გიორგი ლორია - გუშინდელი მატჩის გმირი

2012.09.12 ავტორი: ლევან სეფისკვერაძე

ბელორუსის საფეხბურთო ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის მიმართ, ქართველ ქომაგებს გული მოუბრუნდათ. თუმცა, ძალიან ცოტა ადამიანი თუ წარმოიდგენდა, რომ ქართველი ფეხბურთელები მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს - ესპანეთის ნაკრებს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ.

გუშინდელი მატჩისწინა პროგნოზები ქართველებისათვის ერთობ პესიმისტური იყო და საფეხბურთო სპეციალისტთა უმეტესობა, საქართველოს ნაკრების დიდი ანგარიშით მარცხს ვარაუდობდა, თუმცა, მატჩი 1:0 დასრულდა ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ და გოლიც ბოლო წუთებში გავიდა. 

 

“დინამო არენა” ასე პირთამდე სავსე ყოფილ ეროვნულ სტადიონზე ბოლოს 1996 წელს, საქართველო-გერმანიის მატჩზე თუ იქნებოდა. მიუხედავად ესპანელი ფეხბურთელების აშკარა სათამაშო უპირატესობისა, ქომაგებში გულგატეხილობა მაინც არ შეინიშნებოდა.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ-ბოსკემ, შემტევი და კომბინაციური ფეხბურთი აირჩია. დავიდ სილვა და რობერტო სოლდადო პერიოდულად აწიოკებდნენ ქართველთა დაცვას და მომენტების განსამუხტად ქართველ მცველებს და გოლკიპერს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ.

 

თბილისის “დინამოს” გოლკიპერი გიორგი ლორია ეროვნულ გუნდში უდავოდ სუკეთესო იყო და მინიმუმ ოთხჯერ მაინც გადაარჩინა ნაკრების კარი. ფაქტია, რომ ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელებმა, მართალია დიდი წვალების ფასად, მაგრამ მაინც მოახერხეს...

 

შეხვედრის საბედისწერო 86 წუთზე, საქართველოს ნაკრების დაცვა და გიორგი ლორიას ნაცვლად მინდორზე შესული როინ კვასხვაძე რობერტო სოლდადოს წინააღმდეგ უძლურები აღმოჩნდნენ.  სოლდადომ ახლო მანძილიდან აუღელვებლად დალაშქრა “ჯვაროსნების” კარი და შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ესპანეთის ეროვნულ გუნდს პირველი გამარჯვება მოაპოვებინა.

 

თემურ ქეცბაიას მიერ არჩეულმა ტაქტიკამ, ესპანელებს ”ფრთების ფართოდ გაშლის” საშუალება მოუსპო. თუმცა, შეხვედრის გმირი მაინც მეკარე გიორგი ლორია იყო. სწორედ ამიტომაც იყო, რომ შეხვედრის მთელი მეორე ტაიმის მანძილზე, ქართველი ქომაგები ტრავმირებული გიორგი ლორიას გასამხნევებლად, გამუდმებულად მის სახელს ყვიროდნენ.  სოციალურ ქსელებში ლორიას მხარდასაჭერი გვერდებიც კი გაჩნდა.

 

ბევრ გულშემატკივარს  მიაჩნია, რომ, საკმაოდ მძიმე ტრავმის გამო, გიორგი ლორია 72 წუთზე შესაცვლელი რომ არ გამხდარიყო, შესაძლებელია, ევროპის მასშტაბით ხმაურიანი სენსაციაც გამოეცხო და პირინეელებთან ფრე გაეხერხებინა საქართველოს ნანკრებს. თუმცა, ფეხბურთი ხშირად სამწუხარო მოულოდნელობებითაა სავსე...

 

საფეხბურთო ექსპერტი, ჟურნალისტი სლავა გასპაროვი ფიქრობს, რომ საქართველო-ესპანეთის მატჩის შედეგი ლოგიკური იყო და თუ გამართლებაზეა ლაპარაკი, ესპანეთის ნაკრებს უფრო მეტად არ გაუმართლა, ვიდრე თემურ ქეცბაიას გუნდს.

 

სლავა გასპაროვი, საფეხბურთო მიმომხილველი, საინფორმაციო სააგენტო “მსოფლიო სპორტის” რედაქტორი: “თამაში 0:0–დან იწყება და შანსი ყველას ერთნაირი აქვს. ესაა ზოგადად სპორტის “მუღამი”. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ესპანეთის ნაკრებს ბევრად კვალიფიციური პროფესიონალები და ინდივიდუალისტები შეადგენენ, ვინაიდან მათ გუნდს გაცილებით გამოცდილი, მცოდნე და კვალიფიციური მწვრთნელი ხელმძღვანელობს და რადგან მთლიანობაშიც ესპანეთის ნაკრების წევრები ერთმანეთს კარგად იცნობენ და შეთამაშების პრობლემა თუ ურთიერთგაგება არ უჭირთ, ჩვენი შანსი 0–ზე ოდნავ მაღალი იყო. ეს ზოგადი მიზეზებია. კონკრეტულად ამ შემთხვევაში კი, წყვილის აუტსაიდერს (საქართველოს ნაკრებს) გოლის გატანის შანსი ჰქონდა და არ გაუმართლა. თუმცა, ფავორიტს გაცილებით მეტ შემთხვევაში არ გაუმართლა და შედეგიც აბსოლუტურად ლოგიკურია.”

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას ოქტომბერში, ჰელსინკში, ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED