რეკომენდაციები მედიისთვის კენჭისყრის დღეს

2012.09.30 ავტორი: TS

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კენჭისყრის დღეს მედიისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს:

საარჩევნო უბანში გამოცხადება


საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად,  საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 07:00 საათზე.  ჟურნალისტი უბანზე გამოცხადებისას ხელს აწერს ჩანაწერთა წიგნის  პირველ ან მეორე გვერდზე - აფიქსირებს მის ყოფნას უბანზე.  
გახსოვდეთ! აუცილებელია თან ატაროთ პირადობის მოწმობა/პასპორტი და ცესკოს მიერ გაცემული სამკერდე ნიშანი!
გახსოვდეთ! გადანაცვლების შემთხვევაში თქვენ ხელმოწერით აფიქსირებთ უბნიდან გასვლას   ჩანაწერთა წიგნში.  სხვა საარჩევნო უბანში შესვლისას კი ხელახლა გაივლით ხელმოწერის პროცედურას.  


თქვენ უფლება გაქვთ კენჭისყრის დღეს ნებისმიერი შენიშვნა  დააფიქსიროთ ჩანაწერთა წიგნში. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა – გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 


უნდა დაიცვას თუ არა დამკვირვებელმა/ჟურნალისტმა დრესკოდი?


მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საარჩევნო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას  (500 ლარის ოდენობის ჯარიმას) იმ შემთხვევაში, თუ დამკვირვებელს/ჟურნალისტს კენჭისყრის შენობაში ეცმევა/ეკეთება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკიანი  სამოსი/ნიშანი. 

 
აქვს თუ არა ჟურნალისტს კენჭისყრის შენობაში გადაღების უფლება?


ჟურნალისტებს, რომლებსაც აქვთ აკრედიტაცია და რეგისტრირებულები არიან შესაბამის კომისიაში უფლება აქვთ აწარმოონ ფოტო-ვიდეო გადაღება, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე. 
აქვს თუ არა ჟურნალისტს კენჭისყრის კაბინაში გადაღების უფლება?
კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო - და ვიდეოგადაღება აკრძალულია.  ცესკოს 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილებაში მითითებულია, რომ კაბინის გადაღებაა აკრძალული. 

 

შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ:
•    დაესწრონ საარჩევნო კომისიების სხდომებს;
•    კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში;
•    შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად,  დაუბრკოლებლად,  კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად, დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს.  
მედიის წარმომადგენელს უფლება არ აქვს:
•    გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
•    აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
•    ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; 
•    ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში; 
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე.


გახსოვდეთ! მედიის  წარმომადგენლის  საარჩევნო  კოდექსით  დადგენილი  უფლებების  შეზღუდვა  ან  მისი  საქმიანობისათვის  ხელის  შეშლა  გამოიწვევს  შესაბამისი  პირის  დაჯარიმებას  500  ლარის ოდენობით .
გახსოვდეთ!  საარჩევნო  კომისიას  უფლება  აქვს,  კომისიის  მუშაობისთვის  ხელის  შეშლისა  და  წესრიგის დარღვევის  შემთხვევაში,  მედიის  წარმომადგენელი  გააძევოს  კომისიის  განთავსების  შენობიდან. 
აქვს თუ არა ჟურნალისტს საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა?
საარჩევნო კოდექსი არეგულირებს პირთა წრეს, რომელთაც უფლება აქვთ კენჭისყრის დღის განმავლობაში და კენჭისყრის დროს საუბნო საარჩევნო კომისიისა და მის ცალკეულ წევრთა მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება აქვთ:


პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს
არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს
ჟურნალისტს არა აქვს საჩივრის წარდგენის უფლება - თქვენს წინააღმდეგ განხორციელებულ დარღვევების თაობაზე საჩივრის მომზადების უფლება აქვთ ზემოჩამოთვლილ პირებს.  

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია  - ნებისმიერ პირს ეკრძალება ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.


ინტერვიუს ჩაწერა
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ.  
კომისიის წევრების მიერ ინტერვიუების მიცემა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის პროცესში მისთვის განკუთვნილი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე;



სპეციალური აკრძალვა

კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია. 
აკრძალვაში იგულისხმება პასპორტის/პირადობის მოწმობის ახლო ხედიდან გადაღებაც.



ხელშეშლა  07:00-08:00 საათებში და 20:00 საათიდან შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე

07:00-08:00 საათებში და 20:00 საათიდან შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გადაღება აწარმოოთ მხოლოდ სპეციალური ადგილიდან, რომელიც არანაკლებ 3 მეტრით იქნება დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან.  ადგილს კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს. 



ხელშეშლა  08:00 საათიდან 20:00 საათამდე
ეს არის პერიოდი, როცა საარჩევნო უბანში მიმდინარეობს კენჭისყრა, ამომრჩევლები მოდიან ხმის მისაცემად.  ამომრჩევლებისაგან ინტერვიუს აღება შეგიძლიათ კენჭისყრის შენობის გარეთ. ამავდროულად გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უბანში დაბრუნებისას ფოტოვიდეოგადაღების უფლება აღარ გექნებათ. 
იმ შემთხვევაში, თუკი კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კამერით გადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, კარგავს ფოტოვიდეოგადაღების წარმოების უფლებას. 



10 წუთიანი ლიმიტი


ერთიდაიგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტოვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთისა. თუ აღნიშნულ წარმომადგენელს აქვს სურვილი ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია დაიკავოს კენჭისყრის შენობაში გამოყოფილი სპეციალური ადგილი. 

ამდენად, თქვენი ორგანიზაციის მხოლოდ ერთ ჯგუფს აქვს უფლება გამოიყენოს 10 წუთიანი ლიმიტი. 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პირების გადაღება



კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებრივ გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი საარჩევნო უბნებში, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები) აძლევენ ხმას, რის შემდგომაც, ფოტოვიდეოგადამღები აპარატები უნდა გატანილ იქნას კენჭისყრის შენობიდან.  



ჟურნალისტის გაძევება კენჭისყრის შენობიდან


დადგენილებით განსაზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია, ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ, ინფორმაცია რის შესახებაც აღინიშნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში   - ამდენად,  თუ ჟურნალისტის ჩაერევა კომისიის ფუნქციებში, არ მოახდენს გადაღებას სპეციალური ადგილიდან,  გადაადგილდება კამერით,  შეეცდება ჩაიწეროს ინტერვიუ  კენჭისყრის შენობაში - კომისია იმსჯელებს კენჭისყრის უბნიდან მისი გამოძევების შესახებ. 

მ ე დ ი ა  ს ა შ უ ა ლ ე ბ ე ბ ი


კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის
განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ;



აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა ;



არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები. 



საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას გაგიწიოთ  დახმარება სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში საარჩევნო საკითხების თაობაზე.
კენჭისყრის დღეს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 218-26-11   2182630



რეკომენდაციები პრაქტიკული გამოცდილებიდან
•    შესაძლო დარღვევები
უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე:
•    უბნის დაგვიანებით გახსნა;
•    უბნის არასათანადოდ მოწყობა;
•    წილისყრის პროცედურების დარღვევა;
•    საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება;
კენჭისყრა:
•    მარკირების შემოწმების შეუსრულებლობა;
•    სიებთან დაკავშირებული პრობლემები;
•    ყალბი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა;
•    ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა;
•    ხმის მიცემა არაუფლებამოსილი პირის მიერ (ნათესავის ან სხვა პირის მაგივრად ხმის 
•    მიცემა);
•    ყალბი ბიულეტენებით ხმის მიცემა;
•    ხმის მიცემის პროცედურების დარღვევა;
•    ბიულეტენების ჩაყრა;
•    დამკვირვებელზე/მედიის/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელზე ზეწოლა/ძალადობა;
•    კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება;
•    აგიტაცია საარჩევნო უბანზე;
•    საჩივრების ჩაბარებაზე უარის თქმა;
•    უბანზე არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა;
ყუთის გახსნა და შედეგების შეჯამება:
•    ხმის დამთვლელი კომისიის წევრების გამოვლენის პროცედურის დარღვევა;
•    ხმის დათვლის პროცედურების დარღვევა;
•    შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების უზუსტობა;
•    შემაჯამებელი ოქმების გაუცემლობა;
•    სხვა დარღვევები.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED