუმცა, რამდენად უმტკივნეულოდ შეიძლება მოხდეს (თუკი საერთოდ მოხდება) ეს “შეცვლა” - რთული სათქმელია...

 

სპორტის მინისტრის პოსტზე ლევან ყიფიანის წარდგენას ერთი საინტერესო ამბავიც დაემთხვა. თბილისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობა” და უმრავლესობა საკრებულოს ხუთმა წევრმა, მათ შორის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემაც დატოვა. გიორგი ნემსაძის გვარი ქართულ ფეხბურთი მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სკანდალს უკავშირდება. სფფ-ს პრეზიდენტის 2007 წლის არჩევნებზე ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ

გიორგი ნემსაძე

 ნემსაძე გახლდათ.

 

მოხდა ისე, რომ დელეგატების უმეტესობამ ხმა ნემსაძეს მისცა. მაგრამ, ყველასდა გასაკვირად, ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა თანამდებობაზე უარი განაცხადა (თუ პრეზიდენტომა არ სურდა, მაშინ რატომ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას?!) და პოსტი ნოდარ ახალკაცს დაუთმო. ამ ამბავს მაშინ დიდი სკანდალი მოჰყვა და დაიწყეს საუბრები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ფეხბურთის ფედერაციის საქმეებში ჩარევაზე.

 

გაჩნდა მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვით, ნემსაძის გადადგომა და თანამდებობაზე უარის თქმა, საქართველოს აწუკვე ყოფილი ხელისუფლების შიგნით არსებული კლანების დაპირისპირებით იყო განპირობებული. ასეა თუ ისე, გიორგი ნემსაძის მიმართ დღეს საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვაა დაგროვილი და იმედია, ყოფილი ფეხბურთელი ამ ყველაფერზე ადრე თუ გვიან ისაუბრებს.

 

საინტერესო ამბები უძღვდა წინ, ნოდარ ახალკაცის თანამდებობიდან წასვლასაც.

 

კოკა რევიშვილი, ყოფილი ფეხბურთელი: “ახალკაცის თანამდებობიდან წასვლის ინიციატორი უპირველესად ქართული საზოგადოება იყო, რომელსაც ბუნებრივია ყელში ამოუვიდა ქართულ ფეხბურთში შექმნილი ქაოტური სიტუაცია, რეალურ გადაწყვეტილების მიღებას კი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიაწერდნენ, რადგან მითი იმის შესახებ, რომ ქართული ფეხბურთი თითქოსდა ვითარდებოდა, ყველას თვალწინ დაიმსხვა და წარუმატებლობების სერია უპირველესად ხელისუფლების რეიტინგზე აისახებოდა.

 

მაშინ ჩატარებული მცირე გამოკითხვაც კი ადასტურებდა, რომ ახალკაცის თანამდებობიდან წასვლის მომხრე არამხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, ხელისუფლების მომხრეებიც კი იყვნენ. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ მივიდა კრიტიკულ ზღვრამდ, რაც ბუნებრივი იყო. რაც შეეხება ზვიად სიჭინავს... მე ამ ადამიანისადმი ცუდად ნამდვილად არ ვარ განწყობილი. თუმცა, მიმაჩნია, რომ უმჯობესი იქნება დაკავებულ თანამდებობას თუ დატოვებს. ხელისუფლების ცვლა ჩემი აზრით, ფეხბურთსაც უნდა დაეტყოს”

 

სანამ ახალკაცის თანამდებობიდან წასვლის საკითხი დადგებოდა, მანამდე ზვიად სიჭინავა, ზაზა გოროზიას შემცვლელად, ანუ სამეგრელო-ზემო სვანეთის მომავალ გუბერნატორად მოიაზრებოდა. არავინ იცოდა,  რატომ წამოიწია წინა პლანზე სიჭინავას ფიგურამ, მაგრამ მეორე კანდიდატისაგან განსხვავებით, სიჭინავას ქართულ ფეხბურთთან კავშირი ნამდვილად ჰქონდა და ზვიად სიჭინავას აქტივში ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა და ზუგდიდური კლუბის განვითარება შეიძლება ჩაიწეროს. სხვათა შორის, ზვიად სიჭინავა 10 წელი მოსკოვში, ტერეზა დუროვას თეატრის დირექტორი იყო. შემდეგ კი, კი ერთ–ერთ კერძო კომპანიას ხელმძღვანელობდა.

ზვიად სიჭინავა

 

ლაშა ჭანტურია, გულშემატკივარი: “ალბათ ყველას გახსოვთ, როგორი ტაშ-ფანდურით გააპრეზიდენტეს მერაბ ჟორდანია და მერე მისი ტაშის დამკვრელებივე როგორ წუწუნებდნენ და ნანობდნენ დაშვებულ შეცდომას. აღარაფერს ვამბობთ, 2007 წლის ავადსახსენებლ 13 მაისზე, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე უსამართლობის ზეიმის მომსწრენი გავხდით და ნოდარ ახალკაცი ისე დაბრძანდა ფედერაციის პრეზიდენტის სავარძელში, ალბათ დარწმუნებულიც იყო, რომ დამარცხებულის “გამარჯვებას” ხალხი კიდევ ერთხელ “გადაყლაპავდა”. იმედია ქართული საზოგადოება ასეთ შეცდომებს მომავალში მაინც აღარ დაუშვებს, თუმცა...”

 

“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის წლებში, ფეხბურთით და ფეხბურთის მართვით, ხელისუფლების ბევრი მაღალჩინოსანი იყო დაინტერესებული. მათ შორის კი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, დავით კირკიტაძე გამოირჩეოდა. ერთ დროს პარლამენტის დაცვის ბიჭების ცემით სახელგანთქმული ყოფილი პარლამენტარი და როგორც მას საქართველოს პრეზიდენტმა უწოდა - “ჩვენი დროის გმირი” დათო კირკიტაძე, სამი წლის წინ, სწორედ ფეხბურთთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა. თუმცა სკანდალიც არის და სკანდალიც... თუკი დაცვის ბიჭების ცემის დროს თვითმხილველები სულ ორიოდე კაცი იყო, სამი წლის წინ, კირკიტაძის გინება და “მახვილსიტყვაობა” ბოლნისის სტადიონზე შეკრებილმა ასეულობით ადამიანმა მოისმინა და იხილა და რაც მთავარია,  კირკიტაძისათვის ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევა თითქმის ვერავინ გაბედა.

 

საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩი, ბოლნისში, “თემურ სტეფანიას” სახელობის სტადიონზე მიმდინარეობდა. რუსთავის “ოლიმპმა”ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძლა. ეს შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა, თუმცა თამაშის საფეხბურთო პერიპეტიებზე მეტად, სწორედ არასაფეხბურთო მომენტები მოექცა გულშემატკივართა ყურადღების არეალში. თამაშის დასრულებას ორიოდე წუთი უკლდა, როდესაც შეხვედრის მთავარმა მსაჯმა – ხარიტონაშვილმა, მეკარესთან პირისპირ გასულ რუსთაველ თავდამსხმელზე არასამართლიანი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და ნომინალურ მასპინძლებს გამარჯვების მომტანი მეორე გოლის გატანის (ამ დროს რუსთაველები 1:0-ს იგებდნენ) შანსი მოუსპო. სწორედ მსაჯის ამ შეცდომამ განაპირობა მატჩის ფრედ დასრულება.

 

ერთი სიტყვით, მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა. თუმცა რაც ამ მომენტს მოჰყვა, ვფიქრობთ, რომ არამხოლოდ რომელიმე მხარის გუბერნატორს, რიგით გულშემატკივარსაც კი არ ეპატიება. მსგავსი ქმედებების გამო, ინგლისში ფანებს სტადიონზე შესვლას რამდენიმე წლის მანძილზეც კი უკრძალავენ.

მიხეილ ყაველაშვილი

 

შიო გონგაძე, ბოლნისელი გულშემატკივარი: “ამხელა თანამდებობის კაცი, მთელი ხმით ღრიალს და გინებას თუ დაიწყებდა, რას წარმოვიდგენდით... სტადიონზე ვის არ უყვირია და ვის არ შეუგინია, მაგრამ როდესაც ამას გუბერნატორი აკეთებს, სხვას რაღა უნდა მოჰკითხო? ადრე ბოლნისში ერთ-ერთ თამაშზე ჩხუბი დაიწყო და პოლიციას ვინც კი ხელში მოხვდა, ყველა განყოფილებაში გააქანეს. ეს ფაქტი ბევრს არ მოეწონა, მაგრამ იმ შემთხვევაში, პოლიციას ნამდვილად პირადად მე მართლა ვერ გავამტყუნებდი, რადგან სიტუაცია რომ არ განემუხტათ, შეიძლება ძალიან ცუდი ამბები დატრიალებულიყო.

 

ჰოდა, თუკი უბრალო გულშემატკივრებს არ აქვთ ჩხუბისა და გაწევ-გამოწევის უფლება, როგორც ჩანს, გუბერნატორი ხელშეუხებელი იყო და თავის ნებაზე იყო მიშვებული. ამის შემდეგ, ამ ქვეყანაში რა სამართლიანიბაზეა საუბარი...”

 

ქართულ სპორტში და განსაკუთრებით ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები, საზოგადოებისათვის კარგა ხანია ცნობილია. საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რომ სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციაშიც ძალიან ბევრი რამაა შესაცვლელი. ცნობილი ქართველი ფეხბურთელის - დავით ყიფიანის ვაჟი, ლევან ყოფიანი ყველას აიმედებს, რომ მისი მმართველობის დროს, ხელისუფლება სპორტში აღარ ჩაერევა.  

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED