უღიმღამო თბილისობა და დაბღვერილი მერი

2012.10.08 ავტორი: ლევან სეფისკვერაძე

თბილისობა 2012 ერთ-ერთი ყველაზე უღიმღამო იყო, იმ მრავალ უღიმღამო თბილისობათაგან, რომელიც დედაქალაქს ახსოვს და, ალბათ, არასოდეს დაავიწყდება. არჩევნების შემდგომი თბილისი გაურკვევლობებით იყო მოსილი. ბევრმა ისიც კი არ იცოდა, თბილისობა 2012 ძველი ხელისუფლება ატარებდა თუ ახალი....

მოწყენილი უგულავა

 

გადაკეტილი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერია, გაავებული მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მძღოლები, პარლამენტარები – ასეთი იყო  თბილისი გასულ დღეებში. დედაქალაქში კანტი-კუნტად ჩამოსული უცხოელები ყველაზე ნათლად ხედავენ ქალაქის ”მაჯისცემის" მთელს რიგ უცნაურ მხარეებს და უკვირთ – წლების განმავლობაში როგორ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც ყველაფერი იცვლება ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულებების გარდა.

 

ეკა სილაგაძე, დიასახლისი: “მე მიყვარს ეს ქალაქი. დღესაც როგორც ხედავთ, ორ შვილთან ერთად მოვედი თბილისობაზე, მაგრამ ბევრი ვერაფერი ვნახეთ საინტერესო. ან რა სანახავია, თბილისის მერი მოწყენილი სახით, როგორ წურავს ყურძენს და მისი ჩამჟავებულსახიანი მხლებლები როგორ ცდილობენ, რაც შეიძლება მალე მოიშორონ თავიდან ეს თბილისობა, რომელიც, ალბათ, მძიმე ტვირთად აწევთ”.

 

მოწყენილსახიანი თბილისის მერი, მართლაც ყველას სალაპარაკო თემა იყო მთელს თბილისობაზე. “ნახე რა “სტრანნი” სიფათი ქონდა? აშკარად ვერ იყო ხასაითზე”, “უგულავას რომ ვუყურებდი, ვხედავდი ზოგიერთისთვის ეს დღე თბილისობას კი არა, ქელეხს უფრო ჰგავდა. თუ არ გეზეიმება, ნუღარ ატარებ, შე კაი კაცო”, “ამ მერს რომ ვუყურებდი, გალაკტიონის “მერი” მახსენდებოდა” – ხშირად გაიგონებდით ასეთ ფრაზებს.

 

თბილისის მერისგან განსხვავებით, საზოგადოებას ბევრად უფრო მხიარულად წარუდგა საქართველის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ტრადიციულად, მკოცნელი მოხუცებისგანაც ბევრი მტლაშა-მტლუში მიიღო და რამდენიმე უცხოელმა სტუმარმაც ისე დაუქნია ხელი, როგორც უწინ, “ავადსახსენებელ” არჩევნებამდე უქნევდნენ. თუმცა, იქაურობა მალევე დატოვა...

 

იარეკ ლიხინსკი, პოლონეთის მოქალაქე: ”დღევანდელი თბილისი 80-90-იანი წლების ვარშავას მაგონებს. იმ დროს, პოლონელი ხალხი პოლიტიკოსებს უნდობლად უყურებდა და არანაირ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებში არ იღებდა მონაწილეობას. ყველაფერი პოლონეთის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შემდეგ შეიცვალა.

 

ხალხს მომავლის იმედი დაუბრუნდა. კარგად მესმის ქართველების. თქვენი პოლიტიკოსები რეალობას არიან მოწყვეტილნი და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ კარიერისტული მიზნები ამოძრავებთ. იმედია, ნატოს წევრი, საქართველო მალე გახდება და თავად ნახავთ, ყველაფერი როგორ გამოსწორდება."

 

ბოლო პერიოდში, თბილისური ყვითელი ავტობუსების კონტროლიორები არჩევნების შემდეგ, თითქმის გაუჩინარდნენ. უფულო ხალხს ძალიან მოსწონდა უფასო მგზავრობა და სწორედ ამიტომაც, ავტობუსები ისე იყო გადაძეძგილი, ადამიანს უნებურად გაუჩნდებოდა ასოციაცია 90-იანი წლების ლამის უკვე ”ლეგენდარულ” თბილისურ ტროლეიბუსებთან.

 

მანქანებით გადაძეძგილი მარჯანიშვილის გამზირის ერთ-ერთ ავტობუსის გაჩერებაზე მდგომი, ხელჩანთების სიმძიმით წელში მოხრილი ახალგაზრდა ქალი იქვე მყოფ ოციოდე წლის გოგონას ესაუბრება:

 

”ცხოვრება მაქვს შეძულებული. მთაწმინდაზე ვცხოვრობ და სახლიდან გამოსვლაც კი არ მინდა. საშინელება ხდება იქ. მაგრამ რა ვქნა? მშივრები ხომ არ ვიქნებით? ტრანსპორტს ჩვენს სახლამდე არ უშვებენ და იძულებული ვარ, ამხელა ტვირთი თავისუფლების მოედნიდან ჩემს სახლამდე ხელით ვათრიო. უზარმაზარი აღმართის ავლას ეხუმრები?".

 

მოხუცი გურის დარდები

 

”დინამოს" სტადიონთან მდგომ, წვრილმანებით მოვაჭრე გური მონსარიანს გადაკეტილი გზების პრობლემა არ შეხებია, რადგან გლდანში ცხოვრობს და როგორც თვითონ ამბობს, გლდანი მე-3 მიკრორაიონამდე ”გვირაბის პოეზდით", ანუ მეტროპოლიტენით სულ ღიღინ-ღიღინით დადის.

 

გური ფიქრობს, რომ სააკაშვილი უნდა წასულიყო, სხვა შანსი არ არსებობდა! "სულ ეკონომიკაზე და ხალხის დასაქმებაზე კი ლაპარაკობდა, მაგრამ მარტო ლაპარაკობდა და ეგ არის... 20 და 30 კაცის დასაქმება მაგას რამე დიდი ამბავი ჰგონია? მთელი ხალხი ასე ჩემსავით ქუჩაშია გამოსული და წვალობს. მაგრამ ისიც ვიცი, რომ თუ ხელი არ გავანძრიე, ჩემს ოჯახს ვერავინ მირჩენს. უკვე დიდი შვილები მყავს და ახლა სჭირდებათ ჩემი თავი ყველაზე მეტად"- ამბობს გური.

 

როდესაც მას ვკითხე: შენს სახლთან მისასვლელი გზა ყოფილმა ოპოზიციამ და ახლა უკვე ხელისუფლებამ რომ გადაკეტოს, რას იზამ-მეთქი. ჯერ დაეჭვებით ამომხედა, მერე დაფიქრდა და მითხრა: ”არა, ეგ კი ვერ იქნება კაი საქმე. მიშას გზაც უნდა გადაუკეტონ და მეტიც უნდა უქნან, მაგრამ ხალხმა რა დააშავა"...

 

არავისტები"

 

თბილისში ბოლო დროს, ე.წ. ”არავისტები" მომრავლდნენ, ანუ ხალხი, რომლებმაც ოპოზიციაზეც და ხელისუფლებაზეც საბოლოოდ აიღეს ხელი და პოლიტიკოსების ხსენებაზე სკაბრეზულ გამოთქმებს არ იშურებენ. ამ ადამიანების უმრავლესობა ადრე პოლიტიკურად აქტიური იყო, მაგრამ ახლა ამბობენ, რომ მათთვის მთავარი პირადი პრობლემების მოგვარება გახდა, რამეთუ მათი პრობლემები პოლიტიკოსებს არასოდეს აინტერესებდათ.

 

ნანული თელია, მაღაზიის გამყიდველი: ”ჩემი ოჯახი ყოველთვის აქტიური იყო პოლიტიკურად და მიგვაჩნდა, რომ რაღაცის შეცვლა უბრალო მოქალაქეებსაც შეგვეძლო, თუმცა მწარედ მოვტყუვდით. როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ყოფილ ხელისუფლების მისამართით რაიმე დადებითი თქვას? კიდევ ამ კადრების ცქერა უნდოდა ჩვენს ისედაც გაუბედურებულ ქვეყანას?

 

მაგრამ ახალ ხელისუფლებაშიც ბევრი ისეთი ხალხია, რომლებიც ფულის გამო,  სამშობლოსაც გაყიდიან და არაფერზე დაიხევენ უკან. ამიტომ, აღარ დავუშვებ შეცდომას და არც საკაშვილს და არც “ოცნებას” მხარს აღარასოდეს დავუჭერ. უმჯობესია, ხალხმა საკუთარ თავს თავად მივხედოთ"

 

როგორც ქართველი მწერალი, აკა მორჩილაძე ამბობს: ”თბილისი არის ქალაქი, სადაც ყველა და ყველაფერი ერთმანეთზე უხილავი ძაფებით არის გადაბმული". თუკი ეს მოსაზრება სიმართლეა, მაშინ აშკარაა, რომ ასე, ”ერთმანეთზე გადაბმული" ხალხი, სწორედ იმ უხილავ ძაფებში ვართ გახლართულნი და გამოსავალს ხელის ცეცებით დავეძებთ.

 

      

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED