“ოეე, მორჩა არჩევნები, მორჩაა!!!“

2012.10.11 ავტორი: ლევან სეფისკვერაძე

“ხო მიეცით ხმა ბიძინას?! ჰოდა, ახლა აგეთ პასუხი, რაც ქვეყანაში მოხდება. მალე რომ დაბრუნდებიან ქურდები და ძველი მინისტრები, მერეც იტყვით, ბიძინა მაგარი კაციაო? თქვენნაირებმა დაანგრიეს ეს ქვეყანა!“ – ამბობს ერთ–ერთი მოკამეთათაგანი და თან ნაწვიმარ ძელსკამზე დაუსველებლად ჩამოჯდომას ცდილობს, რაც ნატოში შესვლაზე ადვილი ნამდვილად არაა

თბილისი, 2012 წელი. 10 ოქტომბერი. საღამოს 8 საათი. ვერის ბაღში. ნარდის თამაშში გართული ვერის ბაღელი პენსიონერების წინ, სამი ახალგაზრდა კაცი ზის და გაცხარებით მსჯელობენ განვლილ საპარლამენტო არჩევნებზე და მის შედეგებზე.

 

“თქვენ, ყველანი ერთნაირები როგორა ხართ ეს “მიშისტები“. ვგიჟდები კაცო... რა ერთი კაცი გაკეთებულებივით ხართ... ჯვარი ხომ არა გაქვთ დაწერილი ამ მიშაზე და ვანოზე? ყველა მთავრობა უნდა შეიცვალოს – ვინც არ უნდა იყოს. არ გამოდგება და ბიძინასაც შევცვლით. ბიჭოს...“ – ეპასუხება სათვალიანი, კოსტუმი მხარზე რომ  გადაუგდია გასული საუკუნის 50–იანი წლების იტალიელი კინოგმირივით. მესამე მოსაუბრეც ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, თუმცა ყველაზე ნაკლებად აქტიურობს და მხოლოდ მაშინ იღებს ხმას, როდესაც მისი  “ბიძინისტი“ მეგობარი არგუმენტებს საჭიროებს. კამათი კი არის ცხელია და ქარიშხლიანი. ისეთი, ნარდის თამაშში გართული პენსიორენების ყურადღებასაც კი რომ იპყრობს.

 

ერთ–ერთი მოხუც მონარდეთაგანი, თავს ანებებს მეგობრების თამაშის ცქერას და მოკამათე ახალგაზრდებთან მიდის. “სადაური ბიჭები ხართ?“ – კითხულობს. სამივენი თბილისელები არიან. გარეუბნელები. მეგობრები...“ბოდიში თქვენი ჭირიმე, ასე რომ მოგეჭერით, მაგრამ ერთი რაღაც მინდა გკითხოთ... თქვენ თუ იცით, გივი გუმბარიძე ვინ იყო“ ბიჭებმა რასაკვირველია იციან საქართველოს ცეკას უკანასკნელი მდივნის ვინაობაცა და რაობაც.

 

“აბა თუ იცით, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ ყველაზე დემოკრატი მმართველი ეგ კაცი გამოდის საქართველოს ისტორიაში. კაცმა არჩევნები წააგო და წავიდა თანამდებობიდან. მეტი დემოკრატიული რაღა უნდა ექნა? ჰოდა, აქ ერთი რომ ამბობდა, მიშა დემოკრატია, არჩევნები წააგო და წავიდაო, მაგაზე გამახსენდა ეს გუმბარიძეც. მთავარი ის კი არაა, არჩევნების დროს როგორ “ლამაზად“ მიდის კაცი, (ან მიდის თუ არა – ეგეც საკითხავია) მთავარია არჩევნებამდე რას აკეთებს და რატომ გაუხდა წასასვლელი. ხომ გასაგებად ვამბობ ბიჭებო?“

 

ბიჭები გაყურსულები სხედან და თავს უქნევენ – გავიგეთო. “ყველას რომ მოგვწონდეს ისეთი პარტია არ არსებობს და ალბათ არც იარსებებს, მაგრამ როცა მთავრობა “ჰიჰქარავს“, ხომ უნდა ვაგრძნობინოთ რომ “მიჰქარავს?“ დედის გინება საქმეს რომ შველოდეს, იცოცხლეთ, კარგი იქნებოდა, მაგრამ არჩევნებზე უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი. ჰოდა ახლა, ყველამ მივხედოთ ჩვენს საქმეს. აი ეგაა რა...“ – როგორც იქნა მოაბოლოვა მოხუცმა სათქმელი.  ძელსკამზე მსხდომი ორმა მოკამათე ბიჭმა სკამის კიდებისაკენ ჩაიწ–ჩამოიწია – შუაში ჩაგვიჯექი ძიაკაცო, კარგი რამეები თქვი შენაო. მაგრამ, მოხუცი არ გაჩერდა. ახლა ნარდში ჩემი თამაშის რიგია და უჩემოდ დაიწყებენო...

 

ზვიადი, მიშა, ბიძინა...

 

თბილისის მეტროპოლიტენი, საღამოს 9 საათი. “დამეხმარეთ ხალხო, ღმერთი გიშველით.  ბავშვი მყავს ცუდად. წამლის ფული მჭირდება“ – ყვირის მეტროს მგზავრთათვის უკვე კარგად ნაცნობი 40–ოდე წლის ქალი, რომლის მოთქმისაც ცოტა ვინმეს თუ სჯერა. მაგრამ, ფულს მაინც აძლევენ. “ოჰ, რა აფერისტია ეს ქალი ჩვენი მთავრობასავით. სულ წუწუნებს და სულ ფულს თხოულობს“ – მეგრულ კილოზე ამბობს თეთრულვაშა ასაკოვანი კაცი. “რომელ მთავრობაზე ამბობ ბიძაჩემო? ახალზე თუ ძველზე“ – გაეპასუხა შავსათვალიანი ბიჭი. “არ ვიცი მე ძველი და ახალი.ახლა ყველა მთავრობა ერთი ნაგავია. ნამდვილი პრეზიდენტი ქე გვყავდა ჩვენ – გამსახურდია, მაგრამ არ მოინდომეს და ჩამოაგდეს. უყურეთ ახლა ამათ პარპაშს.“

 

“ჩამოგდება კი კარგი ვიცით მართლა“ – ხმა ისმის ვაგონის უკანა მხრიდან და მთქმელი კი არ ჩანს. “ერთი ეგ ზვიადი იყო დიდი ვინმე. გადაკიდა ხალხი ერთმანეთს და ახლა კია დაბრძანებული მთაწმინდაზე. ჩვენ რა გვეშველება თორემ მაგას ნაშველი აქვს უკვე“ –  ამბობს თეთრულვაშა მოხუცის გვერდით მდგომი ახალგაზრდა ქალი. “რატომ კადრულობთ მაგას ქალბატონო. მკვდარ კაცზე ამის თქმა რავა შეიძლება. მიშა ან ბიძინა რომ მოკვდეს, სწორი იქნება მაგი?“ – ბრაზობს მოხუცი. თითქოს ამის თქმა ელოდნენო და ვაგონში მყოფებმა უკვე იმაზე გააჩაღეს კამათი, მიშა ჯობდა თუ ბიძინა და რას უნდა მოველოდეთ ახალი მთავრობისაგან.

 

“გუდამაყრელი კაცი ვარ და რაკი ჩემი კუთხის შვილი იყო, სულ შალვა ნათელაშვილს ვაძლევდი ხოლმე ხმას. მერე დავინახეთ, რომ ეს შალვა “ვოზდუხი“ იყო და ლაპარაკის მეტი არაფერი იცოდა. ჰოდა, ავდექი და ახლა ბიძინას მივეცი ხმა. რომ გითხრათ დიდი იმედები მაქვსო, მოგატყუებთ, მაგრამ ალბათ მაინც მთავრობის შეცვლა ჯობდა იმას, რაც აქამდე იყო. ხომ ხედავთ, ცხოვრება როგორ გაჭირდა. ხალხს პურის შესაძენადაც კი არა აქვს ფული. ბიძინა კიდევ, მოვიდა თუ არა, რაღაც პროდუქტები მაინც გააიაფა. ეგეც საქმეა“ – ამბობს 49 წლის ლევან ჩოხელი, რომელსაც გლდანში უცხოვრია.

 

გუდამაყრელს ისევ ის ახალგაზრდა ქალი გაეპასუხა, თავიდანვე “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს რომ ჰგავდა. “მარტო პროდუქტების გაიაფება ხომ არა ცხოვრება? რუსები რომ უყვარს ამ თქვენ ბიძინას? ქართლში ჩემი ნათესავების სოფელი რუსებმა დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს. ბიძინას კიდევ, რუსებზე ცუდ ვერაფერს დააცდენინებ. გვინდა ჩვენ ეგ?“ “რუსებზე ჰესები ვინ გაყიდა ქალბატონო? ბიძინამ?“ – აღშფოთდა შავსათვალიანი ბიჭი. “რუსეთის ხალხი ესენი არიან თუ არიან. ყველაფერს რუსებზე ყიდიან და მერე სხვებზე ამბობენ – რუსეთის ხალხიაო...“ ამასობაში მოხუცი მეგრელის ჩასვლის დროც დადგა. ვაგონიდან ჩასვლის წინ რაღაცის თქმა დააპირა. მერე ხელი ჩაიქნია: “ჩვენ მაინც არაფერი გვეშველებაო“ – ჩაილაპარაკა და გავიდა.  

 

ლუდი და ჩოჩელი

 

საღამოს 10–ის ნახევარი. სუპერმარკეტში. “რა ვიცი, ყველაფერი იაფდებაო და ეს ლუდი მაინც არ გაიაფდა. ჩოჩელი კი წავიდა თანამდებობიდან, მაგრამ ფასებს არავინ ცვლის“ – წუწუნებს პუტკუნა ბიძაკაცი, თან პირთამდე გავსებულ ჩანთაში 2 ცალ ორლიტრიან პლასტმასის ლუდის ბოთლს ტენის.

 

გამყიდველი როგორც ჩანს მისი ნაცნობი ან სულაც ახლობელია და ექილიკება – შენთვის მთავარია ლუდი არ გააძვირონ და დანარჩენი ალბათ ფეხებზე გკიდიაო... “ისე შაქარი მართლა გაიაფდა. ყოჩაღ ბიძინას! ჯერ არც კი მოსულა ხელისუფლებაში და ეკვე დაეტყო ქვეყანას მაგისი ხელი. მერე ხორცსაც გავაიაფებო უთქვამს...“  – ამბობს ერთ–ერთი კლიენტი ქალბატონი. “ხორცი უკვე გაიაფდა ლარით. აი შეხედეთ ფასს“  – ეპასუხება გამყიდველი ქალი და აშკარად ძველი ხორცის ნაჭერზე დატყეპებულ ქაღალდის ნაგლეჯს უჩვენებს. “ერთი ლარით გაიაფება რა გაიაფებაა?“

 

“აბა რა გინდათ, 2 ლარი გახდეს ხორცის ფასი?“ “არ გახსოვთ, შევარდნაძის დროს, კილო ხორცი 4 და 5 ლარი რომ ღირდა?...“ “ეგრე მაშინ ყველაფერი იაფი იყო, მაგრამ ფული არ იყო და რა აზრი ჰქონდა... მთავარია ხალხს ფული ჰქონდეს, რომ იყიდოს პროდუქტები...“ ბოლოს ყველა მაღაზიაში მყოფი შეთანხმდა, რომ მთავარი მაინც სამუშაო ადგილების შექმნა და “ხალხში ფულის გაჩენაა“. ერთადრეთი, ის პუტკუნა ბიძაკაცი იდგა თავის აზრზე და ლუდის გაუიაფებლობაზე ქოთქოთებდა...

 

მაღაზიის წინ, ორი 20 წლამდე ბიჭი სიგარეტს ეწეოდა. ერთს “ქართული ოცნების“ გვარიანად შელახული თეთრი ფერის მაისური ეცვა. “ოე, გაიხადე ბიჭი ეგ “მაიკა“. მორჩა არჩევნები მორჩაა...“ დასცინოდა მეგობარი. ვითომ მართლა მორჩა?!....

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED