ფოთის პორტის მუშები სამუშაო პირობებსა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ[Video]

2012.10.08 ავტორი: სოფო ჯალაღანია იზა სალაყაია

ფოთის პორტის მე–14 ნავმისადგომის თანამშრომლები შრომის პირობების გაუმჯობესებას, ანაზღაურების გაზრდასა და უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ საპროტესტო აქცია გამართეს. მოთხოვნის მიუხედავად, მათ ნავსადგურის ადმინისტრაციიდან არავინ შეხვდა.

 

 

    

დღეს, შუადღისთვის, პორტის მიმდებრე ტერიტორიაზე 120-მდე მუშა შეიკრიბა. მათი განმარტებით, ისინი შტატგარეშე თანამშრომლები არიან და ე.წ. სარეზერვო მუშახელს წარმოადგენენ. მათი თქმით, დღეში, შესვენების გარეშე, 12 სთ–ს მუშაობენ, ანაზღაურება 1 სთ– 4 ლარს შეადგენს, რაც, მათი განმარტებით, დაბალია.

 

მათი პრეტენზია შრომითი უსაფრთხოებასაც შეეხება. მათი თქმით, უბედური შემთხვევის დროს პორტის არანაირ ვალდებულებას არ იღებს.  

 

მუშების ძრითადი მოთხოვნა, ხელშეკრულების გაფორმება და ფიქსირებული ხელფასის აღებაა. ისინი ასევე ყველა იმ პრივილეგიასა და შეღავათებს ითხოვენ, რომლითაც პორტის სხვა შტატიანი თანამშრომლები სარგებლობენ. 

 

"გვინდა შტატში აგვიყვანონ, რითაც გაგვეზრდება ხელფასი და მივიღებთ დაზღვევას. თუ ეს ადამიანები მუშაოებენ ევროპული სტანდარტით, მაშინ აგვინაზრაურონ საერთაშორისო ფასებით, თუ არა, გაითვალსიწინონ საქართველოს შრომის კოდექსი. შეგვიქმნან მინიმალური პირობები,"– განაცხადა ერთ–ერთმა დასაქმებულმა, რომელმაც სხვების მსგავსად, ვინაობის დასახელება არ ისურვა.

 

მუშები ყველა აღნიშნულ პრობლემაზე  ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენებას პირადად ითხოვდნენ.

 

13 სთ–ზე  დანიშნული შეხვედრა არ შედგა. კადრების განყოფილების წარმომადგენელმა მუშებს განუმარტა, რომ დირექტორი მხოლოდ 10 მუშას შეხვდებოდა, თუმცა, ისინი ამ პირობას არ დათანხმდნენ და ხელმძღვანელობის აქციაზე მისვლა ითხოვეს. 

 

 

მოგვიანებით ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა, ჯეოზეფ ქროულმა განმარატება მხოლოდ მედიასთან გააკეთა. მისი თქმით, რეზერვში მყოფი მუშა ხელის მოთხოვნების დაკმაყოფილება,  მათი შტატში ჩასმა და ხელასების გაზრდა არ მოხდება. 

 

მისი თქმით,  ე.წ. რეზერვში მყოფი მუშების ანაზღაურება სამართლიანად ხდება და ისინი საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მეტ ანაზღაურებას იღებენ.  მისი თქმით, მუშები შტატგარეშე, სიტყვიერი შეთანხმებით საჭიროებისამებრ მუშაობენ, რადგან პორტს მათი მუდმივად  დატვირთვის სამუშაოები და ხარჯები არა აქვს.

 

ქროული აცხადებს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება დათანხმდეს ან არ დათანხმდეს, იმუშავოს ან არ იმუშავოს შეთავაზებულ პირობებს, მისი განმარტებით, პორტის ყველა თანამშრომლისთვის მაღალი დონის სამუშაო პირობებია შექმნილი და უკეთესი პირობის შექმნის პირობაც დადო.

 

მისი თქმით, საუკეთესო პირობების სადაზღვევო პაკეტებით მხოლოდ შტატში მყოფი 1000-მდე თანამშრომელი სარგებლობს, რისთვისაც კომპანია ყოველთვიურად დამატებით 110 ლარს ურიცხავს.

 

როგორც მუშები დღეს გამართულ  აქციაზე განმარტავდნენ, მსგავსი მოთხოვნები არაერთხელ დაუყენებიათ, თუმცა უშედეგოდ.

პირად საუბარში აღნიშნავდნენ მათ აშინებდნენ და სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებოდნენ.

 

მუშების თმით, წინა თვეებში, აქციაზე გამოსვლის გამო, ხელმძღვანელი თანამდებობიდან ჩამოაქვეითეს და მუშად დაასაქმეს ერიკა ნარმანია, ასევე, ყოველგარი ახსნა–განმარტების გარეშე 24 კაციანი ბრიგადიდან 6 ადამიანი გაათავისუფლეს, მათ ნაცვლად კი დარჩენილებს ამუშავებდნენ. 

 

სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის მოთხოვნისას კი, მუშების თქმით, ხელმძღვანელობა მუდამ შრომის კოდექსზე აპელირებს, რომლის თანახმად, დამქირავებელს აქვს უფლება მუშა სამსახურიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაითხოვოს. 

 

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ნავსადგურის მუშები მუშაობის შეწყვეტით იმუქრებიან.

 

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ პორტის აქციების 51% არაბულ კომპანია „რაკიინ ინვესტმენტს“ 2008 წელს 90 მლნ. აშშ დოლარად 49-წლიანი მართვის უფლებით მიყიდა.  2009 წელს კი „რაკიინმა“ პორტის დარჩენილი წილი  65 მლნ. დოლარად შეიძინა. 

 

დანიური „მაერსკის“ შვილობილმა კომპანია APM Terminals–მა, ფოთის ნავსადგურის 80%, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, არაბული „რაკიინ ინვესტმენტისაგან“ შეიძინა.გასული წლის დეკემბერში, კომპანიამ 500-მდე მუშა გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზად, ოფიციალურად საპენსიო ასაკი და არაპროფესიონალიზმი დასახელდა.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED