პატრიარქის მდივანი – მეუფემ პირდაპირ დააფიქსირა, რომ ის სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერია

2012.09.14 ავტორი: იზა სალაყაია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი ხელისუფლების მხარდამჭერია. მისი თქმით, როგორც მეუფე ამბობს, ჟურნალისტები ცდილობენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მის ურთიერთობაზე კომპრომატების დადებას, რის გამოც არიდებს ის მედიასთან ურთიერთობას თავს. 

დეკანოზი TSpress.ge -ს მიერ მეუფე გრიგოლისა და მამა თევდორეს მიერ ჟურნალისტზე განხორციელებული ძალადობის კადრებს საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს და მეუფე გრიგოლის სიტყვების სჯერა.

 

მისი განმარტებით, ფოთის საკათედრო ტაძრიდან პრეზიდენტის ბანერებს, უახლოეს დღეებში აიღებენ. აქვს თუ არა სასულიერო პირს რომელიმე პარტიის მხარდაჭერის ღიად გამოხატვის, პოლიტიკურ თემებზე ქადაგების, პარტიის ოფისის კურთხევის უფლება და როგორია საპატრიარქოს პოზიცია ამ ყველაფერზე და სასულიერო პირების მიერ ჟურნალისტზე განხორციელებულ ძალადობაზე, TSpress-ს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ესაუბრა:


– როგორ შეაფასებდით და რა რეაგირება შეიძლება მოყვეს საპატრიარქოდა მეუფე გრიგოლისა და სასულიერო პირების მხრიდან TSpress. ge რედაქტორ ელისო ჯანაშიასთვის მიყენებულ ფიზიკური და სიტყვიერი შურაცხყოფის ფაქტს?

 

–მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მათ თქვენ თავიდანვე განგიმარტათ, რომ კომენტარს არ გააკეთებდა. ის უარყოფს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, არც კადრებში ჩანს, რომ მეუფე ჟურნალისტს ფიზიკურად ეხება. კადრში ჩანს, რომ მეუფე მიდის და მას დაბრკოლებას უქმნიან ჟურნალისტები. მაინტერესებს როგორ ხდება, როდესაც  მაღალი თანამდებების სასულიერო პირი გეუბნება არ გაძლევთ კომენატარსო, თქვენ მაინც ეკითხებით 10-ჯერ, არა მიპასუხეთო?! თუ ჩვენ გვექნებოდა ფაქტი, როგორ უსწორდება ჟურნალისტს მაშინ იგი საპატრიარქოს განხილვის საგანი გახდებოდა, მაგარამ ფაქტი არ არსებობს, თვითონ უარყოფს და...სწორად გამიგეთ - მეუფე არ იტყვის, რომ მტკიცებულება არ არსებობს, ეპისკოპოსის სიტყვას არ ენდობით და ჟურნალისტების ნაქვამს იჯერებთო? 

 

– მართალია, კადრში ფეხის დარტყმა არ ჩანს, რადგან მეუფე მოულოდნელად გადაუდგა ჟურნალისტს, თუმცა, ჩანს, როგორ კრა მხარი, რაც წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო. ამ ყველაფერის თვითმხილველი ათობით ადამიანია, რომლებიც ტაძრის ეზოში იმყოფებოდნენ. როცა მამა თევდორე ჟურნალისტს ხელში წვდა და ფლიპ–კამერა წაართვა, შემდეგ კი მოშორებით მოისროლა, გამიჩნდა შიში ჩემს კამერასაც არ გასწორებოდა, რადგან რამდენჯერმე სხვა სასულიერო პირებმა კამერას ხელი არაერთხელ ააფარეს. აღნიშნულის უარყოფა და სასულიერო პირისგან ტყუილია, შეურაცხმყოფელია ჩვენთვის და საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის. მამა თევდორეს აგრესია ნათლად ჩანს კადრებში. რა რეაგირება შეიძლება ამას მოყვეს თქვენი მხრიდან?

 

– მამა თევდორე მეუფის ეპარქიის მღვდელმსახურია და მე მასზე ზემოქმედების მოხდენის არანაირი ბერკეტები არ გამაჩნია. ეს თვითონ თავის ეპარქიის მღვდელმთავარმა, ეპისკოპოსმა უნდა განსაჯოს. თუ სასულიერო პირი ასეთ რამეში იმხილება, რეაგირებაც მან უნდა მოახდინოს, მაგრამ ისინი, როგორც ვხედავ, უარყოფენ ამას. ჩვენ საგამოძიებო სტრუქტურები არ გვაქვს საპატრიარქოში, რომ ეს ფაქტი გამოვიძიოთ, მაშინ უნდა ჩაერთოს შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც იმ ადამიანებს დაკითხავს. საპატრიარქო გმობს ამ ფაქტს, თუ მოხდა ფიზიკურად შეხება და თქვენ ამბობთ, რომ მოხდა. ჩვენ ვიცით, რომ მეუფესთან კომუნიკაციის პრობლემა გაქვთ და მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია მასთან.

 

– დიახ, ჩვენი არა ერთი მცდელობის მიუხედავად, საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე გაეკეთებინა განმარტებები ვერც ერთხელ ვერ დავითანხმეთ. სწორედ ამის გამო, მისი უარის მიუხედავად, ვცდილობდით ერთ კითხვაზე მაინც მიგვეღო პასუხი, როგორ ფიქრობთ და რას უკავშირდება კომენტარებზე მისი უარი.

 


– მასთან კომუნიკაციის პრობლემაა... მას ხშირად წამოაძახებენ, რომ ხელისუფლებისადმი ლოიალურია და ამიტომაც არის განპირობებული ხელისუფლების წარმომადგენლების ხშირი სტუმრობა მასთან. ეს ფაქტები იცის მეუფემ, რომ ჟურნალისტებმაც იციან და ამიტომაც არის ხშირ შემთხვევაში, ასეთი ჟურნალისტების -  როგორც მეუფე ამბობს, ცდილობენ, რომ მას რაღაც კომპრომატი დაუდონ და რაღაც პრობლემები შეუქმნან - მიმართ მისი დამოკიდებულება ასეთი....

 

– ტაძრის ეზოში პრეზიდენტის ბანერების განთავსება, რამდენად ნებადართული და მისაღებია?

 

 ბანერებზე მეუფემ თვითონ თქვა, რომ მე არ მქონდა ნანახიო, ჩავედი მშენებლობის სანახავად და მერე აღმოვჩნდი ფაქტის წინაშეო. ტაძრის მიმდებარედ სამუშაოები მიმდინარეობს და ამ ბანერებით დაფარეს მიმდინარე მიწის სამუშაოებიო.... ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ, მსგავსი სახის ბანერების განთავსება ეკლესიის ეზოში მიუღებელია....

 

ჩვენ ვიცით, რომ ეს ხარვეზები გვაქვს და ვხედავთ, რომ ეპისკოპოსების ნაწილი არა მხოლოდ  სახელისუფლებოდ არიან განწყობილნი, ასევე არის მეორე შემთხვევა, როდესაც ოპოზიციური ძალის მიმართაც არიან კეთილად განწყობილნი და ამას აფიქსირებენ საინფორმაციო საშულებებით, რასაც სინოდი, რა თქმა უნდა, კრძალავს. სინოდი ამბობს, რომ საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს პოზიციების დაფიქსირება ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ. მე ვუთხარი, რომ ამ ბანერების იქ არსებობა იყო შეცდომა და არასწორი გადაწყვეტილება. ეს იყო საფუძველი ამ უსიამოვნო ინციდენტის. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ბანერი უკვე მოხსნილიც არის.

 

– ანუ თქვენ ამბობთ, რომ მეუფე, ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია? 


– დიახ, ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბის კურთხევის შემდეგ ქადაგებაზე, მან პირდაპირ დააფიქსირა, რომ ის სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერია და მას მოსწონს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები და ის, რაც ქვეყანაში ხდება... მე ვთხოვე, რომ აღნიშნულ ინციდენტზე თვითონაც გააკეთოს განცხადება, რომ ეპარქია ვალდებულია თავის მხრივ რაღაც განმარტება გააკეთოს, რომ საპატრიარქოსკენ არ მოხდეს ხელის გამოშვერა, არ იფიქროს ვინმემ, რომ ჩვენ მსგავსი ფაქტების წახალისებას ვახდენთ.....

 

– აქვს თუ არა მეუფეს უფლება ღიად გამოხატოს მხარდაჭერა და აღნიშნულზე ქადაგების დროს ისაუბროს?

 

მამა თევდორეს მიერ ფლიპკამერის სროლის კადრი

–ამის უფლება ნამდვილად არა აქვს, სასულიერო პირმა ქადაგება, საეკლესიო ტრიბუნა რომელიმე პოლიტიკური ძალის აგიტაციის მიზნით არ უნდა გამოიყენოს, მათ ღია მხარდაჭერაც ეკრძალებათ

 

– შეიძლება მეუფის ასეთი აგრესია და არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება TSpress. ge-ზე გამოქვეყნებულ მის აღნიშნულ ქადაგებას გამოეწვია?

 

– მე ვერ დავუკავშირებ, მაგრამ თქვენ ჟურნალისტები ხართ და შეგიძლიათ იფიქროთ, ასევე დადოთ მისი ქადაგება და ამისი მოტივაციაც გქონდეთ.

 

– რამდენად სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ მან "ქართული ოცნების" შტაბის კურთხევის გამო, მამა კონსტანტინეს რომ უსაყვედურა და აღნიშნა, რომ სასულიერო პირებს პარტიების კურთხევის უფლება არ აქვთო. 

 

– სასულიერო პირს ვინც არ უნდა მიმართოს, მას არა აქვს უფლება უარი უთხრას კურთხევაზე. ყველა პარტიას, ვინც გამოთქვამს სურვილს აქვს უფლება აკურთხოს ოფისი. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED